Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დელეგაცია

13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.

სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ისმო-ში ქართველი სპეციალისტების დასაქმების შესაძლებლობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ხაზი გაუსვა ისმო-ში ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტების დასაქმების აუცილებლობას და ვაკანსიებში სწორედ ამ დარგის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას. ასევე, იმსჯელეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებში საკონტაქტო პირების განსაზღვრაზე, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ისმო-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისთვის მიწოდებას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ისმო-ში საქართველოს წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივები. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის დაინტერესებას გაეროს ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლების დასაქმების შესახებ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე უკეთესად წარმოჩენის მიზნით.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლებთან, პატენტრწმუნებულებთან, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია ისმო-ში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ და განუმარტეს ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვრიდან, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის თანამშრომელი პირველად მიიღებს მონაწილეობას ისმო-ს ერთწლიან სტაჟირების პროგრამაში.

ისმო გაეროს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და გავლენიანი ორგანიზაციაა, სადაც გაწევრიანებულია 188 სახელმწიფო. ისმო განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტური და დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი სპეციალისტის დასაქმება და აქტიური მონაწილეობის მიღება საერთაშორისო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებაში.


tag: