Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრება

 

რა არის ინტელექტუალური საკუთრება?

რა არის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების არსი?

რატომ სჭირდება ინტელექტუალურ საკუთრებას ხელშეწყობა და დაცვა?

რა შეიძლება ითქვას ინტელექტუალური საკუთრების  დაცვით  მიღებული სარგებელის შესახებ?



რა არის ინტელექტუალური საკუთრება?

    

ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი ინტელექტუალურ საქმიანობის შედეგად წარმოიშობა.   ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომლებშიც განსახიერებულია შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი (მაგალითად, მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია გამოგონების საფუძველზე, ან წიგნი, რომელშიც დაბეჭდილია ლიტერატურული ნაწარმოები), და ვრცელდება  მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონების ქმნილებებზე, როგორც ასეთზერამდენადაც თავისი არსით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები წარმოადგენენ ინფორმაციას (რომელიც გამოხატულია იდეის ან ფორმის სახით, შეუძლებელია მათ გამოყენებაზე უშუალო კონტროლის დაწესება და განხორციელება საკუთრების მატერიალური ფორმებისათვის მისაღები სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. ამიტომ, მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში (პირველი აქტები XV საუკუნეში ვენეციაში მიიღეს), საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში.


უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართალი და ეროვნული კანონმდებლობების უმრავლესობა არ იძლევა "ინტელექტუალური
საკუთრების" რაიმე ფორმალიზებულ დეფინიციას.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის თანახმად, რომელიც მიიღეს სტოკჰოლმში 1967 წლის 17 ივლისს (მუხლი 2[VIII]), "ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება:

(1) ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს;

(2) მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო     მაუწყებლობის პროგრამებს;

(3) გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში;

(4) მეცნიერულ აღმოჩენებს;

(5) სამრეწველო ნიმუშებს;

(6) სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს;

(7) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში”.

ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვის თვალსაზრისით,  ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან ტრადიციულად გამოყოფენ ორ სფეროს. კერძოდ, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებებისა და საავტორო  უფლებების დაცვას.

·     სამრეწველო საკუთრების ობიექტებია: გამოგონებები, სამრეწველო ნიმუშები, ინტეგრალური მიკროსქემები, სასაქონლო ნიშნები და გეოგრაფიული აღნიშვნები. გარდა ამისა, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების დაცვის ერთ-ერთ სახეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაც წარმოადგენს.

·    საავტორო უფლება მოიცავს სამეცნიერო ნაშრომებს, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს, როგორიცაა, რომანები, ლექსები, პიესები, ფილმები, მუსიკა, ნახატები, ფერწერული ტილოები, ფოტოსურათები, ქანდაკებები, არქიტექტურული პროექტები და სხვ. საავტორო უფლებით დაცვას ექვემდებარება, აგრეთვე, გონებრივი შრომის პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამები და ელექტრონულ მონაცემთა ბაზები.

საავტორო უფლებასთან დაკავშირებული უფლებებია ის უფლებები, რომლებიც გააჩნიათ შემსრულებლებს საკუთარ შესრულებებზე,  ფონოგრამების დამამზადებლებსა და სამაუწყებლო კომპანიებს - მათ რადიო და ტელეგადაცემების პროგრამებზე.

მეცნიერული აღმოჩენები ინტელექტუალური საკუთრების ამ ორი სფეროდან არც ერთს არ მიეკუთვნება. არსებობს აზრი, რომ მეცნიერული აღმოჩენები საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს ინტელექტუალური საკუთრების ფორმათა შორის, ვინაიდან არც ერთი ეროვნული კანონი ან საერთაშორისო ხელშეკრულება არ ანიჭებს მეცნიერულ აღმოჩენებზე საკუთრების უფლებას, თუმცა, რა თქმა უნდა, საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც, ისმო-ს განმარტებით, არის ბუნების იმ მოვლენების, თვისებების ან კანონების შეცნობა და აღიარება, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი, წარმოადგენს მეცნიერული ცოდნის ფუნდამენტს, რომლის საფუძველზეც ხდება მეცნიერების შემდგომი განვითარება და პიონერული გამოგონებების შექმნა.

 

 

რა არის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების არსი?

 

საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები შემოქმედს ან პატენტის, სასაქონლო ნიშნის თუ საავტორო უფლების  მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან. ამ უფლებათა ძირითადი პრინციპები მოცემულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის  27-ე მუხლში, რომელშიც განსაზღვრულია ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომის, ლიტერატურული ან ხელოვნების ნაწარმოების ავტორობიდან გამომდინარე არაქონებრივი და ქონებრივი ინტერესების დაცვით სარგებლის მიღების უფლება.


რატომ სჭირდება ინტელექტუალურ საკუთრებას ხელშეწყობა და დაცვა?

არსებობს რამდენიმე უტყუარი არგუმენტი:

·  კაცობრიობის პროგრესი და კეთილდღეობა სისხლხორცეულადაა დაკავშირებული მრეწველობაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასა და კულტურის სფეროში განხორციელებულ შემოქმედებით სიახლეებთან;

·   გონებრივ შრომით პროდუქციაზე უფლებების დაცვის სამართლებრივი სისტემის შექმნა ხელს უწყობს დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს;

·   ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს.

 

 რა შეიძლება ითქვას ინტელექტუალური საკუთრების  დაცვით  მიღებული სარგებელის შესახებ? 

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თანამედროვე წამლების თითქმის ორი მესამედი არ შეიქმნებოდა საპატენტო დაცვის გარანტიის გარეშე, რამაც შესაძლებელი გახადა შემოსავლის მიღება კვლევების  დასაფინანსებლად; მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების ფილმები, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, მრავალფეროვანი პუბლიკაციები, კომპიუტერული პროგრამები და სხვ., რაც სიამოვნებას ანიჭებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, არ იარსებებდა მათი საავტორო უფლებით დაცვის გარეშე; მომხმარებელს არ ექნებოდა საშუალება გაბედულად ეყიდა ნაწარმი ან მიეღო მისთვის სასურველი მომსახურება სასაქონლო ნიშანზე უფლებების საიმედო დაცვისა და ამ უფლებათა განხორციელების უზრუნველყოფის გარეშე, რაც კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნის საფუძველია.

 

 

 

 

 


tag: