Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
გამოგონებაზე ექსპერტიზის პროცედურა

საპატენტო განაცხადი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ გაივლის სამ ძირითად პროცედურულ საფეხურს:

  • ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას;
  • ძიებას;
  • არსობრივ ექსპერტიზას.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დაწყებამდე განაცხადი მოწმდება ყველა იმ მოთხოვნის  მიმართ, რომელიც საჭიროა განაცხადის შეტანის თარიღის დასადგენად. განაცხადის შეტანის თარიღის დადგენა აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ აქედან იწყება გარკვეული ქმედებების ათვლა, მაგალითად, პატენტის მოქმედების ვადის ათვლა. ამავე თარიღით განისაზღვრება პრიორიტეტი, მათ შორის საკონვენციო პრიორიტეტის თარიღი იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარდგენა სხვა ქვეყნებშიც ხდება სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის საფუძველზე. მხოლოდ პრიორიტეტის  გათვალისწინებით დგინდება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონების სიახლე და საგამომგონებლო დონე.

შეტანის თარიღის დადგენის შემდეგ იწყება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. ამ დროს ძირითადად მოწმდება განაცხადის მასალების წარმოდგენის სისრულე და ცალკეული საბუთის, კერძოდ, განცხადების ბლანკის, გამოგონების ფორმალურ მოთხოვნებთან აღწერილობისა და ფორმულის შესაბამისობა და ნახაზები. აგრეთვე, მოწმდება, მინდობილობის თანხლება, თუკი განაცხადი შემოტანილია წარმომადგენლის, მაგალითად, პატენტრწმუნებულის მიერ; ამასთან, მოწმდება, ახლავს თუ არა განაცხადს უფლებათა გადაცემის აქტი თუკი განცხადებაში გამომგონებლად მითითებული პირი განსხვავდება პატენტის მიღების მთხოვნელისაგან (განმცხადებლისაგან). ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის სტადიაზე განმცხადებელს, ან მის წარმომადგენელს ეგზავნება შეტყობინება გამორჩენილი მასალების წარმოდგენის შესახებ ან  განაცხადის მასალებში აღმოჩენილი ხარვეზების დადგენილ ვადაში აღმოფხვრის შეთავაზებით. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში, რომელიც შეადგენს ერთ თვეს, განმცხადებლის, ან მისი წარმომადგენლის მიერ არ იქნება წარმოდგენილი გამორჩენილი მასალა ან ხარვეზების სათანადო შესწორებები, განაცხადზე საქმის წარმოება გრძელდება, თუ გამორჩენილი მასალის წარმოუდგენლობა ან ხარვეზების გამოუსწორებლობა არსებითად ხელს არ უშლის გამოგონების არსის გაგებასა და ექსპერტიზის გაგრძელებას; ამასთან, პრიორიტეტი დადგინდება გამორჩენილი მასალების ან ხარვეზების გამოსწორების მომცველი მასალის წარმოდგენის თარიღით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოება წყდება,  განაცხადის მასალები დაუბრუნდება განმცხადებელს და ჩაითვლება, რომ განაცხადი საერთოდ არ ყოფილა შემოტანილი. ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი განაცხადს უდასტურდება შეტანის თარიღი და დაუდგინდება პრიორიტეტი.

ფორმალური ექსპერტიზის სტადიის დასრულების შემდეგ განისაზღვრება დაცვის ობიექტი და მისი აღწერილობის სისრულე. ამავე დროს განისაზღვრება, პასუხობს თუ არა გამოგონება "სამრეწველო გამოყენებადობის”კრიტერიუმს. თუ აღმოჩნდა, რომ დაცვის ობიექტი ეკუთვნის საქართველოს საპატენტო კანონის მე-16 ან მე-17 მუხლებში მითითებულ ობიექტთა რიცხვს, ამ ეტაპზევე გამოიტანება უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როდესაც გამოგონება არ არის გახსნილი საკმარისი სისრულით, რათა სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელება, ან როდესაც გამოგონება არ პასუხობს სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმს.

დაცვის ობიექტის დადგენის შემდეგ ტარდება ძიება და არსობრივი ექსპერტიზა. ძიების მიზანია ტექნიკის დონის დადგენა იმ დარგში, რომელსაც განეკუთვნება გამოგონება. ამ დროს ხორციელდება განაცხადში აღწერილი ტექნიკური იდეის იდენტური ან  მსგავსი იდეის მომცველი დოკუმენტების მოძიება უწყების განკარგულებაში არსებული და სხვა საპატენტო-საინფორმაციო ფონდებიდან.

ძიების დასრულების შემდეგ განმცხადებელს, ან მის წარმომადგენელს ეგზავნება ძიების ანგარიში, რომელშიც მითითებულია მოძიებული დოკუმენტების სია, რომლებშიც აღწერილი ობიექტები გამოგონების ობიექტის ანალოგიურია, ან იდენტურია. ძიების ანგარიშის გაცნობის შემდეგ განმცხადებელს შუძლია შეასწოროს გამოგონების ფორმულა ან გაიტანოს განაცხადი, თუ დარწმუნდება, რომ გამოგონება არ პასუხობს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს, კერძოდ, სიახლესა და საგამომგონებლო დონეს. თუ განმცხადებელი არ გაიტანს განაცხადს, შედგება დასკვნა ტექნიკის დონის შესახებ, რომელშიც მიეთითება, არის თუ არა განცხადებული გამოგონების იდენტური ან მსგავსი გამოგონებები ცნობილი ტექნიკის დონიდან და განმცხადებელს ეგზავნება აღნიშნული დასკვნა. თუ გამოვლენილია იდენტური გამოგონება, ეს ნიშნავს, რომ გამოგონება არ პასუხობს "სიახლის” კრიტერიუმს, რასაც შეფასებას აძლევს თავად საქპატენტი. ამ შემთხვევაში განმცხადებელს დასკვნასთან ერთად, ან განმცხადებლის შეპასუხების მიღების შემდეგ, ეგზავნება უარყოფითი გადაწყვეტილება. მსგავსი გამოგონებების გამოვლენის შემთხვევაში განმცხადებელი თავად აფასებს "საგამომგონებლო დონის” კრიტერიუმთან შესაბამისობას და, თუ დასკვნის მიღებიდან დადგენილი ორი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის პატენტის მიღებაზე, გამოიტანება დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.

ამის შემდეგ განაცხადის ბიბლიოგრაფიული მონაცემები გამოგონების რეფერატთან ერთად  ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ  ბიულეტენში. ოფიციალურ  ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის გასვლამდე პატენტი არ გაიცემა. ამ პერიოდში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პატენტის გაცემას "საქპატენტის” სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანის გზით. თუ მითითებულ ვადაში აღნიშნული საჩივარი არ შევა, "საქპატენტი” გასცემს პატენტს და მონაცემებს ოფიციალურ ბიულეტენში აქვეყნებს.

 

 

 


tag: