Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
გეოგრაფიული აღნიშვნა

რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა?

რა დანიშნულება აქვს გეოგრაფიულ აღნიშვნას?

რა სახის საქონელზე გამოიყენება გეოგრაფიული აღნიშვნა?

რა არის ადგილწარმოშობის დასახელება?

წარმოშობასთან დაკავშირებით კიდევ რა ტერმინი გამოიყენება?

რა განსხვავებაა გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის?

როგორი სიმბოლოს ან სახელის რეგისტრაციაა დაუშვებელი გეოგრაფიულ აღნიშვნად?

როგორ შეიძლება იქცეს გეოგრაფიული აღნიშვნა "გვარეობით ცნებად"?

როგორია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიულ აღნიშვნის დაცვის ფარგლები?

როგორ ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია საქპატენტში?

რა საბუთები უნდა ახლდეს განაცხადს?

კანონმდებლობით რომელი ორგანო არის ამჟამად უფლებამოსილი შეამოწმოს და დაადასტუროს განაცხადში წარსადგენი მონაცემები?

რა ქმედებები ხორციელდება განაცხადზე?

როდის ხდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია?

რა მონაცემები შეიტანება რეესტრში?

როგორია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ვადა?

ვის აქვს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება და როგორ ხდება მისი მოპოვება?

როგორ ხდება უცხო ქვეყნის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საქართველოში?

როგორ უნდა მოხდეს ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ?

როგორ არის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები საერთაშორისო დონეზე?

რის საფუძველზე ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ეროვნულ დონეზე?

როგორ ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული დაცვა საქართველოში?

 

 

რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა?

 

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი მიმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.

წარმოშობის ადგილი შეიძლება იყოს ქვეყნის ადგილი -  სოფელი, ქალაქი, რეგიონი და თავად ქვეყანაც.

 

რა დანიშნულება აქვს გეოგრაფიულ აღნიშვნას?

 

გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულება უშუალოდ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს. გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებს ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს, ამიტომ გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.

ბუნებრივია, სწორად ინფორმირებული  მომხმარებელი ადვილად შეარჩევს მისთვის სასურველი თვისებებისა და ხარისხის მქონე საქონელს. მაგრამ ამისათვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობა.

როგორც წესი, გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ პროდუქტს კარგი რეპუტაცია აქვს და გამორჩეული ხარისხითა და თვისებებითაც ხასიათდება. არასათანადო დაცვის პირობებში ასეთი ცნობილი სახელები არაკეთილსინდისიერი კონკურენტი მეწარმეების სამიზნედ იქცევა. გამყალბებელს შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და უქმნის მას ილუზიას, რომ იგი იძენს  განსაკუთრებული ხარისხისა და თვისებების პროდუქტს, თუმცა სინამდვილეში უვარგის და მიმსგავსებულ ნაწარმთან აქვს საქმე. ხოლო მწარმოებლები დიდ ზარალს ნახულობენ მათი პროდუქციის რეპუტაციის შელახვის ნიადაგზე მომგებიანი ბიზნესის დაკარგვის გამო.

შედეგად, გეოგრაფიული აღნიშვნების ყალბი გამოყენება ზარალის მომტანია როგორც მომხმარებლის, ისე კანონიერი მწარმოებლისათვის. ამასთან, საბოლოო ჯამში ყოველივე ეს  უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან, როგორც წესი,  გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქცია ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციას განეკუთვნება. ე.ი. აუცილებელია გეოგრაფიული აღნიშვნების  დაცვის ეფექტური სისტემის არსებობა. 

 

 

რა სახის საქონელზე გამოიყენება გეოგრაფიული აღნიშვნა?


გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის საქონლისათვის, თუმცა სადღეისოდ ისინი ყველაზე ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და, უპირველეს ყოვლისა, ღვინის წარმოებაში. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ჩვეულებრივ, გააჩნია მახასიათებლები, რომელთა ფორმირება ხდება განსაზღვრული ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს ზეგავლენით, როგორიცაა კლიმატი და ნიადაგი (ბუნებრივი ფაქტორი). ამასთან, არც წარმოების ადგილობრივი ჩვევები და ტრადიციებია გამორიცხული (ადამიანის ფაქტორი). მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ "როკფორი" ფრანგული ყველისათვის, "ტოსკანი" ზეითუნის ზეთისათვის, "ხვანჭკარა” ქართული ღვინისათვის და სხვ. გამორიცხული არც ისაა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებდეს პროდუქტის განსაზღვრულ თვისებაზე, რომლის ფორმირებაც არ არის დამოკიდებული ადგილობრივ ბუნებრივ პირობებზე და განპირობებულია წარმოშობის ადგილისათვის დამახასიათებელი მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით. ასეთი პროდუქტი კი შეიძლება იყოს სამეწარმეო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში შექმნილი განსაზღვრული თვისებების მქონე პროდუქტი, რომლის დამზადებაც მისი წარმოშობის ადგილზე დამკვიდრებულ განსაკუთრებულ ჩვევებსა და ტრადიციებს ემყარება. მაგალითად, შვეიცარიული მაჯის საათები სწორედ შვეიცარიაში დამკვიდრებული განსაკუთრებული ჩვევებისა და ტრადიციების ნაყოფს წარმოადგენს.

 

რა არის ადგილწარმოშობის დასახელება?

 

ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული აღნიშვნის განსაკუთრებული სახეობა. გეოგრაფიულისაგან განსხვავებით, ადგილწარმოშობის დასახელება შეიძლება იყოს მხოლოდ გეოგრაფიული ადგილის სახელი და იგი შეიძლება გამოიყენებოდეს ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და თვისებები  მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ამასთან, პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული მთლიანი ციკლი უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

ამდენად გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას.  ადგილწარმოშობის ნებისმიერი დასახელება გეოგრაფილი აღნიშვნაცაა, მაგრამ არა – პირიქით. გეოგრაფიული აღნიშვნების ზემოთ მოყვანილი დასახელებებიდან, მაგალითად "როკფორი",  "ტოსკანი" და  "ხვანჭკარა”, რომლებიც შესაბამისი ქვეყნების მკაცრად განსაზღვრულ რეგიონებში იწარმოება, ადგილწარმოშობის დასახელებაცაა მაშინ, როდესაც "შვეიცარიული საათი” მხოლოდ გეოგრაფიულ აღნიშვნას წარმოადგენს.

 

წარმოშობასთან დაკავშირებით კიდევ რა ტერმინი გამოიყენება?

 

ასეთი ტერმინია "წარმოშობის აღნიშვნა” ანუ "წარმოშობის გეოგრაფიული  აღნიშვნა”, რომელიც მიუთითებს მხოლოდ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმოშობაზე. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, გააჩნია, თუ არა პროდუქტს რაიმე გამორჩეული მახასიათებლები და პროდუქტის მახასიათებლები დაკავშირებულია თუ არა წარმოშობის ადგილთან. ამდენად,  "წარმოშობის გეოგრაფიული  აღნიშვნა” კიდევ უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც გეოგრაფიულ  აღნიშვნას, ისე  ადგილწარმოშობის დასახელებასაც.

 

 

რა განსხვავებაა გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის?

 

სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, რომელსაც იყენებს იურიდიული ან ფიზიკური პირი, რათა თავისი საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვისი საქონლის ან მომსახურებისაგან. გეოგრაფიული აღნიშვნა კი მომხმარებელს მიანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი წარმოებულია გარკვეულ ადგილზე და გააჩნია წარმოების ადგილით განპირობებული განსაზღვრული თვისებები.

სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, აკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება სხვების მიერ მაშინ, როდესაც გეოგრაფიული აღნიშვნა შეიძლება გამოიყენოს ყველა მეწარმემ, რომელიც თავის პროდუქციას გეოგრაფიული აღნიშვნით მითითებულ ადგილზე აწარმოებს და რომლის პროდუქციის მახასიათებლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

როგორი სიმბოლოს ან სახელის რეგისტრაციაა დაუშვებელი გეოგრაფიულ აღნიშვნად?

 

ადგილწარმოშობის დასახელებად ან  გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც:

·       არ აკმაყოფილებს კანონში მათი განსაზღვრებით დადგენილ მოთხოვნებს;

·        შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ;

·        შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას,  ტრადიციას, ზნეობრივ ნორმებს; 

·        ემთხვევა მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშის სახელს, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ.

·        იქცა საქონლის გვარეობით სახელად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი სწორად მიუთითებს იმ  გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც მოხდა საქონლის წარმოება ან მისი ნედლეულის დამზადება თუ დამუშავება.

 

როგორ შეიძლება იქცეს  გეოგრაფიული აღნიშვნა "გვარეობით ცნებად"?

 

იმის გამო, რომ გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნულ პროდუქტს სხვა ანალოგიური დანიშნულების პროდუქტებისაგან გამორჩეული, განსაზღვრული თვისებები და მახასიათებლები გააჩნია, ხშირად მომხმარებელი გეოგრაფიულ აღნიშვნას იყენებს  პროდუქტის სახეობის დასახელებად. ხანგრძლივი დროს განმავლობაში ასეთი არაადეკვატური გამოყენების შედეგად საზოგადოებრივ ცნობიერებაში გეოგრაფიული აღნიშვნა ყალიბდება, როგორც  გარკვეული თვისებების მქონე საქონლის გვარეობითი ცნება და არა როგორც ამ პროდუქტის წარმოშობის ადგილზე მითითება და ასეთი ტერმინი უკვე აღარ ასრულებს გეოგრაფიული აღნიშვნის ფუნქციას. მაგალითად, "დიჟონის მდოგვი", მდოგვის სახეობა, რომლის წარმოშობაც საფრანგეთის ქალაქ დიჟონთან არის დაკავშირებული, დროთა განმავლობაში გადაიქცა მდოგვის განსაზღვრული სახეობის აღმნიშვნელად წარმოშობის ადგილთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. ამიტომ, ასეთი საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, სათანადო ყურადღება დაეთმოს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება გეოგრაფიული აღნიშვნის არასწორი დანიშნულებით გამოყენების აღკვეთისაკენ. 

საყურადღებოა, რომ იგივე ბედი ეწვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფრანგულ ადგილწარმოშობის დასახელებებსაც: "Cognac” და "Champagne”, ვინაიდან საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შეუძლებელი იყო და პრაქტიკულად არც ტარდებოდა რაიმე ღონისძიებები ამ დასახელებათა არასწორი დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად.

საქართველოს საპატენტო უწყება მისი დაარსების დღიდანვე ცდილობდა აღეკვეთა ამ დასახელებათა გვარეობითი ცნებების სახით გამოყენება, ხოლო "ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებასთან” მიერთების შემდეგ ოფიციალურად აღიარა და დაიცვა ისინი, როგორც ადგილწარმოშობის დასახელებები.

 

დღეს ფრანგ მეწარმეთა გაერთიანებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ დასახელებათა დაცვით, იჩენენ დიდ ძალისხმევას და გაიღებენ მნიშვნელოვან ხარჯებს, რათა აღუდგინონ ამ დასახელებებს თავდაპირველი მნიშვნელობა.

 

როგორია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიულ აღნიშვნის დაცვის ფარგლები?

 

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე, აკრძალულია:

·      რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ საქონელთან კავშირში, რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქონელი რეგისტრირებული საქონლის მსგავსია; ან ამ რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას;

·      რეგისტრირებული  ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის  ისეთი გამოყენება,  რომელიც სიტყვა-სიტყვით ზუსტად მიუთითებს  საქონლის წარმოების, მისი ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობაზე;

·      ისეთი სახელის ან სიმბოლო გამოყენება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა: «ტიპის», «სტილის», «მსგავსი», «ნაირი», «მეთოდით» და ა.შ.;

·      საქონლის შეფუთვაზე, საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ან რეკლამაში ისეთი სიმბოლოს გამოყენება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი საქონლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ;

·      საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი მის წარმოშობასთან დაკავშირებით.

 

 

როგორ ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია საქპატენტში?

 

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე განაცხადი თანდართულ საბუთებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის (პატენტრწმუნებლის) მიერ.

განაცხადი უნდა დაიბეჭდოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ბლანკზე ქართულად და ეხებოდეს საქონლის ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან საქონლის ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას.

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

·        თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ;

·        განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;

·        ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას;

·       იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;

 განაცხადი და თანდართული საბუთები უნდა წარედგინოს ერთ ეგზემპლარად.

 

რა საბუთები უნდა ახლდეს განაცხადს?

 

     განაცხადს უნდა ახლდეს:

 1. კანონმდებლობით დადგენილი ორგანოს მიერ დამტკიცებული საბუთი, რომელიც შეიცავს:

·      საქონლის და მისი ნედლეულის აღწერას, ქიმიურ, ფიზიკურ, მიკრობიოლოგიურ ან/და ორგანოლეპტიკურ და სხვა     მახასიათებლებს;

·        საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის  მდებარეობის აღწერას მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;

·      საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას მათი  არსებობის შემთხვევაში;

·      მონაცემებს, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილწარმოშობის დასახელების მქონე საქონლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით (თუ მოითხოვება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია);

·      მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან (თუ მოითხოვება გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია);

2. საბუთი, გაცემული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობას;

3. მინდობილობა წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) 

უფლებამოსილების შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში)

 

კანონმდებლობით რომელი ორგანო არის ამჟამად უფლებამოსილი შეამოწმოს და დაადასტუროს განაცხადში წარსადგენი მონაცემები?

 

იმ მონაცემების დადასტურება, რომლებსაც უნდა შეიცავდეს განაცხადის თანმხლები საბუთი, უკავშირდება კომპლექსურ კვლევით სამუშაოებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ფართო სპექტრის მონაწილეობით. ბუნებრივია, სპეციალისტთა შერჩევა ხდება იმ დარგის სპეციალისტთა შორის, რომელსაც განეკუთვნება გეოგრაფიული აღნიშვნით ან ადგილწარმოშობის დასახელებით მოსანიშნი პროდუქტი. ამიტომ უფლებამოსილი ორგანოს სახით, როგორც წესი, კანონმდებლობა შესაბამის დარგობრივ სამინისტროს აყალიბებს, რომელიც, თავის მხრივ, შეიმუშავებს და ამტკიცებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრების დადგენის, საქონლის მახასიათებლების გეოგრაფიულ ადგილთან კავშირის შესწავლის, დადგენისა და კონტროლის შესახებ.

ამჟამად ასეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებების სახით მხოლოდ ღვინის, ღვინის ბრენდისა და მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებებისათვის არის ძალაში. ამასთან რეალურად ამოქმედებულია მხოლოდ ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების შესაბამისი დებულებები და რეესტრში შეტანილია  ქათული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება. 

 

რა ქმედებები ხორციელდება განაცხადზე?

 

საქპატენტში შეტანილ განაცხადს უტარდება ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.

არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე:

·        დგინდება, წარმოდგენს თუ არა განსახილველი სიმბოლო ან სიტყვა ისეთ სიმბოლოს ან სიტყვას, რომლის  ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაცია დაუშვებელია;

·        მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადის თანმხლები საბუთებით წარდგენილი მონაცემები კანომმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

·       ტარდება მოძიება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში შესაძლო დაპირისპირებული ადრინდელი უფლებების მქონე სიმბოლოს ან სახელის გამოსავლენად.

 

როდის ხდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია?

 

თუ არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ არ არსებობს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, საქპატენტი განაცხადის მასალებს აქვეყნებს ბიულეტენში, ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში.

თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში შემოვა დამატებითი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია შესასწავლად ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით არ შემოვა არანაირი ინფორმაცია, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ, განაცხადის მასალებში არსებული მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ინფორმაციას ამის შესახებ ბიულეტენში.

 

 

რა მონაცემები შეიტანება რეესტრში?

რეესტრში შეიტანება:

  • საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;
    საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნის გამოსახულება;
    საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოხდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
    საქონლისა და მისი ნედლეულის აღწერა ქიმიური, ფიზიკური, მიკრობიოლოგიური ან/და ორგანოლეპტიკური და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლების ჩვენებით;
    საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის აღწერა, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;
    საქონლის წარმოების ტექნოლოგია და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების
    სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერა, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში;
    მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით (თუ მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია);
    მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან (თუ მოითხოვება გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია);
    განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება) და მისამართი.

 

 

როგორია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ვადა?

 

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია უვადოა. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ მოცემული გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების ან ადამიანის ფაქტორის შეცვლის ან გაქრობის გამო შეუძლებელია ისეთი საქონლის წარმოება, რომელსაც ექნება რეესტრში მითითებული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები.

 

 

 

ვის აქვს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება და როგორ ხდება მისი მოპოვება?

 

რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება გააჩნია მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც აღნიშნული დასახელების ან სიმბოლოს გამოყენების უფლების მქონე პირი.

ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს ნედლეულს, ან რომელსაც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში აქვს რეგისტრირებული მოქმედი საწარმო, ხოლო წარმოებული საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები იგივეა, რაც რეესტრში დაფიქსირებული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები, და გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ორგანოს თანხმობა, შეუძლია საქპატენტში წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირად დასარეგისტრირებლად.

მონაცემები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ საქპატენტს შეაქვს რეესტრში.

გამოყენების უფლება შეიძლება გადაისინჯოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით. მაგალითად, ღვინის დამამზადებელს შეიძლება აეკრძალოს გეოგრაფიული აღნიშვნის/ადგიწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება გარკვეული წლის მოსავლით დამზადებულ ღვინოზე ან ღვინის გარკვეულ პარტიაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი პროდუქციის ხარისხი და თვისებები არ დააკმაყოფილებს რეესტრში დაფიქსირებულ მოთხოვნებს. 

 

როგორ ხდება უცხო ქვეყნის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საქართველოში?

 

სხვა ქვეყნის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.

სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია ხდება საქპატენტში.

თუ საქართველოში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა ან საქართველოს რომელიმე გეოგრაფიული ადგილის სახელი სხვა ქვეყანაში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმია, საქართველოში ასეთი აღნიშვნის დაცვის წესი და გამოყენების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის სახელის ან რაიმე სხვა განმასხვავებელი სიმბოლოს დამატებას.

 

როგორ უნდა მოხდეს ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ?

 

ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელეიასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ასეთად იქნება აღიარებული ან რეგისტრირებული საქართველოში, ამასთან შესაძლებელია: 

·   შეტანილ იქნეს განაცხადი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უშუალოდ სათანადო ქვეყნის შესაბამის უწყებაში ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

·   ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე წარედგინოს განაცხადი საერთაშორისო ბიუროში და მოთხოვნილ იქნეს ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ამ შეთანხმების წევრ ქვეყნებში;

·   მისი დაცვა განხორციელდეს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია იმ ქვეყანასთან, სადაც მოითხოვება დაცვა.

 

 

 

როგორ არის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები საერთაშორისო დონეზე?

 

გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დონეზე დაცვის მარეგულირებელ დებულებებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ ადმინისტრირებული სამი მრავალმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს. ესენია: "პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ” (პარიზის კონვენცია), "მადრიდის შეთანხმება ყალბი ან შეცდომაში შემყვანი წარმოშობის აღნიშვნების აღკვეთის შესახებ” (მადრიდის შეთანხმება) და "ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ” (ლისაბონის შეთანხმება).

გარდა ამისა, "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების” (TRIPS-შეთანხმება) 22-24 მუხლები ეხება გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დაცვას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში.

საქართველო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულების მონაწილეა გარდა მადრიდის შეთანხმებისა, რომელიც მხოლოდ წარმოშობის აღნიშვნების მართლზომიერად გამოყენებას არეგულირებს. კერძოდ, საქართველო პარიზის კონვენციის, TRIPS-შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების მონაწილე ქვეყნად არის მიღებული 1991, 1999 და 2004 წლებში.

უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, რომ  "საქპატენტის” მიერ მოზადდა  და 1999 წელს ხელი მოეწერა ამჟამად დსთ-ს ქვეყნებისათვის მოქმედ ხელშეკრულებას "ყალბი სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებების შესახებ”.

გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობაც არ მიიჩნევს გეოგრაფიულ აღნიშვნებს სამართლებირივი დაცვის ობიექტად (მაგალითად აშშ), მათი დაცვა შესაძლებელია სასერტიფიკაციო ნიშნების სახით. სასერტიფიკაციო ნიშანი გაიცემა განსაზღვრული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ არ იზღუდება რაიმე გაერთიანების წევრობის პირობით. იგი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ პირს, რომელიც შეძლებს დაამტკიცოს, რომ წარმოდგენილი ნაწარმი შეესაბამება სასერტიფიკაციო ნიშნისთვის დადგენილ სტანდარტებს.

რის საფუძველზე ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ეროვნულ დონეზე?

 

გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნულ დონეზე დაცვის სხვადასხვა ფორმა არსებობს. შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი სახეობა:

პირველ შემთხვევაში გეოგრაფიულ აღნიშვნათა დაცვა ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებში მოქმედი სპეციალური კანონით რეგულირდება. ასეთი დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სამრეწველო საკუთრების უწყებაში რეგისტრაციის შედეგად, ისე მთავრობის გადაწყვეტილების (ბრძანებულება, განკარგულება,  დეკრეტის)  საფუძველზე.

მეორე შემთხვევაში გეოგრაფიულ აღნიშვნათა დაცვა კოლექტიური ნიშნების ან სასერტიფიკაციო ნიშნების (საგარანტიო, ხარისხის ნიშნების) რეგისტრაციის გზით ხორციელდება.

კოლექტიური ნიშნის მფლობელი, განსხვავებით სასაქონლო ნიშნისაგან, არის არა რომელიმე მეწარმე, არამედ მეწარმეთა გაერთიანება (ასოციაცია), რომლის წევრებიც იყენებენ მას, რათა მომხმარებელმა მათი პროდუქცია გააიგივოს გაერთიანების მიერ დადგენილი ხარისხის დონისა და სხვა მახასიათებლების, მათ შორის, გარკვეული გეოგრაფიული წარმოშობის მქონე პროდუქციასთან.

საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია, აგრეთვე სასერტიფიკაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა განსაზღვრული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იგი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ პირს, რომელიც შეძლებს დაამტკიცოს, რომ წარმოდგენილი ნაწარმი შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

მესამე ეფუძნება სამართლებრივ ნორმათა იმ ფართო სპექტრის გამოყენებას, რომელებითაც სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობაში  იკრძალება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ყოველგვარი პრაქტიკა.

 

როგორ ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული დაცვა საქართველოში?

 

გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნულ დონეზე დაცვის მიზნით საქართველო აღიარებს ზემოთ ჩამოთვლილი სახეობებიდან პირველს. შესაბამისად, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული  აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთო­ბების რეგულირება ხორციელდება შემდეგი ნორმატიული აქტების საფუძველზე:

·   საქართველოს კანონი "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული  აღნიშვნის შესახებ” (N¹ 2108 IIs; 1999 წლის 22 ივნისი);

·   საქართველოს კანონი "ვაზისა და ღვინის შესახებ” (N¹ 1438; 1998 წლის 12 ივლისი; შეტანილია ცვლილებები 30.09.98 ¹N 1604; 04.07.2002 ¹N1635; 05.06.2007 N¹4869);

·   საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები (2002 წლის 28 თებერვლის N¹88 და 2002 წლის 6 ნოემბრის N¹470), რომლებიც ეხება  "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული  აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისიებებს.

·   საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებები (20.02.2003 ¹N 2-37; 12.08.2003 N¹ 2-220; 04.03.2003 N¹2–49; 26.06.2007), რომლებითაც დამტკიცებულ იქნა ის დებულებები, რომლებითაც განისაზღვრა ღვინის, ღვინის ბრენდისა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაციისა და ამ დასახელებათა გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო  მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და ადგილწარმოშობის დასახელებათა გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესები.

რაც შეეხება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ  აღნიშვნაზე უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათი რეგულირება ხორციელდება შემდეგი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე:

·        "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი” (მუხლი 196)

·         "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” (მუხლი 158)

·        საქართველოს კანონი "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ”  

 

 

 

 

 

 

 

 

 


tag: