Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სასაქონლო ნიშანი

რა არის სასაქონლო ნიშანი?

რა დანიშნულება აქვს სასაქონლო ნიშანს?

არსებობს თუ არა ნიშნების სხვა კატეგორიაც?

რის საფუძველზე ხორციელდება სასაქოლო ნიშნების დაცვა?

რა სახისა შეიძლება იყოს სასაქონლო ნიშანი?

რა უპირატესობა აქვს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს?

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციისათვის?

როგორი ნიშნები მიიჩნევა არასაკმარისი განმასხვავებლობის მქონე ნიშებად?

როგორი ნიშნები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს?

როგორია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის კრიტერიუმები?

რა არის პრიორიტეტი?

რა უფლება-მოვალეობანი გააჩნია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს?

რა ითვლება სასაქონლო ნიშნის გამოყენებად?

რა იგულისხმება უწყვეტ და სათანადო გამოყენებაში?

როგორია განსაკუთრებული უფლებების ფარგლები?

როგორ ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში?

რა არის განაცხადი?

როგორ ფორმდება განაცხადი?

რა საბუთები უნდა ახლდეს განაცხადს?

რა უფლებები აქვს განმცხადებელს?

რა ქმედებები ხორციელდება განაცხადზე?

როდის ხდება ნიშნის რეგისტრაცია?

რა ვადით ხდება ნიშნის რეგისტრაცია?

როგორ უნდა დაარეგისტრიროს საქართველოს მოქალაქემ თავისი ნიშანი საზღვარგარეთ?

რა აწესრიგებს სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში?

რა არის სასაქონლო ნიშანი?

სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი არის სიმბოლო, რომელიც გამოიყენება მეწარმე ან კომერსანტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარმოებული საქონლის ან შემოთავაზებული მომსახურების საიდენტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის საქონლისა თუ მომსახურებისაგან.

რა დანიშნულება აქვს სასაქონლო ნიშანს?  

მეწარმის ან კომერსანტის სხვებისაგან განმასხვავებელი და მომხმარებლისათვის პრაქტიკული გამოცდილებით უკვე კარგად ცნობილი სასაქონლო ნიშანი, ერთი და იმავე დანიშნულების მქონე საქონლის ან მომსახურების ფართო არჩევანის პირობებში, საუკეთესო გზამკვლევია, რათა მომხმარებლმა ადვილად შეარჩიოს მისთვის სასურველი თვისებებისა და ხარისხის პროდუქცია. ცხადია, ამისათვის აუცილებელია, არსებობდეს ჯანსაღი კონკურენტული გარემო, როდესაც არაკეთილსინდისიერი კონკურენტები ვერ გამოიყენებენ სხვისი სასაქონლო ნიშნების იდენტურ ან მსგავს ნიშნებს და ვერ მოახდენენ მაღალი ხარისხისა და რეპუტაციის მქონე პროდუქციის ფალსიფიკაციას; ეს კი მოითხოვს სასაქონლო ნიშნების დაცვის მაღალეფექტურ სისტემას. თავის მხრივ, სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველყოფა ხელს უწყობს მფლობელის აღიარებას და მისი შრომის დაფასებას სათანადო ფინანსური ანაზღაურებით. შედეგად იზრდება მეწარმეთა ინიციატივა, რაც, თავის მხრივ, პატიოსანი თანამშრომლობის ვითარებაში ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში.

არსებობს თუ არა ნიშნების სხვა კატეგორიაც?

 

გარდა სასაქონლო ნიშნებისა, რომლებიც საქონლის ან მომსახურების კომერციული წყაროს იდენტიფიკაციას ახდენს, საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს ე.წ. კოლექტიურ ნიშნებს. კოლექტიური ნიშნის მფლობელია არა რომელიმე მეწარმე, არამედ მეწარმეთა გაერთიანება (ასოციაცია), რომლის წევრებიც იყენებენ მას, რათა მომხმარებელმა მათი პროდუქცია გააიგივოს გაერთიანების მიერ დადგენილი ხარისხის დონისა და სხვა მახასიათებლების, მათ შორის, გარკვეული გეოგრაფიული წარმოშობის მქონე პროდუქციასთან. საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია, აგრეთვე სასერტიფიკაციო ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ხარისხის ნიშანი, რომელიც გაიცემა განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არ იზღუდება რაიმე გაერთიანების წევრობის პირობით. იგი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ პირს, რომელიც შეძლებს დაამტკიცოს, რომ წარმოდგენილი ნაწარმი შეესაბამება გარკვეულ დადგენილ სტანდარტებს. ასეთი ფართოდ აღიარებული ხარისხის ნიშნის მაგალითს წარმოადგენს საერთაშორისო "ISO 900” ხარისხის სტანდარტები.


რის საფუძველზე ხორციელდება სასაქოლო ნიშნების დაცვა?

 

სასაქონლო ნიშნების დაცვა ხორციელდება ნიშნის მფლობელის მიერ ე.წ. განსაკუთრებული უფლების მოპოვების საფუძველზე.

განსაკუთრებული უფლება გულისხმობს, ერთი მხრივ, მფლობელის მიერ მისი საქონლისა და მომსახურების იდენტიფიკაციის მიზნით სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებას და, მეორე მხრივ, სხვა პირების მიერ აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მხოლოდ მფლობელის ნებართვით გამოყენების შესაძლებლობას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

საზოგადოდ, განსაკუთრებული უფლების მოპოვება შესაძლებელია:

  • გამოყენებით, როდესაც სასაქონლო ნიშნის დამკვიდრება და უფლებების მოპოვება ხორციელდება, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე, მისი პირდაპირი გამოყენების გზით;
  • რეგისტრაციით, როდესაც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილ ორგანოში შეტანილი განაცხადის ექსპერტიზის საფუძველზე, გამოიტანება დადებითი გადაწყვეტილება რეგისტრაციის (განსაკუთრებული უფლების მინიჭების) თაობაზე.


საქართველოში განსაკუთრებული უფლების მოპოვება ხდება სასაქონლო ნიშნის უშუალოდ საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე. გამონაკლისს მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები წარმოადგენს, რომლებიც რეგისტრაციის გარეშეა დაცული.  


რა სახისა შეიძლება იყოს სასაქონლო ნიშანი?

 

სასაქონლო ნიშნის დანიშნულებიდან გამომდინარე, არსებითად ნებისმიერი სიმბოლო, რომლიც გამოდგება ერთი საქონლის მეორისგან განსასხვავებლად, შეიძლება იყოს სასაქონლო ნიშანი. ამიტომ, შეუძლებელია სასაქონლო ნიშნად ვარგის სიმბოლოთა ამომწურავი ნუსხის დადგენა. სასაქონლო ნიშანთა ნაირსახეობის შეზღუდვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარკვეული პრაქტიკული მოსაზრებებით. საქართველოში სასაქონლო ნიშნებად დასაშვებ სიმბოლოთა სიმრავლე შეზღუდულია და შეიცავს მხოლოდ იმ სიმბოლოებს, რომელთა გამოსახვაც გრაფიკულად არის შესაძლებელი. ასეთი შეზღუდვა კი წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების მოპოვების საფუძვლად საქართველოს მიერ რეგისტრაციის აღიარების შედეგს, ვინაიდან რეესტრის წარმოებისა და რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთა გამოქვეყნებისათვის შესაძლებელი უნდა იყოს სასაქონლო ნიშნის რეპროდუცირება.

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სიმბოლო, რომლის გამოსახვაც შესაძლებელია გრაფიკულად, მაგალითად, სიტყვა (მათ შორის ადამიანის სახელი), სიტყვები, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, ეტიკეტი, ლოგო, ფრაზა, დევიზი, სამგანზომილებიანი ფიგურები, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა. ნიშანი შეიძლება იყოს შესრულებული როგორც შავ-თეთრ ფერებში, ისე სხვა ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.  

 

რა უპირატესობა აქვს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს?

 

სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია, უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასაქონლო ნიშნის დამკვიდრებისა და მასზე უფლებების მოპოვების ერთ-ერთი გზა სწორედ მისი ინტენსიური და ხანგრძლივი გმოყენებაა. მაგრამ, მხოლოდ რეგისტრაცია იძლევა სასაქონლო ნიშნების სრულყოფილი დაცვის სათანადო გარანტიას. იგი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის განკარგვისა და მასზე განსაკუთრებული უფლებების შეუფერხებელი აღსრულების მყარ საფუძველს. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ როგორც წესი, საყოველთაოდ ცნობილი ნიშნების მფლობელები არ იფარგლებიან ასეთი ნიშნების რეგისტრაციის გარეშე დაცვის გარანტიით და მაინც არეგისტრირებენ მათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ყველა ნიშანი რეგისტრირებულია.


რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციისათვის?

 

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის აუცილებელია (მაგრამ არასაკმარისი), რომ იგი იყოს დაცვითუნარიანი, ანუ მას უნდა გააჩნდეს საკმარისი განმასხვავებლობა და არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.

როგორი ნიშნები მიიჩნევა არასაკმარისი განმასხვავებლობის მქონე ნიშებად?

 

არასაკმარისი განმასხვავებლობის მქონე ნიშნებად საქართველოს კანონმდებლობით მიჩნეულია:

  • აღწერილობითი ნიშნები, რომელიც აღწერს იმ საქონელს ან მომსახურებას, რომლისთვისაც რეგისტრირდება; მაგალითად, ნიშნები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ხარისხის, რაოდენობის, ღირებულების, დანიშნულების აღმნიშვნელ სიტყვებს ან მიუთითებენ მხოლოდ საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე;
  • გვარეობითი ცნება და საქონლის ან მომსახურებისათვის საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო;
  • არასტილიზებული (სტანდარტული) ერთი ასო ან ციფრი ან ცალკე აღებული ერთი ფერი;
  • მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმა განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით ან აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.


    როგორი ნიშნები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს?

 

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებელია და არ მიიჩნევა დაცვისუნარიანად ნიშნები, რომლებიც:

  • შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;
  • შესაძლოა მცდარ წარმოდგენას უქმნიდეს მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;
    წარმოადგენს სახელმწიფოს, საჯარო დაწესებულებების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოსაყენებლად გათვალისწინებულ აღნიშვნებს. ასეთი ნიშნები შეიძლება შევიდეს სასაქონლო ნიშანში მხოლოდ დაუცველი ნაწილის სახით, თუ იარსებებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ნებართვა.

როგორია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის კრიტერიუმები?

 

სასაქოლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გამოიტანის კრიტერიუმებია:

აბსოლუტური, როდესაც ნიშანი არ აკმაყოფილებს დაცვითუნარიანობის აუცილებელ მოთხოვნებს; ან

შედარებითი, როდესაც ნიშანი დაცვითუნარიანია, მაგრამ:

  • არსებობს სხვა მფლობელის უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რომელიც იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის არის დაცული; ამასთან, კარგი რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში საქონლის ჩამონათვალი შეიძლება განსხვავებულიც იყოს;
  • არსებობს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე იდენტური სამრეწველო ნიმუში;
  • არსებობს რეგისტრაციაზე განა ცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი იდენტური ან მსგავსი ნიშანი;
  • არსებობს საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;
  • შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს, საქართველოს ისტორიული ძეგლების დასახელებას ან გამოსახულებას და არ არსებობს კანონით დადგენილი შესაბამისი თანხმობა მათ გამოყენებაზე.


რა არის პრიორიტეტი?

 

პრიორიტეტი არის უპირატესობა, რომელიც ენიჭება კანონით დადგენილი ყველა აუცილებელი მონაცემის შემცველ (სწორად გაფორმებულ) განაცხადს საქპატენტში მისი შეტანის თარიღიდან (პრიორიტეტის თარიღიდან) განაცხადების მიმართ, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ იქნა შეტანილი.

პრიორიტეტის თარიღად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, აგრეთვე, თარიღი, რომელიც წარმოადგენს:

  • პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა (პარიზის კონვენციის მე-4 მუხლი);
  • თარიღს, როდესაც პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაზე მოხდა მოცემული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული ექსპონატის წარდგენა, თუ ამ თარიღიდან საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა (პარიზის კონვენციის მე-11 მუხლი).


თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს აღმოაჩნდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო.

რა უფლება-მოვალეობანი გააჩნია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს?

 

ნიშნის მფლობელს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი, კანონით დადგენილი ზომები მისი განსაკუთრებული უფლებების დარღვევის აღსაკვეთად. მას აქვს უფლება, რომ ეს განსაკუთრებული უფლება გადასცეს სხვას მთლიანად ან ნაწილობრივ, თავად გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი ან გასცეს ლიცენზია სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე.

რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი ვალდებულია სასაქონლო ნიშანი გამოიყენოს უწყვეტად და სათანადოდ.

.

 

რა ითვლება სასაქონლო ნიშნის გამოყენებად?

 

სასაქონლო ნიშანი უნდა გამოიყენებოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის არის რეგისტრირებული, და იმ საქონელთან ან მომსახურებასთან კავშირში, რომლისთვისაც მოხდა მისი რეგისტრაცია.

ნიშნის გამოყენება უნდა მოხდეს საჯაროდ.

სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება მისი გამოყენება საქონელზე ან მის შეფუთვაზე, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებზე ან რეკლამაში. მარტოოდენ რეკლამაში გამოყენება საკმარისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა გამიზნულია მომავალი გაყიდვისათვის და დაწყებულია ბაზარზე საქონლის რეალიზაციის პროცესი.

მფლობელის თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მესამე პირის მიერ ითვლება გამოყენებად.

გამოყენებად მიიჩნევა, აგრეთვე, რეგისტრირებული ნიშნისაგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.



რა იგულისხმება უწყვეტ და სათანადო გამოყენებაში?


სასაქონლო ნიშნები, რომელთა გამოყენება არ ხდება, ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნიან ახალი ნიშნების რეგისტრაციას. ამავე დროს, სასაქონლო ნიშნების მფლობელებს ხშირად ესაჭიროებათ გარკვეული პერიოდი რეგისტრაციის შემდეგ, სანამ დაიწყებენ ნიშნის რეალურ გამოყენებას. კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის უწყვეტად გამოუყენებლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს კანონიერი ინტერესის მქონე პირის მოთხოვნით, რაც სრულიად გამართლებულია რეესტრის "ბალასტისაგან” განთავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს კანონმდებლობა ნიშნის უწყვეტად გამოყენების ვადად ხუთწლიან პერიოდს ადგენს.

რეგისტრირებული სასქონლო ნიშნის მფლობელი, ვალდებულია უზრუნველყოს ნიშნის სათანადო გამოყენება და გაუწიოს კონტროლი, რომ არასათანადო გამოყენების შედეგად სასაქონლო ნიშანი არ გადაიქცეს გვარეობით ცნებად, რაც, ასევე, შეიძლება გახდეს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.


როგორია განსაკუთრებული უფლებების ფარგლები?

 

  • სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება მოქმედებს 10 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ყოველი მომდევნო 10 წლით, ჯერადობის შეუზღუდავად, თუ გადახდილი იქნება ვადის გაგრძელებისათვის დაწესებული საფასური;
  • განსაკუთრებული უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც მოხდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
  • განსაკუთრებული უფლების მოქ მედება შეიძლება გასცდეს ერთი ქვეყნის ტერიტორიას, თუ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საერთაშორისო რეესტრში ან იმის გამო, რომ სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი გახდა რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე;
  • განსაკუთრებული უფლებების მოქმედების სფერო შემოიფარგლება იმ საქონლით, რომლისთვისაც ნიშანი არის რეგისტრირებული, გარდა საყოველთაოდ ცნობილი ნიშნებისა, რომელთათვისაც ასეთი უფლება ვრცელდება ნებისმიერ საქონელზე;
  • განსაკუთრებული უფლება ვერ განხორციელდება, თუ სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებულია საკუთარი სახელი და მას იყენებს ამავე სახელის მქონე პირი, ან სიმბოლო თუ სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დამზადების დროის აღსანიშნავად;
  • განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილ იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე (ე.წ. უფლებების ამოწურვა).

 

 

როგორ ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში?

 

 

ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც სურს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, უნდა შეიტანოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე საქპატენტში უშუალოდ თვითონ ან წარმომადგენლის მეშვეობით. უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ან მოქმედი საწარმო საქართველოში, საქპატენტთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოში რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის მეშვეობით.


რა არის განაცხადი?

 

 განაცხადი არის ნიშნის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემებისა და საბუთების ერთობლიობა განმცხადებლის, სარეგისტრაციო სიმბოლოსა და იმ საქონლის ან/და მომსახურების შესახებ, რომლის მოსანიშნადაც არის განკუთვნილი ეს სიმბოლო. ამასთან, განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ სასაქონლო ნიშანს.


როგორ ფორმდება განაცხადი?

 

 

განაცხადის გასაფორმებლად აუცილებელია შეივსოს დადგენილი ფორმის ბლანკი. ბლანკის გრაფები ივსება ინსტრუქციით დადგენილი წესით. განაცხადი უნდა დაიბეჭდოს ქართულად.


რა საბუთები უნდა ახლდეს განაცხადს?

 

  

საქპატენტში განაცხადს უნდა ახლდეს ან ინსტრუქციით დადგენილ ვადაში უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

  • მინდობილობა, გაცემული განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) სახელზე - თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;
  • პირველი განაცხადის ასლი, დამოწმებული ამ განაცხადის მიმღები უწყების მიერ, თუ მოითხოვება კონვენციური პრიორიტეტი;
  • ოფიციალური გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა სარეგისტრაციოდ შემოტანილი სიმბოლოთი მონიშნული ექსპონატის გამოფენაზე ჩვენების თარიღის მითითებით - თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი;
  • ისმო-ს საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე, - თუ მოითხოვება პრიორიტეტი გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე;
  • კოლექტიური ნიშნის დებულება, - თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე.
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი შეიძლება წარმოდგენილ იყოს უცხო ენაზე იმ პირობით, რომ წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში საქპატენტს მიეწოდება მისი ქართული თარგმანი.


რა უფლებები აქვს განმცხადებელს?

 

 

განმცხადებელს უფლება აქვს წერილობითი განცხადების საფუძველზე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან/და დააზუსტოს განაცხადის მასალა. ამასთან, დასაშვებია სარეგისტრაციო სიმბოლოს მხოლოდ არაარსებითი ცვლილება, ხოლო საქონლის ჩამონათვალისა - მხოლოდ შეზღუდვა. განაცხადის განსახილველად მიღების (პრიორიტეტის თარიღის დადგენის) შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხო ლოდ დადგენილი საფა სურის გადახდის შემდეგ.

 

რა ქმედებები ხორციელდება განაცხადზე?

 

  

ნიშნის სარეგისტრაციოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადს უტარდება ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან ორი თვის ვადაში. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს მოწმდება განაცხადისა და თანმხლები საბუთებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

არსობრივი ექსპერტიზა ტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან ექვს თვეში. არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე მოწმდება, არსებობს თუ არა წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური ან/და შედარებითი საფუძვლები. თუ  ასეთი საფუძვლები არ არსებობს, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციის შესახებ. წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში განაცხადის მასალები ქვეყნდება საქპატენტის სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს ექსპერტიზის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქპატენტის სააპელაციო პალატაში იმ საფუძვლით, რომ ნიშანი არ აკმაყოფილებს "სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები) და მე-5 (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები) მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური ან/და შედარებითი საფუძვლების არსებობის შემ თხვევაში, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში განაცხადის მასალები არ ქვეყნდება.

რეგისტრაციაზე გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განმცხადებლის მიერ საქპატენტის სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში.

როგორც საქპატენტის ექსპერტიზის, ისე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებების გასაჩივრება, კანონით განსაზღვრული წესით, შესაძლებელია სასამართლოში.


როდის ხდება ნიშნის რეგისტრაცია?

 

თუ ნიშნის რეგისტრაციაზე გამოტანილ დადებით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო პალატაში არ შემოვა საჩივარი, განმცხადებლის მიერ რეგისტრაციის საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში ნიშანი რეგისტრირდება სასაქონლო ნიშნების რეესტრში და განმცხადებელი ამ ნიშნის მფლობელი ხდება. რეესტრში შეტანისას ნიშანს ენიჭება რეგისტრაციის ნომერი და ფიქსირდება რეგისტრაციის თარიღი. გარდა ამისა, რეესტრში შეიტანება ნიშნის მფლობელის ვინაობა და მისამართი, პრიორიტეტის მონაცემები, ნიშნის გამოსახულება, საქონლისა და/ან მომსახურების ჩამონათვალი, წარმომადგენლის ვინაობა და ა.შ.


რა ვადით ხდება ნიშნის რეგისტრაცია?

 

  

ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება რეესტრში მისი რეგისტრაციის თარიღიდან. ნიშნის მფლობელს შეუძლია ნიშნის რეგისტრაციის ვადა გააგრძელოს ყოველი მომდევნო 10 წლით ჯერადობის შეუზღუდავად საქპატენტში განცხადების წარდგენის საფუძველზე დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა უნდა მოხდეს რეგისტრაციის მოქმედების ვადის ბოლო წლის განმავლობაში.

 

როგორ უნდა დაარეგისტრიროს საქართველოს მოქალაქემ ნიშანი საზღვარგარეთ?

 

  

ამისათვის არსებობს ორი გზა:

  • მან უნდა შეიტანოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უშუალოდ სათანადო ქვეყნის შესაბამის უწყებაში. ამ შემთხვევაში ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში არ არის აუცილებელი;
  • გაავრცელოს საქართველოში რეგისტრირებული ნიშნის მოქმედება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმების ოქმით ამ ოქმის წევრ ქვეყნებზე. ამასთან, ასეთი გავრცელება მას შეუძლია გააკეთოს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამისათვის განმცხადებელმა ან მფლობელმა უნდა მიმართოს საქპატენტს განცხადებით, რომელშიც უნდა მიუთითოს ყველა ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც სურს მას ნიშნის გავრცელება საერთაშორისო რეგისტრაციით და უნდა გადაიხადოს სათანადო საფასური. დადგენილი ფორმით ინგლისურ ენაზე შევსებული და საქპატენტის მიერ დამოწმებული განაცხადი იგზავნება საერთაშორისო ბიუროში. პარალელურად, განმცხადებელი ვალდებულია, სათანადო თანხა გადარიცხოს საერთაშორისო ბიუროს ანგარიშზე.

 

რა სამართლებრივი აქტები აწესრიგებს სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში?

 

სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი "სასაქონლო ნიშნების შესახებ” (#1795 IIს; 1999 წლის 5 თებერვალი); საქართველოს კანონი "სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (# 2380; 2005 წლის 20 დეკემბერი) და "ინსტრუქცია სასაქონლო ნიშნებზე განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ” (საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება #63, 23.08.1999წ.).

გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს: "სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია” (საქართველო წევრია 1991 წლიდან); "ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმი” (საქართველო წევრია 1998 წლიდან); "ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” (TRIPS) შეთანხმება (საქართველო წევრია 2000 წლიდან).

რაც შეეხება სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ ურთიერ თობებს, მათი რეგულირება ხორციელდება შემდეგი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე:

  • "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი” (მუხლი 196);
  • "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” (მუხლი 158);
  • საქართველოს კანონი "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ”.


tag: