Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

2005 წლის 11 ნოემბრის N 2079 – II ს დადგენილებით

 

მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის

საერთაშორისო კონვენცია

 

მიღებულია 1961 წლის 2 დეკემბერს,

გადასინჯული ჟენევაში 1972 წლის 10 ნოემბერს,

1978 წლის 23 ოქტომბერს და 1991 წლის 19 მარტს

 

მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირი

ჟენევა – 1996

 

თავი I : განსაზღვრებები

მუხლი 1.განსაზღვრებები

 

თავი II : ხელშემკვრელ მხარეთა ზოგადი ვალდებულებები

მუხლი 2: ხელშემკვრელ მხარეთა ძირითადი ვალდებულებები

მუხლი 3: დაცვას დაქვემდებარებული გვარები და სახეობები

მუხლი 4: ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმი

 

თავი III: სელექციონერის უფლებების მინიჭების პირობები

მუხლი 5: დაცვის პირობები

მუხლი 6: სიახლე

მუხლი 7: განსხვავება

მუხლი 8: ერთგვაროვნება

მუხლი 9: სტაბილურობა

 

თავი IV: განაცხადი სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის

მუხლი 10: განაცხადის წარდგენა

მუხლი11: პრიორიტეტის უფლება

მუხლი 12: განაცხადის ექსპერტიზა

მუხლი 13: დროებითი დაცვა

 

თავი V : სელექციონერის უფლებები

მუხლი 14: სელექციონერის უფლების მოცულობა

მუხლი 15: გამონაკლისი სელექციონერის უფლებებიდან

მუხლი 16: სელექციონერის უფლების ამოწურვა

მუხლი 17: სელექციონერის უფლების განხორციელების შეზღუდვა

მუხლი 18: კომერციის მოწესრიგების ზომები

მუხლი 19: სელექციონერის უფლების ხანგრძლივობა

 

თავიVI : ჯიშის დასახელება

მუხლი 20: ჯიშის დასახელება

 

თავი VII : სელექციონერის უფლების გაბათილება და გაუქმება

მუხლი 21: სელექციონერის უფლების  გაბათილება

მუხლი 22: სელექციონერის უფლების  გაუქმება

 

თავი VIII: კავშირი

მუხლი 23: წევრები

მუხლი 24: უფლებრივი სტატუსი და ადგილმდებარეობა

მუხლი 25: ორგანოები

მუხლი 26: საბჭო

მუხლი 27: კავშირის ბიურო

მუხლი 28: ენები

მუხლი 29: ფინანსები

 

თავი IX : კონვენციის მოქმედების უზრუნველყოფა: სხვა შეთანხმებები

მუხლი 30:  კონვენციის მოქმედების უზრუნველყოფა

მუხლი 31: ურთიერთობები ხელშემკვრელ მხარეთა და ადრინდელი აქტებით შებოჭილ

სახელმწიფოთა შორის

მუხლი 32: სპეციალური შეთანხმებები

 

თავიX :დასკვნითი დებულებები

მუხლი 33: ხელმოწერა

მუხლი 34:  რატიფიკაცია, მიღება ან მოწონება; მიერთება

მუხლი 35: დათქმები

მუხლი 36: შეტყობინება, დაკავშირებული კანონმდებლობასთან და დასაცავ გვარებსა და

სახეობებთან; გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

მუხლი 37: ძალის შეძენა, ადრინდელი აქტების დახურულად გამოცხადება

მუხლი 38: კონვენციის გადასინჯვა

მუხლი 39: დენონსირება

მუხლი 40: არსებული უფლებების შენარჩუნება

მუხლი 41: კონვენციის დედანი და ოფიციალური ტექსტები

მუხლი 42: დეპოზიტარის ფუნქციები

 

 

 

თავი I

განსაზღვრებები

 

მუხლი 1

განსაზღვრებები

 

მოცემული აქტის მიზნებისათვის:

(i)        "ეს კონვენცია" ნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის წინამდებარე (1991) აქტს;

(ii) "1961/1972 წწ. აქტი "ნიშნავს: 1961 წლის 2 დეკემბრის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციას, 1972 წლის 10 ნოემბერის დამატებითი აქტით შეტანილი ცვლილებების მიხედვით;

(iii) "1978 წლის აქტი "ნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის 1978 წლის 23 ოქტომბრის აქტს;

(iv) "სელექციონერი ნიშნავს”:

- პირს, რომელმაც გამოიყვანა, გამოავლინა ან გააუმჯობესა ჯიში;

- ზემოთ აღნიშნული პირის სამუშაოს მიმცემს,  ან  დავალების გამცემს,  თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია შესაბამისი მხარის კანონმდებლობით,  ან

- პირველი ან მეორე პირის უფლებამონაცვლეს,  შემთხვევის მiხედვით.

(v) "სელექციონერის უფლება” ნიშნავს მოცემული კონვენციით გათვალისწინებულ სელექციონერის უფლებას;

(vi) "ჯიში” ნიშნავს მცენარეთა ჯგუფს, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც მიუხედავად იმისა აკმაყოფილებს, თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია, განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით;

- განსხვავებული იქნეს ნებისმიერი სხვა მცენარეთა ჯგუფების ან,  მითითებულ განპირობებულ მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამჟღავნებით,  მაინც და განხილულ იქნეს მთლიანად მისი,  უცვლელად კვლავ წარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;

(vii) ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს მოცემული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას;

(viii)”ტერიტორია” ხელშემკვრელ მხარესთან დაკავშირებით ნიშნავს თუ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოა – ამ სახელმწიფოს ტერიტორიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა - ტერიტორიას, რომელზეც გამოიყენება, ამ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის დამაარსებელი ხელშეკრულება;

(ix) "უფლებამოსილი ორგანო” ნიშნავს ორგანოს, მითითებულს 30 (1) (ii) მუხლით;

(x) "კავშირი” ნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის კავშირს, დაარსებულს 1961 წლის აქტით და შემდგომ მოხსენიებულს 1072 წლის აქტით, 1978 წლის აქტით და მოცემული კონვენციით;

(xi) "კავშირის წევრი” ნიშნავს 1961/1972 წწ. ან 1978 წ. აქტის მონაწილე სახელმწიფოს, ან ხელშემკვრელ მხარეს.

 

 

 

 

 

თავი II

ხელშემკვრელ მხარეთა

ზოგადი ვალდებულებები

 

მუხლი 2

ხელშემკვრელ მხარეთა ზოგადი ვალდებულებები

 

ყოველი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს და იცავს სელექციონერის უფლებებს.

 

მუხლი 3

დაცვას დაქვემდებარებული გვარები და სახეობები

 

(1)       [ქვეყნები, რომლებიც უკვე არიან კავშირის წევრები]

ყოველი ხელშემკვრელი მხარე, რომელზეც ვრცელდება 1961/1972 წწ. ან 1978 წ. აქტი, იყენებს ამ კონვენციის დებულებებს;

(i)        იმ თარიღიდან, რომლიდანაც მას ეკისრება ვალდებულებები ამ კონვენციით, ყველა იმ გვარსა და სახეობასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც აღნიშნული თარიღისათვის იგი იყენებს 1961/1972 წწ. აქტის ან 1978 წ. აქტის დებულებებს, და

(ii)       მოცემული თარიღიდან არა უგვიანეს ხუთი წლის გასვლის შემდეგ მცენარეთა ყველა გვარისა და სახეობის მიმართ;

(2)       [კავშირის ახალი წევრები] ყოველი ხელშემკვრელი მხარე, რომელსაც არ აკისრია 1961/1972 წწ. ან 1978 წ.აქტებიდან გამომდინარე ვალდებულებები, იყენებს ამ კონვენციის დებულებებს:

(i)        თარიღიდან , როცა მან იკისრა ამ კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებები, არანაკლებ 15 გვარისა ან სახეობის მიმართ, და

(ii)       მოცემული თარიღიდან 10 წლის გასვლის შემდეგ მცენარეთა ყველა გვარისა და სახეობის მიმართ.

 

მუხლი 4

ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმი

 

(1)       [რეჟიმი] ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებების ხელშეუხებლად, სელექციონერთა უფლებების მინიჭებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, აგრეთვე ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელი ადგილი, და იურიდიული პირები, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აქვთ რეგისტრირებული სამსახური, ყოველი სხვა მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ იმავე რეჟიმით, რომელიც მინიჭებული აქვს ან შეიძლება მიანიჭოს შემდგომი კანონმდებლობით ყოველმა ასეთმა ხელშემკვრელმა მხარემ საკუთარ მოქალაქეებს,იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული მოქალაქეები, ფიზიკური პირები ან იურიდიული პირები დააკმაყოფილებენ პირობებსა და ფორმალობებს, რომლებიც დადგენილია აღნიშნული სხვა ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით საკუთარი მოქალაქეებისათვის.

(2)       ["მოქალაქეები”] წინა პუნქტის მიზნებისათვის "მოქალაქეები” ნიშნავს, თუ ხელშემკვრელი მხარე სახელმწიფოა – ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს, ხოლო თუ ხელშემკვრელი მხარე  სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.

 

თავი III

სელექციონერის უფლების მინიჭების პირობები

 

მუხლი 5

დაცვის პირობები

(1)[კრიტერიუმები] სელექციონერს უფლება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ჯიში

(i) ახალია,

(ii) განსხვავებულია

(iii) ერთგვაროვანია და

(iv) სტაბილურია

(2) [სხვა პირობები] სელექციონერის უფლების მინიჭება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სხვა დამატებით ან განსხვავებულ პირობებზე, თუ ჯიში აღნიშნულია დასახელებით მე-20 მუხლის დებულების შესაბამისად, განმცხადებელი დააკმაყოფილებს ფორმალობებს, რომლებიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის უფლებამოსილ ორგანოშიც იყო წარმოდგენილი განაცხადი და თუ იგი გადაიხდის დადგენილ საფასურებს.

 

მუხლი 6

სიახლე

(1)       [კრიტერიუმები] ჯიში მიიჩნევა ახლად, თუ სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის განაცხადის შეტანის დღისათვის, ამ ჯიშის სათესლე ან მცენარეული მასალა ჯიშის გამოყენების მიზნით არ გაყიდულა, ან არ გადაცემულა სხვა გზით სხვა პირებზე სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით;

(i)        ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც წარდგენილი იყო განაცხადი ამ თარიღამდე ერთი წლით ადრე, და

(ii)       სხვა ტერიტოიაზე, გარდა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისა, სადაც იყო წარდგენილი განაცხადი, ოთხი წლით ადრე, ხე-მცენარეებთან და ვაზთან დაკავშირებით – მითითებულ ვადაზე ექვსი წლით ადრე.

(2)       [ახლად გამოყვანილი ჯიშები] იმ შემთხვევაში, როცა ხელშემკვრელი მხარე იყენებს მოცემულ კონვენციას გვარებსა და სახეობებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც არ იყენებდა ამ კონვენციას ან ადრინდელ აქტს, მას შეუძლია განიხილოს ახლად გამოყვანილი ჯიშის, რომელიც დაცვის გავრცელების ვადისათვის უკვე არსებობდა, სიახლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად, რომლის განმარტებაც მოცემულია 1-ლი პუნქტით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ პუნქტით აღწერილი გაყიდვა ან სხვა პირზე გადაცემა მოხდა ამ პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე.

(3)       ["ტერიტორია” ცალკეული შემთხვევისათვის] 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, ყველა ხელშემკვრელ მხარეს, რომლებიც არიან ერთი და იმავე სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის წევრები, შეუძლიათ იმოქმედონ ერთობლივად, თუ ამას მოითხოვს აღნიშნული ორგანიზაციის წესები, რათა ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები გაუთანაბრდეს ქმედებებს, განხორციელებულს საკუთარ ტერიტორიაზე, და თუ ისინი ასე იმოქმედებენ, მაშინ უნდა გაუგზავნონ გენერალურ მდივანს შესაბამისი შეტყობინება.

 

მუხლი 7

განსხვავება

ჯიში ითვლება განსხვავებულად, თუ იგი ნათლად განირჩევა ნებისმიერი სხვა ჯიშისაგან, რომლის არსებობაც განაცხადის შეტანის დღისათვის საყოველთაოდ ცნობილია, კერძოდ, განაცხადის წარდგენა სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის ან სხვა ჯიშის, ჯიშების ოფიციალურ რეესტრში შეტანა, ნებისმიერ ქვეყანაში ჯიშს ხდის საყოველთაოდ ცნობილად განაცხადის შეტანის დღიდან, იმ პირობით, თუ განაცხადის შეტანის შედეგად მინიჭებულია სელექციონერის უფლება ან ჯიში შეტანილია ჯიშების ოფიციალურ რეესტრში.

 

მუხლი 8

ერთგვაროვნება

ჯიში ითვლება ერთგვაროვნად, თუ მცენარის ჯიში, მისი გამრავლების თავისებურებებიდან გამომდინარე საკმარისად ერთნაირია ძირითადი ნიშნებით.

 

მუხლი 9

სტაბილურობა

ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშნები რჩება უცვლელი განმერებითი გამრავლების შემდეგ ან, გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში, ყოველი ასეთი ციკლის შემდეგ

 

თავი IV

 

მუხლი 10

განაცხადის წარდგენა

(1)[პირველი განაცხადის წარდგენის ადგილი] სელექციონერს შეუძლია აირჩიოს ხელშემკვრელი მხარე, რომლის უფლებამოსილ ორგანოშიც მას სურს წარადგინოს თავისი პირველი განაცხადი სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის.

(2)[მომდევნო განაცხადის წარდგენის დრო] სელექციონერს შეუძლია მიმართოს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის ისე, რომ არ დაუცადოს სელექციონერის უფლების მინიჭებას იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სადაც პირველი განაცხადი წარადგინა.

(3)[დაცვის დამოუკიდებლობა] არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს უფლება უარი თქვას სელექციონერის უფლების მინიჭებაზე, ან შეზღუდოს მისი მოქმედების ხანგრძლივობა იმის საფუძველზე, რომ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ან სახელმწიფოთა შორის ორგანიზაციაში იმავე ჯიშზე არ იყო მოთხოვნილი დაცვა, უარი ეთქვა, ან მისი მოქმედება ამოიწურა.

 

მუხლი 11

პრიორიტეტის უფლება

(1) [უფლება, მისი ვადა] ნებისმიერი სელექციონერი, რომელმაც წარადგინა განაცხადი ჯიშის დაცვაზე დადგენილი წესით ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარესთან ("პირველი განაცხადი”) , სარგებლობს პრიორიტეტის უფლებით თორმეტი თვის განმავლობაში განაცხადის წარსადგენად ამავე ჯიშზე სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოში ("მომდევნო განაცხადი”) , ეს ვადა აითვლება პირველი განაცხადის წარდგენის თარიღიდან. განაცხადის წარდგენის დღე მითითებულ ვადაში არ ჩაითვლება.

(2)[პრიორიტეტის უფლების მოთხოვნა] იმისათვის,  რომ ისარგებლოს პრიორიტეტის უფლებით,  სელექციონერი მომდევნო განაცხადით მოითხოვს პირველი განაცხადის პრიორიტეტს.უფლებამოსილ ორგანოს,  რომელშიც იყო წარდგენილი მომდევნო განაცხადი,  შეუძლია მოითხოვოს,  რომ მომდევნო განაცხადის წარდგენის დღიდან არანაკლებ სამი თვის ვადაში სელექციონერმა წარადგინოს საბუთები,  რომლებიც წარმოადგენს პირველი განაცხადის ასლს,  დამოწმებულს იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ,  რომელშიც იყო წარდგენილი ეს განაცხადი და ნიმუშები ან სხვა მტკიცებულებები იმისა,  რომ მოცემული ჯიში,  რომელიც ორივე განაცხადის საგანს წარმოადგენს,  არის ერთი და იგივე.

(3) [საბუთები და მასალა] სელექციონერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ორი წლის განმავლობაში პრიორიტეტის ვადის ამოწურვის შემდეგ,  ან თუ პირველი განაცხადი უარყოფილი ან უკან გამოთხოვილია,  შესაბამისი დრო ამგვარი უარყოფის ან უკან გამოთხოვის შემდეგ,  რათა  ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს,  სადაც მიწოდებული იყო მომდევნო განაცხადი, წარუდგინოს ექსპერტიზის მიზნებისათვის მე-12 მუხლის თანახმად ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია,  საბუთი ან მასალა,  რომელიც მოითხოვება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით.

(4)[ფაქტორები, რომლებიც მოხდა პრიორიტეტის ვადის განმავლობაში] ისეთი ფაქტები, როგორიც არის სხვა განაცხადის წარდგენა, ან გამოქვეყნება, ან იმ ჯიშის გამოყენება, რომელიც პირველი განაცხადის საგანს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ ხდება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, არ უნდა წარმოადგენდეს მომდევნო განაცხადის უარყოფის საფუძველს. ასეთმა ფაქტებმა, აგრეთვე არ უნდა წარმოქმნან უფლება ნებისმიერი მესამე პირისათვის.

 

მუხლი 12

განაცხადის ექსპერტიზა

სელექციონერის უფლების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს მე-5 –მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისობის ექსპერტიზას. ექსპერტიზის დროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გამოიყვანოს ჯიში ან ჩაატაროს სხვა საჭირო გამოცდები, ხელი შეუწყოს მცენარეთა ჯიშის მოყვანას ან სხვა აუცილებელი გამოცდების ჩატარებას, ან გაითვალისწინოს უკვე ჩატარებული გამოცდის შედეგები ექსპერტიზის  მიზნებისათვის. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს სელექციონერისაგან ყველა აუცილებელი ინფორმაციის, დოკუმენტების ან მასალის წარმოდგენა.

 

მუხლი 13

დროებითი დაცვა

სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის განაცხადის წარდგენიდან ან გამოქვეყნებიდან ასეთი უფლების მინიჭებამდე დროის განმავლობაში ყოველი ხელშემკვრელი მხარე იღებს ზომებს სელექციონერის ინტერესების დასაცავად.

 

თავი V

სელექციონერის უფლებები

 

მუხლი 14

სელექციონერის უფლების ფარგლები

(1) [ქმედებები, სათესლე მასალასთან დაკავშირებით] (ა) სელექციონერის ნებართვას, მე-15 და მე-16 მუხლების მიხედვით დაცული ჯიშების სათესლე მასალასთან დაკავშირებით, საჭიროებს შემდეგი ქმედებები:

(i) წარმოება ან კვლავწარმოება (გამრავლება);

(ii) კონდიციამდე დაყვანა გამრავლების მიზნებისათვის;

(iii) გასაყიდად შეთავაზება;

(iv) გაყიდვა ან სხვა სახის კომერციულ მიმოქცევაში ჩართვა;

(v) ექსპორტი;

(vi) იმპორტი;

(vii) შენახვა ზემოთ მოცემული (i)-დან (vi) ქვეპუნქტებით მითითებული მიზნებით.

(ბ) სელექციონერს შეუძლია ნებართვა შემოფარგლოს გარკვეული პირობებითა და შეზღუდვებით.

(2) [ქმედებები აღებული მოსავლის მცენარეულ მასალასთან დაკავშირებით]  მე-15-ე და მე-16-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით,  პუნქტი (1) (ა) (i) - (vii) ქვეპუნქტებით ქმედებები აღებული მოსავლის მცენარეულ მასალასთან დაკავშირებით,  მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით,  მიღებული დაცული ჯიშის სათესლე მასალის უნებართვოდ გამოყენების შედეგად,  საჭიროებს სელექციონერის ნებართვას,  თუ სელექციონერს არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა ესარგებლა თავისი უფლებით მითითებულ სათესლე მასალასთან დაკავშირებით.

(3)[ქმედებები ზოგიერთი პროდუქტის მიმართ] მე-15-ე და მე-16-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაითვალისწინოს, რომ ქმედებები, მითითებული (1) –(ა) პუნქტების (i) - (vii) ქვეპუნქტებით იმ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დამზადებულია უშუალოდ დაცული ჯიშის მოსავლიდან აღებული მცენარეული მასალისაგან და აღებული მოსავლის მცენარეული მასალის უნებართვო გამოყენების გამო ექვემდებარება მე-2 პუნქტის დებულებებს, საჭიროებს სელექციონერის ნებართვას, თუ მას არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა ესარგებლა თავისი უფლებით აღებული მოსავლის მცენარეულ მასალასთან დაკავშირებით.

(4) [სხვა შესაძლო ქმედებები] მე-15-ე, მე-16-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ქმედებები, რომლებიც განსხვავდება იმისაგან, რაც მითითებულია (1) – (ა) პუნქტების (i) -(vii) ქვეპუნქტებით, ასევე სელექციონერის ნებართვას საჭიროებს.

(5)[არსებითად წარმოებული და ზოგიერთი სხვა ჯიშები] (ა) დებულებები მოცემული (1)-(4) პუნქტებით გამოიყენება აგრეთვე:

(i) ჯიშების მიმართ,  რომლებიც არსებითად წარმოებულია დაცემული ჯიშისაგან,  თუ ეს დაცული ჯიში თვით არ წარმოადგენს,  არსებითად წარმოებულ ჯიშს.

(ii) ჯიშების მიმართ, რომლებიც თვალნათლივ არ განსხვავდება დაცული ჯიშებისაგან მე-7 მუხლის შესაბამისად, და

 (iii) ჯიშების მიმართ, რომელთა წარმოება მოითხოვს დაცული ჯიშის განმეორებით გამოყენებას.

 (ბ) (ა)(i) ქვეპუნქტის მიზნებისათვსი ჯიში ჩაითვლება არსებითად წარმოებულად სხვა ჯიშისაგან ("საწყისი ჯიშისაგან”) ,  თუ იგი:

(i) უპირატესად წარმოებულია საწყისი ჯიშისაგან ან სხვა ჯიშისაგან, რომელიც თვით არის წარმოებული საწყისი ჯიშისაგან,  მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებს ძირითადი ნიშნების გამოვლენის ხარისხს,  რომელიც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია,

(ii) ნათლად განსხვავდება საწყისი ჯიშისაგან და

(iii) საწყის ჯიშს შეესაბამება ძირითადი ნიშნების გამოვლენით, რომელიც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის რეალიზაციის შედეგია, იმ განსხვავებათა გამოკლებით, რომლებიც წარმოებული ჯიშის მიღების შედეგია.

(გ) არსებითად წარმოებული ჯიში შეიძლება მიღებული იქნეს, მაგალითად, ბუნებრივი ან ინდივიდუალური მუტანტის ან თვითკლონური ვარიანტის სელექციით, მცენარის ინდივიდუალური ვარიანტის გამორჩევით საწყისი ჯიშის მცენარისაგან, უკუშეჯვარებით, ან გენური ინჟინერიით გარდაქმნის გზით.

 

მუხლი 15

გამონაკლისი სელექციონერის უფლებიდან

(1) [სავალდებულო გამონაკლისი] სელექციონერის უფლება არ ვრცელდება:

(i) პირადი მოხმარების და არაკომერციული მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე;

(ii) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე;

(iii)  სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე იმ ქმედების გამორიცხვით,  როცა გამოიყენება მე-14(5) მუხლის დებულებები, აგრეთვე,  ქმედებებზე,  რომლებიც მითითებულია 14(1) –(4) მუხლში განხორციელებული სხვა ასეთი ჯიშების მიმართ

(2)[არასავალდებულო გამონაკლისი] მე-14 მუხლის გათვალისწინების გარეშე ყოველ ხელშემკვრელ მხარეს, გონივრულ ფარგლებში და სელექციონერის კანონიერი უფლებების შენარჩუნებით, შეუძლია შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერი ჯიშის მიმართ, რათა ნება დართოს ფერმერებს საკუთარი მიწის ნაკვეთებზე გამრავლების მიზნით გამოიყენონ მცენარეული მასალა მიღებული მათ მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთებზე დაცული ჯიშის დარგვის შედეგად, ან ჯიშისა, რომელზედაც ვრცელდება მე-14(5) (ა)(i) ან (ii) მუხლის დებულებები.

 

მუხლი 16

სელექციონერის უფლების ამოწურვა

(1)[უფლების ამოწურვა] სელექციონერის უფლება არ ვრცელდება ქმედებებზე,  რომლებიც ეხება დაცული ჯიშის ან მე-14 (5) მუხლის დებულებათა არეში მოქცეული ჯიშის ნებისმიერ მასალას,  რომელიც გაიყიდა ან სხვაგვარად იქნა შეტანილი კომერციულ ბრუნვაში სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით სხვა პირის მიერ მოცემული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან ნებისმიერ მასალას,  რომელიც მიღებულია აღნიშნული მასალისაგან, თუ ასეთი ქმედებები არ არის დაკავშირებული:

(i) მოცემული ჯიშის შემდგომ გამრავლებასთან ან

(ii) ჯიშის მცენარეული მასალის გატანასთან,  რომელიც შესაძლებლობას ქმნის გამრავლდეს ჯიში,  ქვეყანაში სადაც მოცემული ბოტანიკური გვარის ან სახეობის დაცვა არ ხდება,  მოხმარების მიზნით გატანის გარდა.

(2)[ტერმინის "მასალა” მნიშვნელობა] (1)-ლი პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი "მასალა” ჯიშთან დაკავშირებით ნიშნავს:

(i) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას;

(ii) აღებულ მასალას,  მთლიანი მცენარის და მისი ნაწილების ჩათვლით,  და

(iii) ნებისმიერ პროდუქტს,  მიღებულს უშუალოდ აღებული მასალისაგან.

(3) [ტერმინი "ტერიტორია” მნიშვნელობა ზოგიერთ შემთხვევაში] 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის ყველა ხელშემკვრელ მხარეს, რომლებიც ერთი და იმავე სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან, შესაძლებლობა აქვთ თუ ამას ითვალისწინებს ამ ორგანიზაციის წესდება, თავიანთი მოქმედებები განახორციელონ ერთობლივად ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებათა იმ ქმედებებთან გათანაბრებისათვის, რომლებიც განხორციელდა მათ საკუთარ ტერიტორიებზე და ამის შესახებ ატყობინებენ გენერალურ მდივანს.

 

მუხლი 17

სელექციონერის უფლების გამოყენების შეზღუდვა

(1)[საჯარო ინტერესები] თუ ამ კონვენციით სპეციალურად გათვალისწინებული არ არის,  არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია შეზღუდოს სელექციონერის უფლების თავისუფალი გამოყენება საჯარო ინტერესებისაგან განსხვავებული სხვა საფუძვლებით.

(2)[სამართლიანი ანაზღაურება] როდესაც ნებისმიერი ასეთი შეზღუდვის შედეგი მესამე პირისათვის იმ უფლებამოსილების მიცემაა,  რომ მან განახორციელოს ნებისმიერი ქმედება,  რომლისთვისაც მოითხოვება სელექციონერის ნებართვა,  შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა,  რათა უზრუნველყოფილი იქნეს სელექციონერის მიერ სამართლიანი ანაზღაურების მიღება.

 

მუხლი 18

კომერციის მარეგულირებელი ზომები

სელექციონერის უფლება თავისუფალია ხელშემკვრელი მხარის მიერ მის ტერიტორიაზე ჯიშის მასალის წარმოების,  სერტიფიკაციისა და მარკეტინგის ან ასეთი მასალის იმპორტის ან ექსპორტის ნებისმიერი მარეგულირებელი ზომის გატარებისაგან. ყველა შემთხვევაში,  ასეთმა ზომებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა ამ კონვენციის დებულებების გამოყენებაზე.

 

მუხლი19

სელექციონერის უფლების ხანგრძლივობა

(1) [დაცვის ხანგრძლივობა] სელექციონერის უფლება ენიჭება დადგენილი ხანგრძლივობით.

(2)[მინიმალური ხანგრძლივობა] მითითებული დაცვის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 20 წლისა სელექციონერის უფლების მინიჭების თარიღიდან. ხემცენარეებისა და ვაზისათვის აღნიშნული ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 25 წლისა მითითებული თარიღიდან.

 

თავი VI

ჯიშის დასახელება

მუხლი 20

ჯიშის დასახელება

(ა)[ჯიშის აღნიშვნა დასახელებით, დასახელების გამოყენება]

(ა) ჯიში აღნიშნული უნდა იყოს დასახელებით,  რომელიც არის მისი გვარის აღნიშვნა.

(ბ) ყოველი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ მე-(4) პუნქტის გათვალისწინებით აღნიშვნის,  ჯიშის დასახელებად რეგისტრაციის შედეგად წარმოშობილმა არავითარმა უფლებებმა არ შეუშალოს ხელი ამ დასახელების ჯიშთან დაკავშირებით თავისუფალ გამოყენებას,  სელექციონერის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგაც კი.

(2)[დასახელების დახასიათება] დასახელება უნდა იძლეოდეს ჯიშის იდენტიფიკაციის საშუალებას. იგი არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან,  იმ შემთხვევათა გამოკლებით,  როცა ეს შეესაბამება ჯიშის სახელის მინიჭების მიღებულ პრაქტიკას. იგი არ უნდა იწვევდეს შეცდომას ან აღრევას მოცემული ჯიშის მახასიათებლების, ჯიშის მნიშვნელობის ან სელექციონერის იდენტურობასთან დაკავშირებით. კერძოდ იგი უნდა განსხვავდებოდეს ნებისმიერი სხვა დასახელებისაგან,  რომლითაც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღნიშნულია იგივე მცენარის სახეობის არსებული ჯიში ან ახლოს მდგომი სახეობა.

(3)[დასახელების რეგისტრაცია] ჯიშის დასახელებას კომპეტენტურ ორგანოს სთავაზობს სელექციონერი. თუ აღმოჩნდება, რომ ამგვარი დასახელება მე-(2) პუნქტის მოთხოვნებს არ პასუხობს, მაშინ მითითებული ორგანო უარს აცხადებს მის რეგისტრაციაზე და ითხოვს, რომ სელექციონერმა მიაწოდოს დადგენილი ვადის განმავლობაში სხვა დასახელება. ჯიშის დასახელება რეგისტრირდება კომპეტენტური ორგანოს მიერ სელექციონერისათვის უფლების მინიჭებასთან ერთად.

(4)[მესამე პირთა ადრინდელი უფლებები] მესამე პირთა ადრინდელი უფლებები არ უნდა შეიბღალოს, თუ ადრე შეძენილი უფლების გამო რომელიმე ჯიშის დასახელების გამოყენება პირისათვის აკრძალულია, რომელიც (7) პუნქტის დებულებათა შესაბამისად ვალდებულია გამოიყენოს იგი, მაშინ კომპეტენტური ორგანო ითხოვს, რომ სელექციონერმა წარადგინოს ჯიშისათვის ახალი დასახელება.

(5)[დასახელების ერთიანობა ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის]ჯიში ყველა ხელშემკვრელ მხარეს უნდა წარედგინოს ერთი და იმავე დასახელებით. ყოველი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო ამგვარად შემოთავაზებულ დასახელებას არეგიტსტრირებს, თუ იგი არ ჩათვლის, რომ მის ტერიტორიაზე ასეთი დასახელება მიუღებელია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მან სელექციონერისაგან უნდა მოითხოვოს სხვა დასახელების წარდგენა.

(6)[ინფორმაცია ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოთა შორის]ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება ჯიშების დასახელებათა შესახებ, კერძოდ დასახელებათა წარდგენის, რეგისტრაციისა და შეცვლის შესახებ. ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გაგზავნოს შენიშვნა, თუ აქვს, დასახელების რეგისტრაციის შესახებ იმ ორგანიზაციაში, რომელმაც შეატყობინა მას ამ დასახელების თაობაზე.

(7)[დასახელების გამოყენების ვალდებულება] რომელიმე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიაზე დაცული ჯიშის სათესლე  მასალის გასაყიდად შემოთავაზებული ან გამყიდველი ნებისმიერი პირი ვალდებულია გამოიყენოს ამ ჯიშის დასახელება ამ ჯიშზე სელექციონერის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, თუ მე-(4) პუნქტის დებულებათა შესაბამისად ადრე შეძენილი უფლებები არ ეწინააღმდეგება ამგვარ გამოყენებას.

(8)[დასახელებასთან ერთად გამოყენებული აღნიშვნები] თუ ჯიში შეთავაზებულია გასაყიდად ან იყიდება, ნებადართულია სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდების ან სხვა ამგვარი აღნიშვნის ჯიშის რეგისტრირებულ დასახელებასთან ერთად გამოიყენება. თუ ასეთი აღნიშნვა შეესაბამება მითითებულს, მაშინ ჯიშის დასახელება, მიუხედავად შესაბამისობისა, იოლად ამოსაცნობი უნდა იყოს.

 

თავი VII

სელექციონების უფლების გაბათილება და გაუქმება

 

მუხლი 21

სელექციონერის უფლების ბათილად ცნობა

(1)[სელექციონერის უფლების გაბათილების საფუძვლები] ყოველი ხელშემკვრელი მხარე მის მიერ მინიჭებული სელექციონერის უფლებას აცხადებს ბათილად,  თუ დადგინდება,  რომ:

(i) სელექციონერის უფლების მინიჭების დროს არ იყო დაკმაყოფილებული მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

(ii) სელექციონერის უფლება მინიჭებული იყო ძირითადად სელექციონერის მიერ წარდგენილი ინფორმციისა და დოკუმენტების საფუძველზე,  ხოლო მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები სელექციონერის უფლების მინიჭების დროს არ იყო დაცული,  ან

(iii) სელექციონერის უფლება მინიჭებული ჰქონდა პირს, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა, თუ ეს უფლება გადაეცა პირს, რომელიც ამის შედეგად გახდა უფლებამოსილი.

 (2)[სხვა საფუძვლების გამორიცხვა] სელექციონერის უფლებათაგან არც ერთი უფლება არ შეიძლება გამოცხადდეს ბათილად საფუძვლებით,  რომლებიც განსხვავდება 1-ლი პუნქტით მითითებულისაგან.

 

მუხლი 22

სელექციონერის უფლების გაუქმება

(1)[სელექციონერის უფლების გაუქმების საფუძვლები] (ა) ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გააუქმოს მის მიერ მინიჭებული სელექციონერის უფლება,  თუ დადგინდება,  რომ მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი  მოთხოვნები აღარ კმაყოფილდება.

(ბ) გარდა ამისა,  ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გააუქმოს მის მიერ მინიჭებული სელქციონერის უფლება,  თუ კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით და დადგენილ ვადაში:

(i) სელექციონერი არ წარუდგენს ამ კომპეტენტურ ორგანოს ცნობებს,  საბუთებს ან მასალას,  რომლებიც ითვლება აუცილებლად ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის;

(ii) სელექციონერმა არ გადაიხადა საფასურები,  რომლის გადახდაც ხდება მისი უფლების მოქმედების შენარჩუნებისათვის, ან

 (iii) იმ შემთხვევაში,  როცა ჯიშის დასახელება უქმდება სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ,  ხოლო სელექციონერმა არ წარადგინა სხვა შესაფერისი დასახელება.

(3)[სხვა ნებისმიერი საფუძვლის გამორიცხვა] სელექციონერის უფლებათაგან არც ერთი უფლება არ შეიძლება გაუქმდეს საფუძვლებით, რომლებიც განსხვავდება (1)-ლი პუნქტით მითითებულისაგან.

 

თავი VIII

კავშირი

 

მუხლი 23

წევრები

ხელშემკვრელი მხარეები კავშირის წევრები არიან.

 

მუხლი 24

სამართლებრივი სტატუსი და ადგილმდებარეობა

(1)[იურიდიული პირი]კავშირი არის იურიდიული პირი.

(2)[უფლებაუნარიანობა] ყოველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე კავშირი სარგებლობს,  მითითებულ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  ისეთი უფლებაუნარიანობით,  რომელიც აუცილებელია კავშირის ამოცანების განხორციელებისა და მისი ფუნქციების შესასრულებლად.

(3)[ადგილმდებარეობა] კავშირის ადგილმდებარეობა და მისი მუდმივი ორგანოები არის ჟენევაში.

(4)[შეთანხმება შტაბ-ბინის შესახებ] შტაბ-ბინის შესახებ კავშირს აქვს შეთანხმება შვეიცარიის კონფედერაციასათან.

 

მუხლი 25

ორგანოები

კავშირის მუდმივი ორგანოებია საბჭო და კავშირის ბიურო.

 

მუხლი 26

საბჭო

(1)[შემადგენლობა] საბჭო შედგება კავშირის წევრთა წარმომადგენლებისაგან. კავშირის ყოველი წევრი ნიშნავს ერთ წარმომადგენელს და ერთ მის შემცვლელს. წარმომადგენლებს ან შემცვლელებს შეუძლიათ ჰყავდეთ თანაშემწეები ან მრჩევლები.

(2)[თანამდებობის პირები] საბჭო ირჩევს პრეზიდენტს და პირველ ვიცეპრეზიდენტს თავის წევრთაგან. მას შეუძლია აირჩიოს ვიცე- პრეზიდენტები. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ცვლის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში,  თუ პრეზიდენტს არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს თავისი ფუნქციები. პრეზიდენტს ირჩევენ სამწლიანი ვადით.

(3)[სესიები]საბჭოს სესიებს იწვევს მისი პრეზიდენტი. საბჭოს მორიგი სესიები ტარდება ყოველწლიურად. ამის გარდა პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს საბჭო თავისი შეხედულებისამებრ,  იგი საბჭოს იწვევს სამი თვის ვადაში,  თუ ამას მოითხოვს საბჭოს წევრთა ერთი მესამედი.

(4)[დამკვირვებლები] სახელმწიფოები,  რომლებიც არ არიან კავშირის წევრები შეიძლება მოწვეული იქნენ საბჭოს სხდომაზე დამკვირვებლად. ამგვარ სხდომებზე შეიძლება მოწვეულნი იქნენ აგრეთვე სხვა დამკვირვებლები და ექსპერტები.

(5)[საბჭოს ამოცანები] საბჭოს ამოცანებს შეადგენს:

(i)კავშირის ინტერესების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ღონისძიებების შესწავლა და მისი განვითარების ხელშეწყობა;

(ii) მისი პროცედურული წესების მიღება;

(iii) გენერალური მდივნის, და თუ საბჭო საჭიროდ ჩათვლის გენერალური მდივნის მოადგილის დანიშვნა, და მათი დანიშვნის პირობების განსაზღვრა;

(iv) საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და მისი შემდგომი მუშაობის პროგრამის მიღება;

(v) გენერალური მდივნისათვის საბჭოს ამოცანების შესასრულებლად ყველა აუცილებელი მითითების მიცემა;

(vi) საბჭოს ადმინისტრაციული და საფინანსო წესების დადგენა;

(vii) კავშირის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, აგრეთვე საბჭოს ყოველი წევრისათვის შენატანების ოდენობის დადგენა;

(viii) გენერალური მდივნის მიერ წარდგენილი საფინანსო ანგარიშების განხილვა და დამტკიცება;

(ix)კონფერენციების ჩატარების თარიღისა და ადგილის დადგენა, რომლებიც მითითებულია 38-ე მუხლით და მათი მომზადებისათვის აუცილებელი ზომების მიღება; და

(x) ზოგადი კავშირის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება.

(6)[ხმების რაოდენობა] (ა) კავშირის ყოველ წევრს,  რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს,  საბჭოში აქვს ერთი ხმა.

(ბ) ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე,  რომელიც სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა,  მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,  შეუძლია ისარგებლოს უფლებით მისცეს ხმა კავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით. ასეთი სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია ვერ ისარგებლებს ამ უფლებით,  თუ ხმას აძლევს თავად მისი წევრი სახელმწიფო და პირიქით.

(7)[უმრავლესობა] საბჭოს გადაწყვეტილებას იღებენ ხმათა უბრალო უმრავლესობით, ამასთან საბჭოს გადაწყვეტილებას, მიღებულს მე-5 (II) , (VI) და (VII) პუნქტების საფუძველზე, აგრეთვე 28(3)-ე,29(5)-ე და 38(1)-ე მუხლების საფუძველზე, იღებენ ხმათა სამი მეოთხედით, თავშეკავება ხმად არ ჩაითვლება.

 

მუხლი 27

კავშირის ბიურო

(1)[ბიუროს ამოცანები და ხელმძღვანელობა] კავშირის ბიურო ასრულებს საბჭოს მიერ დასახულ მოვალეობებსა და ამოცანებს. ბიუროს ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური მდივანი.

(2)[გენერალური მდივნის მოვალეობები] გენერალური მდივანი პასუხს აგებს საბჭოს წინაშე; იგი პასუხისმგებელია საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისათვის. იგი საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტს დასამტკიცებლად და უზრუნველყოფს მის შესრულებას, ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე თავისი მუშაობის შესახებ და წარადგენს მოხსენებას თავისი მოღვაწეობისა და კავშირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

(3)[თანამშრომლები] 26(5)(iii)-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თანამშრომლების დანიშვნისა და დაქირავების პირობები, რომელიც აუცილებელია კავშირის ბიუროს ამოცანების ეფექტიანი განხორციელებისათვის, განისაზღვრება ადმინისტრაციული და ფინანსური წესებით.

 

მუხლი 28

ენები

(1)[ბიუროს სამუშაო ენები] კავშირის ბიურო თავისი მოვალეობების შესრულებისათვის იყენებს ინგლისურ,  გერმანულ და ესპანურ ენებს.

(2)[ზოგიერთ სხდომებზე გამოყენებული ენები] საბჭოს სხდომები და გადასინჯვის კონფერენციები მიმდინარეობს მითითებულ ოთხ ენაზე.

(3)[სხვა ენები] საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხვა ენების გამოყენების შესახებ.

 

მუხლი 29

ფინანსები

(1)[შემოსავლები]კავშირის დანახარჯები იფარება:

(i)კავშირის წევრი ქვეყნების ყოველწლიური შენატანებით;

(ii) გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული გადასახადებით;

(iii) სხვადასხვა შემოსავლებით;

(2)[შენატანები: წილები] (ა) კავშირის ყოველი წევრი ქვეყნის წილი ყოველწლიური შენატანის საერთო ჯამში განისაზღვრება ხარჯების საერთო ჯამის გათვალისწინებით,  რომელიც იფარება კავშირის წევრი ქვეყნების შენატანების ხარჯზე,  და ერთეული შენატანთა ოდენობით მოცემული ქვეყნის მიმართ გამოყენებული მე-(3) პუნქტის მიხედვით. მითითებული წილი იანგარიშება მე-(4) პუნქტის მიხედვით.

(ბ) ერთეულ შენატანთა ოდენობა გამოიხატება მთელი ან წილადი რიცხვებით,  იმ პირობით,  რომ არც ერთი წილადი არ იქნება ერთ მეხუთედზე ნაკლები.

(3)[შენატანები: ყოველი წევრის წილი](ა) კავშირის ნებისმიერი წევრის შესაბამისი ერთეული შენატანის ოდენობა,  რომელიც 1961/1972 წ.წ. ან 1978 წლის აქტის მონაწილეა,  იმ თარიღისათვის,  რომლიდანაც იგი შებოჭილია ამ კონვენციით რჩება იგივე, რა ერთეული შენატანითაც შეესაბამებოდა მას უშუალოდ მითითებულ თარიღამდე.

(ბ) ნებისმიერი კავშირის სხვა წევრი სახელმწიფო,  კავშირთან მიერთებისას,  გენერალური მდივნისადმი გაგზავნილ განცხადებაში მიუთითებს მისთვის მისაღებ ერთეული შენატანის ოდენობას.

(გ) კავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს,  გენერალური მდივნისადმი გაგზავნილ განცხადებაში,  შეუძლია ნებისიმიერ დროს მიუთითოს ერთეული შენატანის ოდენობა,  რომელიც (ა) და (ბ) ქვეპუნქტების თანახმად მისთვის შესაბამისისაგან განსხვავდება. ასეთი განცხადება,  თუ იგი შეტანილია კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში,  ძალას იძენს მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისიდან,  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ძალას იძენს მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისიდან,  რომლის განმავლობაშიც იყო შეტანილი განცხადება.

(4) [შენატანები: წლის გაანგარიშება]

(ა) ყოველი საბიუჯეტო პერიოდისათვის ერთეული შენატანის ოდენობა განისაზღვრება იმგვარად, რომ დანახარჯების საერთო ჯამი, რომელიც იხარჯება კავშირის წევრი სახელმწიფოების შენატანებით, იყოფა ერთეული შენატანების ოდენობაზე, რომელიც შეესაბამება კავშირის მოცემულ წევრ სახელმწიფოებს.

(ბ) კავშირის ყოველი წევრი სახელმწიფოს შენატანის ოდენობა განისაზღვრება იმგვარად, რომ ერთი ერთეული შენატანის ჯამი მრავლდება ერთეული შენატანების ოდენობაზე, რომელიც შეესაბამება კავშირის ამ წევრ სახელმწიფოს.

(5)[შენატანების გადახდის დავალიანება] (ა) წევრი სახელმწიფო,  რომელსაც აქვს შენატანის გადახდის დავალიანება (ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით,  საბჭოში არ შეიძლება სარგებლობდეს ხმის უფლებით, თუ მისი დავალიანების ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ ქვეყნის მიერ გადასახდელი წინა სრული წლის შენატანის ოდენობას. ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერება არ ათავისუფლებს კავშირის ასეთ წევრ სახელმწიფოს მისი ვალდებულებისაგან მოცემული კონვენციის შესაბამისად და არ ართმევს მისგან გამომდინარე სხვა რომელიმე უფლებას.

(ბ) საბჭოს შეუძლია ნება დართოს კავშირის მოცემულ წევრ სახელმწიფოს ისარგებლოს ხმის უფლებით,  თუ და იმ პირობით,  რომ იგი შეძლებს დაამტკიცოს საბჭოსათვის მისაღები ფორმით,  რომ გადახდის შეჩერება გამოწვეულია განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი ვითარებებით.

(6)[ ანგარიშის შემოწმება] კავშირის ანგარიშების შემოწმებას ადმინისტრაციული და საფინანსო წესების შესაბამისად ახორციელებს კავშირის ერთი რომელიმე წევრი სახელმწიფო. კავშირის ასეთი წევრი სახელმწიფო ინიშნება,  მისი თანხმობით,  საბჭოს მიერ.

(7)[სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების შენატანები] ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციაა, არ არის ვალდებული გადაიხადოს შენატანები. თუ, ამის მიუხედავად იგი საჭიროდ ჩათვლის შენატანების გადახდას, მის მიმართ გამოიყენება (1)-ლი – მე-(4) პუნქტების დებულებები.

 

თავი IX

კონვენციის გამოყენება: სხვა შეთანხმებები

 

მუხლი 30

კონვენციის გამოყენება

(1)[ზომები გამოყენებისათვის] ყოველი ხელშემკვრელი მხარე იღებს ყველა აუცილებელ ზომას კონვენციის გამოყენებისათვის,  კერძოდ:

(i)ითვალისწინებს შესაბამის სამართლებრივ საშუალებებს, სელექციონერის უფლების ეფექტიანი დაცვისათვის;

(ii) აქვს კომპეტენტური ორგანო, რომელსაც ავალებს სელექციონერის უფლების მინიჭებას ან ამ ამოცანას ავალებს სხვა ხელშემკვრელ მხარის კომპეტენტურ ორგანოს;

(iii) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ინფორმაციის პერიოდულად გამოქვეყნების გზით,  რომელიც დაკავშირებულია:

- განაცხადთან,  სელექციონერის უფლების მინიჭებასთან და

- შემოთავაზებულ და მოწონებულ დასახელებებთან.

(2)[კანონმდებლობათა შესაბამისობა] ნავარაუდევია, რომ ყოველ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას, რატიფიკაციის შესახებ თავისი დოკუმენტაციის შესანახად ჩაბარების მომენტისათვის, მიღების,მოწონების ან მიერთების, კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, უნდა შეეძლოს თავის კანონმდებლობის მიხედვით მოცემული კონვენციის დებულებათა განხორციელება.

 

მუხლი 31

ურთიერთობა ხელშემკვრელ მხარეთა შორის და სახელმწიფოები შეზღუდულნი ადრინდელი აქტებით

(1) [მოცემული კონვენციით შეზღუდულნი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა] კავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში,  რომლებიც შეზღუდულნი არიან მოცემული კონვენციით და ნებისმიერი ადრინდელი აქტით,  გამოიყენება მხოლოდ ამ კონვენციის დებულებები.

(2)[შესაძლო ურთიერთობა სახელმწიფოთა შორის, რომლებიც შეზღუდულნი არ არიან ამ კონვენციით] კავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც შეზღუდული არ არის ამ კონვენციით, შეტყობინებაში, რომელსაც უგზავნის გენერალურ მდივანს, შეუძლია განაცხადოს, რომ კავშირის იმ ყოველ წევრთან თავის ურთიერთობაში, რომლებიც შეზღუდული არიან მხოლოდ მოცემული კონვენციით, იგი გამოიყენებს უკანასკნელ  აქტს, რომლითაც იგი არის შეზღუდული. ასეთი შეტყობინებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელმაც ასეთი შეტყობინება გაგზავნა, მხოლოდ იმ კონვენციით შეზღუდული თითოეული წევრის მიმართ შეუძლია უკანასკნელი აქტი გამოიყენოს, სანამ თავად გახდება კონვენციით შეზღუდული მაშინ, როდესაც კონვენციით შეზღუდულ წევრებს მის მიმართ შეუძლიათ ამ კონვენციის გამოყენება.

 

მუხლი 32

სპეციალური შეთანხმებები

კავშირის წევრები იტოვებენ უფლებას ერთმანეთთან დადონ სპეციალური შეთანხმებები მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ, თუ ასეთი შეთანხმებები არ ეწინააღმდეგება მოცემული კონვენციის დებულებებს.

 

თავი X

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 33

ხელმოწერა

მოცემული კონვენცია ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოს ხელმოწერისათვის, რომელიც კავშირის წევრია მიღების თარიღისათვის. იგი ღიაა ხელმოწერისათვის 1992 წლის 31 მარტამდე.

 

მუხლი 34

რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, მიერთება

(1)[სახელმწიფოები და ზოგიერთი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები] (ა) მოცემული მუხლის დებულებათა შესაბამისად, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს მოცემული კონვენციის მონაწილე.

(ბ) მოცემული მუხლის დებულებათა შესაბამისად ნებისმიერ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციას შეუძლია გახდეს ამ კონვენციის მონაწილე, თუ მას:

(i) აქვს კომპეტენცია საკითხებში, რომლებიც წესრიგდება მოცემული კონვენციით;

(ii) აქვს თავისი საკუთარი კანონმდებლობა,  რომელიც ითვალისწინებს სელექციონერის უფლების მინიჭებას და დაცვას,  სავალდებულოს მის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოებისათვის,  და

(iii) მისი შინაგანი პროცედურების თანახმად ჯეროვნად უფლებამოსილია მიუერთდეს მოცემულ კონვენციას.

(2)[მიერთების დოკუმენტი] ნებისმიერი ქვეყანა,  რომელმაც ხელი მოაწერა მოცემულ კონვენციას,  ხდება მისი მონაწილე ამ კონვენციასთან მიმართებაში სარატიფიკაციო სიგელის,  მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების გზით. ნებისმიერი სახელმწიფო,  რომელმაც ხელი არ მოაწერა მოცემულ კონვენციას და ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია ხდება მოცემული კონვენციის მონაწილე,  მოცემულ კონვენციასთან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარების გზით. სარატიფიკაციო სიგელები,  მიღების ან დამატების შესახებ საბუთები,  ან მიერთების შესახებ აქტები შესანახად ბარდება გენერალურ მდივანს.

(3)[საბჭოს დასკვნა] ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის კავშირის წევრი და ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, ვიდრე მიერთების აქტს შესანახად ჩააბარებს, დასკვნის მისაღებად თხოვნით მიმართავს საბჭოს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება მისი ეროვნული კანონმდებლობა მოცემული კონვენციის დებულებებს. თუ საბჭოს დასკვნა დადებითია, შესაძლებელია მიერთების აქტის შესანახად ჩაბარება.

 

მუხლი35

დათქმები

(1)[პრინციპი] მე-(2) პუნქტის გათვალისწინებით მოცემულ კონვენციასთან დაკავშირებით დათქმები არ დაიშვება.

(2)[შესაძლო გამონაკლისი] (ა) მე-3 (1) მუხლის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი სახელმწიფო, როცა იგი ხდება ამ კონვენციის მონაწილე, შეზღუდულია 1978 წლის აქტის დებულებებით და რომელიც ვეგეტაციურად გასამრავლებელ ჯიშებთან დაკავშირებით ითვალისწინებს სელექციონერის უფლებით დაცვას კი არა, არამედ სხვა სახის დამცავი დოკუმენტით სამრეწველო საკუთრების სფეროში, უფლება აქვს გააგრძელოს ასეთი დაცვის განხორციელება, ისე, რომ მოცემული კონვენცია არ გამოიყენოს ასეთი ჯიშების მიმართ.

(ბ) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამ უფლებას გამოიყენებს, სარატიფიკაციო სიგელის მიღების, დამტკიცების დოკუმენტის, ან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარების დროს, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, ამის შესახებ ატყობინებს გენერალურ მდივანს. ასეთ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს უკან გაითხოვოს მითითებული შეტყობინება.

 

მუხლი 36

შეტყობინება, რომელიც ეხება კანონმდებლობას და დასაცავ გვარებსა და სახეობებს;

 

ინფორმაციის გამოქვეყნება

(1)[პირველადი შეტყობინება] სარატიფიკაციო სიგელის,  მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის,  ან მოცემულ კონვენციასთან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარების დროს,  ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით,  ნებისმიერი ქვეყანა ან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია გენერალურ მდივანს ატყობინებს:

(i) თავისი კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აწესრიგებს სელექციონერის უფლებებს, და

(ii) გვარებისა და სახეობების ჩამონათვალის შესახებ,  რომელთა მიმართაც იმ თარიღიდან,  როცა სახელმწიფო ან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია შეზღუდული იქნება მოცემული კონვენციით და რომ იგი გამოიყენებს მოცემული კონვენციის დებულებებს.

(2)[შეტყობინება ცვლილებების შესახებ] ყოველი ხელშემკვრელი მხარე გენერალურ მდივანს შეუფერხებლად ატყობინებს შემდეგს:

(i) თავისი კანონმდებლობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ,  რომელიც აწესრიგებს სელექციონერთა უფლებებს,  და

(ii) მოცემული კონვენციის დამატებით გვარებისა და სახეობების მიმართ გამოყენების ნებისმიერი გაფართოების შესახებ.

(3)[ინფორმაციის გამოქვეყნება] ყოველი დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის შეტყობინების საფუძველზე გენერალური მდივანი აქვეყნებს ინფორმაციას:

(i) კანონმდებლობის შესახებ,  რომელიც აწესრიგებს სელექციონერთა უფლებებს და ნებისმიერი ცვლილებების შესახებ,  რომელიც შეტანილი იქნა აღნიშნულ კანონმდებლობაში,  და

(ii) მცენარეთა გვარებისა და სახეობების ჩამონათვალის,  მითითებული (1) (ii) პუნქტის და ნებისმიერი გაფართოების შესახებ,  მითითებული (2) (ii) პუნქტით.

 

მუხლი 37

ამოქმედება; ადრინდელ აქტებთან მიერთების შეუძლებლობა

(1)[საწყისი ამოქმედება] მოცემული კონვენცია ამოქმედდება იმის შემდეგ, რაც ხუთი ქვეყანა თავიანთ სარატიფიკაციო სიგელებს, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტებს ან მიუერთებს აქტებს, შემთხვევის მიხედვით, ჩააბარებს შესანახად, იმ პირობით, რომ მითითებული დოკუმენტებიდან სამი მაინც შესანახად ჩააბარეს 1961/1972 წწ. და 1978წ. აქტის მონაწილე წევრ-სახელმწიფოებმა.

(2)[შემდგომი ამოქმედება] იმ ქვეყანასთან ან სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციასთან დაკავშირებით,  რომლებზეც არ ვრცელდება (1)-ლი პუნქტის დებულება,  მოცემული კონვენცია ამოქმედდება სარატიფიკაციო სიგელის,  მიღების ან დამტკიცების ან მიერთების აქტის,  შემთხვევის მიხედვით,  შესანახად ჩაბარებიდან ერთი  თვის თავზე.

(3)[1978 წ. აქტთან მიერთების შეუძლებლობა] (1)-ლი პუნქტის შესაბამისად მოცემული კონვენციის ამოქმედების შემდეგ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია შეუერთდეს 1978 წლის აქტს,  იმ ქვეყნების გამოკლებით,  რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის მიერ, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად,  ითვლებიან განვითარებად ქვეყნებად,  და რომლებთაც ამგვარი დოკუმენტის ჩაბარება შეუძლიათ 1995 წ.31 დეკემბრამდე. აგრეთვე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შეუძლია ჩააბაროს ასეთი დოკუმენტი 1993 წლის 31 დეკემბრამდე,  იმ შემთხვევაშიც კი,  თუ მოცემული კონვენცია ამოქმედდა ამ თარიღამდე.

 

მუხლი 38

კონვენციის გადასინჯვა

(1)[კონფერენცია] მოცემული კონვენცია შეიძლება გადაისინჯოს კავშირის წევრების კონფერენციის მიერ. ასეთი კონფერენციის მოწვევის გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

(2)[კვორუმი და უმრავლესობა] კონფერენციის მუშაობის შედეგები ჩაითვლება ნამდვილად,  იმ შემთხვევაში,  თუ მას ესწრებოდა კავშირის წევრი ქვეყნების ნახევარი მაინც. კონვენციის ნებისმიერი გადასინჯული ტექსტის მისაღებად აუცილებელია კავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის სამ მეოთხედზე მეტი იმათგან,  ვინც კონფერენციას ესწრებოდა და იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

 

მუხლი 39

კონვენციის დენონსაცია

(1)[შეტყობინებები] ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოცემული კონვენციის დენონსირება გენერალური მდივნის შეტყობინების გზით. გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა წევრს ამგვარი შეტყობინების მიღების შესახებ.

(2)[ადრინდელი აქტები] კონვენციის დენონსირების შეტყობინება განიხილება აგრეთვე ნებისმიერი ადრინდელი აქტის დენონსირებად,  რომლითაც შეზღუდულია მოცემული კონვენციის დენონსირების შესახებ მაუწყებელი ხელშემკვრელი მხარე.

(3)[ძალაში შესვლის თარიღი] დენონსირება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ მოცემული კონვენციის დენონსირების შესახებ შეტყობინების მიღების მომდევნო კალენდარული წლის ბოლოს.

(4)[შეძენილი უფლებები] დენონსირება არ ეხება სელექციონერის უფლებებს, რომლებიც შეძენილია მოცემული კონვენციის ან რომელიმე ადრინდელი აქტების ძალით,  ასეთი დენონსირების ამოქმედებამდე.

 

მუხლი 40

მოქმედი უფლებების შენარჩუნება

მოცემული კონვენცია არ ზღუდავს სელექციონერის უფლებებს, შეძენილს ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით ან ადრინდელი აქტებითან კონვენციისაგან განსხვავებული შეთანხმებებით,  რომლებიც დადებულია კავშირის წევრებს შორის.

 

მუხლი 41

კონვენციის დედანი და ოფიციალური ტექსტები

(1)[დედანი] მოცემული კონვენციის ხელმოწერა ხდება ერთ ეგზემპლარად ინგლისურ,  ფრანგულ და გერმანულ ენებზე. სხვადასხვა ენებზე შედგენილი ტექსტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს. დედანი შესანახად ბარდება გენერალურ მდივანს.

(2)[ ოფიციალური ტექსტები] ოფიციალური ტექსტები მიიღება გენერალური მდივნის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ არაბულ,  ჰოლანდიურ,  იტალიურ,  ესპანურ და იაპონურ ენებზე,  რომელსაც განსაზღვრავს საბჭო.

 

მუხლი 42

დეპოზიტარის ფუნქციები

(1)[ასლების გადაცემა] გენერალური მდივანი დადგენილი წესით გადასცემს მოცემული კონვენციის დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს და სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ მოცემული კონვენციის მიმღებ დიპლომატიურ კონფერენციაზე, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციასთან.

(2) [რეგისტრაცია] გენერალური მდივანი ახორციელებს მოცემული კონვენციის რეგისტრაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

 


tag: