Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტმა სტამბულის გამოგონებების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

2 – 4 მარტს (2017 წ.) სტამბულში მოეწყო გამოგონებების საერთაშორისო გამოფენა , სადაც 24 ქვეყნის 264 ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი. გამოფენაზე 4207 რეგისტრირებული ვიზიტორისთვის წარმოადგინეს 324 გამოგონება. ღონისძიება თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, ასევე, გამომგონებლების საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და თურქეთის საპატენტო უწყების ორგანიზებით ჩატარდა. საქპატენტის გამოფენაში მონაწილეობის მიზანი იყო ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნის, თურქეთის მხრიდან საქართველოსთვის საპატენტო განაცხადების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა.

გამოფენის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა თურქეთისა და საქართველოს საპატენტო უწყებების ხელმძღვანელებს შორის. ნიკოლოზ გოგილიძემ და ჰაბიბ ასანმა განიხილეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. მარტში, ქართველი ექსპერტებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქპატენს ეწვევიან სასაქონლო ნიშნებისა და გამოგონების თურქი ექსპერტები; ივლისში თურქეთში ქ. ტრაპზონში გაიმართება გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული კონფერენცია და თურქული და ქართული გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა. ღონისძიება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის აღნიშნული პროდუქციის ცნობადობის და ,შესაბამისად, იმპორტის გაზრდას. ნიკოლოზ გოგილიძემ, ისმო-ს და თურქპატენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში ქართველი ექსპერტის მონაწილეობისთვის, თურქპატენტის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა.

გამოფენის მეორე დღეს გაიმართა ქართველი და თურქი პატენტრწმუნებულების შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს და თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სისტემების გაცნობას და თანამშრომლობის გაღრმავებას. თურქი პატენტრწმუნებულების 20 კაციანი ჯგუფი საქართველოს აპრილის ბოლოს ეწვევა და გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან. ვიზიტის ფარგლებში თურქი პატენტრწმუნებულები გაეცნობიან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, რაც ხელს შეუწყობს განაცხადების რაოდენობის ზრდას ორ ქვეყანას შორის.


tag: