Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი

რა არის პატენტი?

რა არის გამოგონება?
რა არის სასარგებლო მოდელი?
რაზე გაიცემა პატენტი?
როგორ გამოგონებას იცავს პატენტი?
როგორ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე არ გაიცემა პატენტი?
როგორ სასარგებლო მოდელს იცავს პატენტი?

რა არის პრიორიტეტი?

რა არის საპატენტო უფლებები?

როგორ შეიძლება განვკარგოთ საპატენტო უფლებები?

იზღუდება თუ არა საპატენტო უფლებები?

როგორია საპატენტო უფლებების მოქმედების ვადა და ტერიტორია?

ვის აქვს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მიღების უფლება?

რა არის საჭირო საქართველოში გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად?

რას უნდა შეიცავდეს განაცხადი გამოგონებაზე?
რა ენაზე უნდა იყოს შედგენილი განაცხადი?

რა პროცედურებს ითვალისწინებს პატენტის გაცემა?

როდის გამოაქვს "საქპატენტს" უარყოფითი გადაწყვეტილება გამოგონების  პატენტის გაცემის თაობაზე?
რისი უფლება აქვს განმცხადებელს?

რა თარიღით ხდება გამოგონების პრიორიტეტის დადგენა?

რა საფუძვლებით შეიძლება გაუქმდეს პატენტი?

რა საფასურების გადახდაა საჭირო გამოგონებაზე პატენტის მისაღებად და შესანარჩუნებლად?

როგორ უნდა დააპატენტოს საქართველოს მოქალაქემ თავისი გამოგონება საზღვარგარეთ?

რა არეგულირებს პატენტებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში?


რა არის პატენტი?

პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა. ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ. გარდა სხვა პირებისათვის გამოგონებით სარგებლობის აკრძალვისა, პატენტი გამოიყენება სხვა მიზნებითაც, კერძოდ, საკუთარი ბიზნესის ინტერესებში ან, საკუთრების სხვა ფორმების მსგავსად, იგი შეიძლება გახდეს გაყიდვის ან ლიცენზირების ობიექტი.

 

რა არის გამოგონება?

 

საპატენტო სამართალი, როგორც წესი, არ იძლევა გამოგონების ნორმატიულ განმარტებას. მიუხედავად ამისა, ზოგადი მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გამოგონება არის იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას.

 

რა არის სასარგებლო მოდელი? 

სასარგებლო მოდელი იგივე გამოგონებაა, რომელსაც დასაცავად შედარებით ნაკლები მოთხოვნები წაეყენება.

რაზე გაიცემა პატენტი?

პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:

  •  მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
  •  ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები, ნარევები და ა.შ.);
  •  ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);
  •  ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.).

დაპატენტების საგანი შეიძლება იყოს ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ნივთიერებებისა და ნარევების, აგრეთვე მოწყობილობების ახალი დანიშნულებით გამოყენებაც. 

როგორ გამოგონებას იცავს პატენტი?

პატენტი იცავს ისეთ გამოგონებას, რომელიც აკმაყოფილებს სამ ძირითად კრიტერიუმს (პატენტუნარიანობის კრიტერიუმები); ეს კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

  •  სიახლე გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის მსოფლიოში ტექნიკის არსებული დონიდან გამომდინარე. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუკი საკონვენციო პრიორიტეტი ამ პრიორიტეტის თარიღამდე მოითხოვება.
  •  საგამომგონებლო დონე გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან;
  •  სამრეწველო გამოყენებადობა გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროებში.

    როგორ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე არ გაიცემა პატენტი?

პატენტი არ გაიცემა:

  • გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, რომელიც იწვევს არაჰუმანურ, ამორალურ და/ან ანტისაზოგადოებრივ ქმედებას;
  • გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში;
  • გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშის გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;
  • სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშის გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს, მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურების, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს;
  • საპატენტო სამართალი ასევე ადგენს ობიექტებს, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად, რაც გამორიცხავს მათზე პატენტის გაცემის შესაძლებლობას. გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა შემდეგი ობიექტები:
  • აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, ან მათემატიკური მეთოდი;
  • მხატვრული კონსტრუირების შედეგი;
  • ალგორითმები და პროგრამები გამომთვლელი მანქანებისათვის;
  • აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, აგრეთვე, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობების, გათამაშების წესები;
  • მეურნეობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი;  
  • ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქემა;
  • ინფორმაციის წარდგენა.

როგორ სასარგებლო მოდელს იცავს პატენტი?

პატენტით შეიძლება დაცვა იმ სასარგებლო მოდელისა, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ მოწყობილობას, ნივთიერებას ან ხერხს, და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.

რა არის პრიორიტეტი?

პრიორიტეტი არის უპირატესობა, რომელიც ენიჭება კანონით დადგენილი ყველა აუცილებელი მონაცემის შემცველ (სწორად გაფორმებულ) განაცხადს საპატენტო უწყებაში შეტანის თარიღიდან (პრიორიტეტის თარიღიდან) იმ განაცხადების მიმართ, რომლებიც ამ თარიღის შემდეგაა შეტანილი. პრიორიტეტის თარიღის შემდგომ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიახლის ან საგამომგონებლო დონის გასაბათილებლად მხედველობაში არ მიიღება. საზღვარგარეთ პატენტის მიღებისათვის დადგენილია საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები. შესაბამისად, პრიორიტეტის თარიღად მიჩნეულია:

 - პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი (საკონვენციო პრიორიტეტის თარიღი). საკონვენციო პრიორიტეტით სარგებლობის უფლება მოქმედებს 12 თვის განმავლობაში;

 - პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილი საერთაშორისო ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ექსპონირების თარიღი (საგამოფენო პრიორიტეტი). საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობის უფლება მოქმედებს 6 თვის განმავლობაში.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტი განმცხადებელს ანიჭებს გამოგონებაზე ან სასარ გებლო მოდელზე პატენტის მოპოვების უპირატესობას პარიზის კონვენციის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში წარდგენილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან სხვა ქვეყანაში ამ თარიღის შემდეგ შეტანილი განაცხადების მიმართ.

 

რა არის საპატენტო უფლებები?

 

პატენტის საფუძველზე წარმოიშობა საპატენტო უფლებები, რომლებიც ორი სახისაა - პირადი არაქონებრივი და ქონებრივი.

პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ გამომგონებელს. გამომგონებელს გააჩნია გამომგონებლად დასახელებისა და აღიარების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე, გამოგონების ან სასარგებლო მოდელისათვის სპეციალური სახელწოდების შერჩევის უფლება. ეს უფლებები განუსხვისებელია.

ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთრებული უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს გამომგონებელიც და ნებისმიერი სხვა პირიც, თუ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

განსაკუთრებული უფლებები საკუთრების მსგავსი უფლებების ხასიათისაა იმ განსხვავებით, რომ მათი საგანია არა მატერიალური ობიექტი, არამედ გამოყენებითი ტექნიკური დანიშნულების იდეა.

 თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი ეხება პროდუქტს, პატენტის მფლობელს შეუძლია წინ აღუდგეს მისი ნებართვის გარეშე ამ პროდუქტის დამზადებას, გამოყენებას, გასაყიდად შეთავაზებას, გაყიდვას ან იმპორტს.

თუ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის საგანი არის ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, სხვა პირის მიერ დამზადებული მსგავსი პროდუქტი ითვლება ამ ხერხით დამზადებულად. შესაბამისად, საჭიროა პატენტის მფლობელის თანხმობა როგორც ხერხის გამოყენებაზე, ისე მის შედეგად დამზადებული პროდუქტის გამოყენებაზე, გასაყიდად შეთავაზებაზე, გაყიდვასა და იმპორტირებაზე. 

როგორ შეიძლება განვკარგოთ საპატენტო უფლებები?

პატენტმფლობელი თავად განკარგავს გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი და სხვ.

პატენტმფლობელს უფლება აქვს გასცეს მარტივი ან განსაკუთრებული ლიცენზია.

გაცემული მარტივი ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მარტივი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტმფლობელი თავადაც ინარჩუნებს უფლებას გამოიყენოს პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი.

მოცემულ ტერიტიორიაზე გამოყენების ერთ უფლებაზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ლიცენზია. განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე პატენტმფლობელს ეკრძალება როგორც ამ ლიცენზიის ფარგლებში ნებისმიერი სხვა ლიცენზიის გაცემა, ისე პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის საკუთრივ გამოყენებაც.

პატენტმფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმიც, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, გამოიყენოს პატენტი პატენტმფლობელთან შეთანხმებული პირობებით.

იზღუდება თუ არა საპატენტო უფლებები?

საპატენტო სამართალი ითვალისწინებს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვას:

  •  დაიშვება გამოგონების ან სასარგებლო მოდელის გამოყენება კერძო წესით, პირადი სარგებლობისათვის, როდესაც ამგვარი ქმედება არ ისახავს კომერციულ მიზნებს;
  •  არ იკრძალება მათი გამოყენება სხვა ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საფრენ ან სახმელეთო სატრანსპოტო საშუალებაზე, თუ ეს აუცილებელი გახდა მისი გამართულად მუშაობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს;
  •  დასაშვებია, აგრეთვე, გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა სხვადასხვა საგანგებო ვითარების დროს.

გარდა ამისა, პატენტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს იძულებითი ან ოფიციალური ლიცენზიით, რომელსაც გასცემს სახელმწიფო პატენტმფლობელის თანხმობის გარეშე.

იძულებითი ლიცენზია გაიცემა ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, თუ 4 წლის განმავლობაში გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არ გამოიყენებოდა ან, არასაკმარისად გამოიყენებოდა, მაგრამ იყო აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირი მანამდე ამაოდ ცდილობდა პატენტმფლობელისაგან ნებართვის მიღებას გონივრული პირობებით.

ოფიციალური ლიცენზია გაიცემა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით, თუ არსებობს ქვეყნის ეროვნული თავდაცვის, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებისათვის პატენტის გამოყენების აუცილებლობა.

იძულებითი და ოფიციალური ლიცენზიის გაცემის დროს დგინდება გამოყენების სფერო, მოქმედების ვადა, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პატენტმფლობელისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

როგორია საპატენტო უფლებების მოქმედების ვადა და ტერიტორია?

 

საპატენტო პირადი არაქონებრივი უფლებები ვადით და ტერიტორიით შემოსაზღვრული არ არის.

რაც შეეხება განსაკუთრებულ უფლებებს, გამოგონების შემთხვევაში ისინი მოქმედებს 20 წლის განმავლობაში, ხოლო სასარგებლო მოდელის შემთხვევაში - 10 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან, და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ პატენტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ვის აქვს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მიღების უფლება?

პატენტის მიღების უფლება აქვს:

  •  გამომგონებელს - ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;
  •  დამსაქმებელს, თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი შექმნილია დასაქმებულის სამსახურეობრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას;
  •  უფლებამონაცვლეს.


რა არის საჭირო საქართველოში გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად?

 

საქართველოში გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად საჭიროა განაცხადის საქპატენტში წარდგენა, სადაც ტარდება კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც გაიცემა ან არ გაიცემა პატენტი.


რას უნდა შეიცავდეს განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე?

  •  განცხადებას პატენტის მიღების შესახებ, რომელშიც მითითებულია: ა) განმცხადებლის ანუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა; ბ) გამომგონებლის ვინაობა და მისამართი; გ) გამოგონების ან სასარგებლო მოდელის დასახელება; დ) მი მო წერის მისამართი და სხვ.;
  •  გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს წერილობით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტმა აშკარად დაინახოს მისი განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ რეპროდუცირებად მასალას, რომელიც შეუძლებელია აღიწეროს განაცხადში ისეთი სისრულით, რომ სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, ან, თუ ეს ბიოლოგიური მასალა არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დეპოზიტორიუმის მიერ გაცემული ბიოლოგიური მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულას, რომელიც განსაზღვრავს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს;
  •  ნახაზებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსის ასახსნელად;
  •  რეფერატს;
  •  სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასახსნელად;
  •  თუ განაცხადი წარდგენილია გამომგონებლის უფლებამონაცვლის მიერ, უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს;
  •  განაცხადი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად უნდა ეხებოდეს ერთ გამოგონებას ან ერთ სასარგებლო მოდელს, ამასთან შეიძლება შეიცავდეს ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს;
  •  განაცხადი საქპატენტში შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები: განცხადება პატენტის მისაღებად, აღწერილობა, ფორმულა და ნახაზები, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსის ასახსნელად. 

     

 რა ენაზე უნდა იყოს შედგენილი განაცხადი?

საქპატენტში განცხადება შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები - ნებისმიერ ენაზე; ამასთან, საგანაცხადო მასალების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა შეტანიდან ორი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქართული თარგმანის წარდგენა.


რა პროცედურებს ითვალისწინებს პატენტის გაცემა?

საქპატენტში წარდგენილ განაცხადზე პატენტის გაცემის პროცედურა მოიცავს:

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს განაცხადის შეტანის თარიღის დადგენას, საგანაცხადო მასალების სისრულისა და გაფორმების სისწორის შემოწმებას და პრიორიტეტის დადასტურებას;

2. არასრულ არსობრივ ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს:

  •  დაცვის ობიექტისა და გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ერთიანობის დადგენას ტექნიკის დონის მოკვლევის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულის ანალიზისა და აღწერილობის სისრულის შემოწმების საფუძველზე;
  •  საინფორმაციო ანგარიშის მომზადებას კვლევის ტექნიკის დონის დასადგენად;
  •  ექსპერტიზას სიახლეზე და დოკუმენტური დასკვნის შედგენას;
  •  გადაწყვეტილების მიღებას პატენტის გაცემის თაობაზე;
  •  წინასწარი დადებითი გადა წყვეტილების გამოტანის შემ თხვევაში მონაცემების გამოქვეყნებას საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში;
  •  თუ გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში საქპატენტის სააპელაციო პალატაში ან გამოქვეყნებიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ შევა პატენტუნარიანობის კრიტერიუმის უარყოფასთან დაკავშირებული მესამე პირის დასაბუთებული შედავება პატენტის გაცემის თაობაზე, საქპატენტი იღებს დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ, აქვეყნებს მონაცემებს ბიულეტენში, ახორციელებს რეგისტრაციას სამრეწველო საკუთრების რეესტრში და გასცემს პატენტს.


    როდის გამოაქვს "საქპატენტს" უარყოფითი გადაწყვეტილება გამოგონების პატენტის გაცემის თაობაზე?

საქპატენტს გამოაქვს უარყოფითი გადაწყვეტილება გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემის შესახებ (მთლიანად ან ნაწილზე), თუ განაცხადი:

  •  ეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც საპატენტო კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად;
  •  ეხება გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს, რომელზეც საპატენტო კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა;
  •  არ აკმაყოფილებს სიახლეზე პატენტუნარიანობის მოთხოვნის კრიტერიუმს;
  •  არ აკმაყოფილებს საპატენტო კანონის მოთხოვნას, რომ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა წარედგინება დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა;
  •  შეიცავს ფორმულას, რომელიც არ გამომდინარეობს აღწერილობიდან;
  •  თავისი აღწერილობით და ფორმულით არ იძლევა საპატენტო კანონით გათვალისწინებული კვლევის ჩატარების შესაძლებლობას;
  •  შეიცავს ერთი დამოუკიდებელი მუხლით წარმოდგენილი გამოგონების ფორმულას, რომელშიც აღწერილია ერთზე მეტი გამოგონება და რომელიც არ იქნა დაყოფილი საქპატენტის მოთხოვნით ან განმცხადებლის ინიციატივით;
  •  ეხება გამოგონების პირველადი აღწერილობიდან გამოცალკევებულ განაცხადს, რომლის არსი არ არის მოცემული პირველად აღწერილობაში.

თუ უარყოფითი გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ განაც ხადის ნაწილს, მაშინ ფორმულის შესაბამისი მუხლები ამოიღება.

 

რისი უფლება აქვს განმცხადებელს?

 

განმცხადებელს უფლება აქვს:

  •  დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამოცალკევებული განაცხადი;
  •  შეცვალოს წარდგენილი განაცხადის აღწერილობა, ფორმულა და ნახაზები;
  •  განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით. ამასთან, გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა, ცვლილების შეტანა და განაცხადის გარდაქმნა დასაშვებია პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე და იგი არ უნდა სცილდებოდეს ადრინდელი განაცხადის არსს;
  •  საქპატენტის სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს ექსპერტიზის გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 3 თვის ვადაში.
  •  პატენტის გაცემაზე ურყოფითი გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში გაასაჩივროს იგი საქპატენტის სააპელაციო პალატაში. აგრეთვე, განმცხადებელი უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გა ასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად.

 

რა თარიღით ხდება გამოგონების პრიორიტეტის დადგენა?

 

პრიორიტეტი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე დგინდება საქპატენტში სწორად გაფორმებული განაცხადის წარდგენის თარიღიდან; პრიორიტეტი, აგრეთვე, შეიძლება დადგინდეს:

  •  დამატებითი მასალების წარდგენის თარიღით, თუ განმცხადებელმა ისინი გააფორმა დამოუკიდებელი განაცხადის სახით და წარადგინა საქპატენტში სამი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, რომ მხედველობაში არ მიიღება დამატებითი მასალები, რადგან ისინი ცვლიან განცხადებული ობიექტის არსს;
  •  საქპატენტში იმავე განმცხადებლის უფრო ადრინდელი იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია ამ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსი, თუკი განაცხადი, რომლითაც მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი, შევიდა გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან თორმეტი 19 თვის ვადაში, ასეთ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი განაცხადი გატანილად ითვლება;
  •  ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, ყოველი მათგანისათვის ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვით.

ამასთან, პრიორიტეტი არ დადგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე მოთხოვნილია უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და რომელზედაც საქმის წარმოება შეწყდა.


 
რა საფუძვლებით შეიძლება გაუქმდეს პატენტი?

 

პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ:

  •  პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;
  •  პატენტი არ აღწერს გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს, ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
  •  პატენტის საგანი განე კუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც ამ კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა;
  •  პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველადი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;  
  •  თუ პატენტმფლობელს არ ჰქონდა უფლება პატენტზე, რამდენადაც მუშაკის მიერ შექმნილი გამოგონება ან სასარგებლო მოდელი დაკავშირებულია ისეთი სამ სახურეობრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას და პატენტის მიღების უფლება კი ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს.


 
რა საფასურების გადახდაა საჭირო გამოგონებაზე პატენტის მისაღებად და შესანარჩუნებლად?

გამოგონებაზე ან სასარ გებლო მოდელზე პატენტის მისაღებად და შესანარჩუნებლად უნდა იყოს გადახდილი შემდეგი საფასურები: ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, გამოქვეყნების, პატენტის გაცემისა და ყოველწლიურად ძალაში შენარჩუნების.

განმცხადებლისა და პატენტმფლობელის მოთხოვნით განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილების, განაცხადის განხილვის შეჩერების, შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელების, რეესტრში ცვლილებების შეტანისა და სხვა მოთხოვნებისთვისაც უნდა იყოს გადახდილი საფასურები.

დადგენილი წესით საფასურების გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება.


როგორ უნდა დააპატენტოს საქართველოს მოქალაქემ თავისი გამოგონება ან სასარგებლო მოდელი
საზღვარგარეთ?

  •  საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განაცხადი შეიტანოს უშუალოდ იმ ქვეყნის საპატენტო უწყებაში, სადაც მას სურს პატენტის მიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამ განაცხადს წარადგენს საქპატენტში და მიიღებს ნებართვას უცხოეთში განაცხადის წარდგენაზე.
  •  იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქვეყანა არის რომელიმე რეგიონალური შეთანხმების მონაწილე (მაგ.: ევროპის საპატენტო კონვენცია, ევრაზიის საპატენტო კონვენცია და სხვ.), განაცხადის შეტანა შესაძლებელია შესაბამის რეგიონალურ უწყებაში.
  •  საქართველოს მოქალაქისათვის გამოგონების ან სასარგებლო მოდელის უცხოეთში დაპატენტება შესაძლებელია საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებით (PCT) გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს მიმღებ უწყებაში (საქართველოს შემთხვევაში ასეთ უწყებას წარმოადგენს საქპატენტი) საერთაშორისო განაცხადის შეტანას, რაც შესაძლებელს ხდის საპატენტო დაცვის მოპოვებას PCT-ის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში.


    რა არეგულირებს პატენტებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში?

საქართველოში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს "საქართველოს საპატენტო კანონი” (1999 წელი). აღნიშნულ კანონთან ერთად, საიდუმლო გამოგონებასა და სასარგებლო მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება "საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ”, ხოლო განაცხადის წარდგენის, ექსპერტიზის, გამოქვეყნების, პატენტის გაცემის და სხვა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებისათვის საფასურები დადგენილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის №51 ბრძანებით.

გარდა ამისა, გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (საქართველო წევრია 1991 წლიდან), საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება PCT (საქართველო წევრია 1991 წლიდან), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმება "ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” (TRIPS) შეთანხმება (საქართველო მონაწილეა 2000 წლიდან).

რაც შეეხება საპატენტო უფლებების განხორციელებასა და დარღვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ისინი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ხოლო პატენტთან დაკავშირებული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1891-ე მუხლით.

 

 

 

 

 


tag: