Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
2009 წლის ნობელის პრემიების ლაურეატები

 

                            ალფრედ ნობელი და მისი  პრემია

 

        

          

   ცნობილი  ქიმიკოსი და ინჟინერ–გამომგონებელი  ალფრედ ნობელი დაიბადა 1833 წლის 21 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმ. იგი  მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის  ავტორი  და 355 პატენტის  მფლობელი იყო, თუმცა სახელი გაითქვა როგორც დინამიტის გამომგონებელმა.   ერთმა სერიოზულმა უზუსტობამ  კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდა ცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ. ნეკროლოგში მას დინამიტის გამოგონებისთვის კიცხავდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა გადაწყვიტა შთამომავლობისთვის სხვაგვარად დაემახსოვრებინა თავი და 1895 წლის 27 ნოემბერს პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში ხელი მოაწერა ანდერძს, რომელიც ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისათვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა.

       ,, მე, ქვემო ხელისმომწერი, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, მოფიქრების შემდეგ ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს იმ ქონების მიმართ, რომელიც შევიძინე ჩემი გარდაცვალების დროისთვის.

მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. აღნიშნული პროცენტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობისა ან არსებული არმიების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონფერენციების ჩატარებას. ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – კაროლინის ინსტიტუტი სტოკჰოლმში, ლიტერატურაში – აკადემია სტოკჰოლმში, მშვიდობისათვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. ჩემი  დაბეჯითებითი სურვილია, რომ პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, დამოუკიდებლად იმისა, სკანდინავიელია იგი თუ არა. ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი“.

                                                              ალფრედ ბერნჰარდ ნობელი – პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ.

             

   ალფრედ ნობელი გარდაიცვალა 1896 წლის 10 დეკემბერს იტალიის ქალაქ  სან – რემოში. ნობელის ფონდი 1900 წელს შეიქმნა. მისი საწყისი კაპიტალი 31 მილიონ შვედურ კრონს შეადგენდა. გამარჯვებულები პირველად 1901 წლის 10 დეკემბერს დაჯილდოვდნენ. ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, პრემია გადაეცათ ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგია-მედიცინის და კულტურის სფეროს ღირსეულ წარმომადგენლებს, ასევე – მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.1969 წლიდან კი ნობელის პრემია ეკონომიკაშიც დაწესდა. მას შემდეგ ნობელის ფონდის ხელმძღვანელობას ნომინაციების რაოდენობა აღარ გაუზრდია. ნობელის პრემია არ გადაეცემა მათემატიკოსებს. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად ალფრედ ნობელი განაწყენებული იყო შვედ მათემატიკოს მიტაგ ლეფლერზე, რომელმაც მას საცოლე წაართვა. განრისხებულმა ნობელმა მათემატიკოსების  კრეატიულობაში ეჭვი შეიტანა და  არ მოახვედრა ლაურეატთა სიაში.  ყოველწლიური პრემია არ გაიცემა ერთი სფეროს სამზე მეტ წარმომადგენელზე.   გარდაცვალების შემდეგ პრემიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებენ, თუ პრეტენდენტი ცოცხალი იყო გამარჯვების გამოცხადების პერიოდში, მაგრამ გარდაიცვალა იმავე წლის 10 დეკემბრამდე. ლაურეატების გამოსავლენად ექვსი კომიტეტი მუშაობს. კომიტეტებს სხვადასხვა ორგანიზაციები თუ დაწესებულებები აკომპლექტებენ. მაგალითად, შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემია ირჩევს ნობელის პრემიის კომიტეტს ეკონომიკაში, კაროლონის სამეფოს სამედიცინო-ქირურგიული ინსტიტუტი – ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, შვედეთის აკადემია – ლიტერატურაში, ნორვეგიული პარლამენტი – მშვიდობის საქმეში. ლიტერატურის დარგში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:  შვედურ აკადემიას, ასევე ანალოგიური აკადემიების, ინსტიტუტებისა და საზოგადოებების წევრებს; ლიტერატურის ისტორიის პროფესორებსა და ენათმეცნიერებს; ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატებს; სხვადასხვა კავშირების თავმჯდომარეებს. ნობელის პრემიის მინიჭების პროცედურები განსხვავებულია. ფიზიკაში, ქიმიასა და  ფიზიოლოგია-მედიცინაში, ლიტერატურასა და ეკონომიკაში აღიარებული ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია კოპენჰაგენის საკონცერტო დარბაზში იმართება და გამარჯვებულებს შვედეთის მეფე აჯილდოვებს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტი კი ამ პრემიას მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ნობელიანტს ოსლოში გადასცემს ნორვეგიის მეფისა და სამეფო ოჯახის წევრების თანდასწრებით. 1946 წლიდან ნობელის ფონდი გადასახადებისგან გათავისუფლდა და ინვესტიციების, საქველმოქმედო შემოსავლების ხარჯზე ივსება. პრესტიჟულობის მიუხედავად, ნობელის პრემიას მუდამ აკრიტიკებენ. კრიტიკის მიზეზი ისაა, რომ  თითქოს ევროპელებისა და ამერიკელების გვერდით სათანადოდ არ აფასებენ აზიელებს, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ტრადიცია აქვთ. კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად პრემიის გარეშე რჩებიან მწერლები, რომლებმაც XX ს-ის ლიტერატურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს (მაგ.,ფედერიკო გარსია ლორკა, ავგუსტ სტრინბერგი, თომას ვულფი, პოლ ვალერი, მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ბერტოლდ ბრეხტი, ჯეიმს ჯოისი, ემილ ზოლა, მარსელ პრუსტი, რაინერ მარია რილკე, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მარკ ტვენი, თეოდორ დრაიზერი და სხვები). კომიტეტმა არც ბორხესი აღიარა, რადგან მწერალი პინოჩეტს ესტუმრა, ხელი ჩამოართვა და კომუნისტების “დამხობისთვის” შეაქო. ლევ ტოლსტოის კანდიდატურის წინააღმდეგი აღმოჩნდა შვედური აკადემიის მდივანი – კარლ ვირსენი. ლაურეატების შერჩევის პროცესი ხშირად მითქმა-მოთქმის ფონზე მიმდინარეობს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ პრემიის მინიჭების თავისებურებები გასაიდუმლოებულია და ბევრი მხოლოდ ვარაუდის დონეზე მსჯელობს. მიუხედავად ამისა, პრემიისადმი ინტერესი არ ცხრება. ნობელის პრემია ყველაზე ანაზღაურებადი და გასაიდუმლოებულია. ნობელის კომიტეტი ლიტერატურაში წარდგენილ კანდიდატებს თებერვლის თვეში აჯამებს (დაახლოებით, 200-300 პრეტენდენტის გვარი განიხილება), შემდეგ, ივნისის ბოლოს, 14 ავტორისგან შემდგარი “ლონგ-ლისტი” დგება. კომიტეტის წევრებს სასტიკად ეკრძალებათ  სავარაუდო პრეტენდენტების სახელის ხსენებაც კი. ამიტომ სიაში მოხვედრილებს ზედმეტსახელებს არქმევენ. მაგალითად, 2005 წლის ლიტერატურული პრემიის ლაურეატს – რონალდ პინტერს განხილვისას ჰარი პოტერს ეძახდნენ. კანდიდატურებზე მსჯელობა მთელი ზაფხული გრძელდება. კომიტეტის წევრები ცდილობენ, ნაწარმოებები ორიგინალში წაიკითხონ (ძირითად ენებად ითვლება ფრანგული, ინგლისური, რუსული და გერმანული), საჭიროების შემთხვევაში კი მთარგმნელებსაც იწვევენ, რომლებიც იძულებულნი არიან ზემოთხსენებულ წესებს დაექვემდებარონ. მოგვიანებით განიხილება ხუთი გვარისაგან შემდგარი სია და სექტემბერში ხმის მიცემაც იწყება. 2007 წელს შვედეთის სამეფო აკადემიის მდივანმა და ნობელის პრემიის კომიტეტის წევრმა ხორას ენგდალმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კანდიდატურებს ნობელის კომიტეტის 18 წევრიდან მხოლოდ 15-მა მისცა ხმა – ერთი აკადემიკოსი გარდაიცვალა (მისი შეცვლა ვერ მოესწრო), ხოლო ორმა აკადემიას ბოიკოტი გამოუცხადა აზრთა სხვადასხვაობის გამო.  სკანდალური აღმოჩნდა ის ფაქტი, როცა ფრანც კაფკას პრემიის ლაურეატები ნობელიანტებიც გახდნენ. კერძოდ, 2004 – 2005 წლებში ელფრიდე ელინეკმა და ჰაროლდ პინტერმა ჯერ კაფკას პრემია მიიღეს, შემდეგ – ნობელის. მომდევნო წლებში ეს აღარ განმეორებულა. კომიტეტს ჰქონდა მცდელობა პოლიტიკის გარეშე “ეთამაშა”. ხშირად პრემიას იღებდა მწერალი, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და კონფლიქტი ჰქონდა ხელისუფლებასთან, რასაც დადებითი მხარეც გააჩნდა, მაგალითად: 2006 წლის ნობელიანტი ორხან ფამუქი სწორედ პრემიამ იხსნა თურქეთის ციხისგან. ნობელის პრემიის ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი ლიტერატურაში გახლდათ დორის ლესინგი, რომელიც პრემიის მინიჭების მომენტში (2007 წ.) 87 წლის იყო; ყველაზე ახალგაზრდა – რედიარდ კიპლინგი, რომელმაც პრემია (1907 წ.) 42 წლის ასაკში მიიღო;  ყველაზე დიდხანს 1950 წლის ლაურეატმა ბერტრან რასელმა იცოცხლა, რომელიც 1970 წლის 2 თებერვალს 97 წლის ასაკსი გარდაიცვალა; ყველაზე მოკლე სიცოცხლე ჰქონდა ალბერტ კამიუს, რომელიც 46 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა
   ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, ასევე დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს მხოლოდ ერთხელ (გამონაკლისი იყო მარია სკლოდოვსკაია-კიური, მან ორჯერ მიიღო ნობელის პრემია). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ყოველი წლის 10 დეკემბერს ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება, ეს დღე ნობელის დღედაა გამოცხადებული. 
   1901 წელს პირველი პრემიის გადაცემასთან ერთად გაიმართა ნობელის პირველი ბანკეტი. დღეისათვის ბანკეტი სტოკჰოლმის მერიის ლურჯ დარბაზში ეწყობა. ბანკეტზე იწვევენ 1300-1400-მდე სტუმარს. ფრაკი და საღამოს კაბა აუცილებელია. მენიუს შერჩევაში მონაწილეობენ რესტორან “რატუშას სარდაფის” მზარეულები და კულინარები, რომლებსაც ამა თუ იმ წელს მიენიჭათ “წლის კულინარის” წოდება. სექტემბერში მენიუს სამგვარ ვარიანტს ნობელის კომიტეტის წევრები აგემოვნებენ, საბოოლოდ სწორედ ისინი წყვეტენ რა კერძები იქნება “ნობელის სუფრაზე”. ნობელის მენიუდან ცნობილია მხოლოდ უცვლელი დესერტი - ნაყინი, თუმცა 10 დეკემბრის საღამომდე ორგანიზატორების ვიწრო წრის გარდა არავინ იცის, რომელი სახეობის ნაყინი იქნება ბანკეტზე. ნობელის ბანკეტის სუფრები და სერვისი საგანგებო დიზაინისაა. თითოეული სუფრისა და ხელსაწმენდის კუთხეში ნობელის პორტრეტია ამოქარგული. ხელნაკეთი ჭურჭლის თითოეული თეფშის კიდეზეა სამი ფერი - ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი. ფერთა ასეთივე გამითაა შემკული ბროლის სირჩების ფეხები. ნობელის საბანკეტო სერვისი 1991 წელს ნობელის პრემიის 90 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო შეკვეთით დაამზადებინეს (შეკვეთის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა). ნობელის სერვისში შედის 6750 სირჩა, 9450 დანა-ჩანგალი, 9550 თეფში და ერთი ჩაის ფინჯანი, ის განკუთვნილია შვედეთის პრინცესა ლილიანასთვის, რადგან პრინცესა ყავასთან მწყრალადაა. ფინჯანი ინახება საგანგებო ხის ლამაზ ყუთში, რომელზეც შვედეთის პრინცესა ლილიანას მონოგრამაა ამოტვიფრული. დარბაზში მაგიდები მათემატიკური სიზუსტითაა განლაგებული. დარბაზს სან-რემოდან გამოგზავნილი 23 ათასი ყვავილით რთავენ. ოფიციანტების თითოეული მოძრაობა მკაცრად, წამის სიზუსტითაა გათვლილი. ნაყინის საზეიმო შემოტანას 3 წუთს ანდომებენ. სხვა კერძების შემოტანას 2 წუთი ეთმობა. ყოველი წლის 10 დეკეებრს ზუსტად 19:00 საათზე საპატიო სტუმრები მეფისა და დედოფლის თაოსნობით კიბეებით ეშვებიან ლურჯ დარბაზში, სადაც სხვა სტუმრები უკვე მაგიდებს უსხედან. შვედეთის მეფე ხელკავით მიაცილებს ნობელის პრემიის ლაურეატ ქალბატონს ან ნობელის პრემიის ფიზიკის ლაურეატის მეუღლეს. პირველს მისი უდიდებულესობის სადღეგრძელოს წარმოთქვამენ, მეორეს კი ნობელის ხსოვნის. შემდეგ მენიუს საიდუმლოს ააშკარავებენ. მენიუ დაბეჭდილია ნობელის ოქროს პროფილით დაღდასმულ ბარათებზე. ვახშმის განმავლობაში სახელოვანი მუსიკოსები უკრავენ. ბანკეტი სრულდება ნაყინით. ნაყინს გვირგვინივით ადგას შოკოლადით გამოძერწილი ლათინური “N”. 22:15 წუთზე შვედეთის მეფის ნიშანზე ყველანი საცეკავაოდ ინაცვლებენ რატუშას ოქროს დარბაზში. 1:30 სტუმრები შინ ბრუნდებიან.
 

 

 

 

2009 წლის ნობელის პრემიების ლაურეატები

 

   ნობელის პრემიების მინიჭება ხდება ალფრედ ნობელის ანდერძის შესაბამისად, რომელიც მან შეადგინა 1895 წლის 27 ნოემბერს. ის ითვალისწინებს თანხების გამოყოფას პრემიების მისანიჭებლად ხუთ დარგში: ფიზიკაში, ქიმიაში, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ლიტერატურასა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. 1900 წელს ამ მიზნით შეიქმნა ნობელის ფონდი – კერძო, დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საწყისი კაპიტალი იყო 31 მილიონი შვედური კრონი. 

   პირველი პრემიები 1901 წლის 10 დეკემბერს გაიცა. 1969 წლიდან შვედეთის ბანკის ინიციატივით პრემია ეკონომიკის დარგშიც დაწესდა (შვედეთის სამეფო აკადემიის მიერ ოფიციალური სახელწოდებით – "ალფრედ ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკის დარგში”). თუმცა იყო წინადადებები პრემიის დარგობრივი მიმართულებების გაზრდისა, რაზეც ნობელის კომიტეტმა და ფონდმა უარი განაცხადეს. პრემია არ შეიძლება გადაეცეს ერთობლივად სამ კაცზე მეტს (გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1968 წელს), შესაძლებელია პრემია გადაეცეს გარდაცვალების შემდეგაც, თუ პრეტენდენტი პრემიის მინიჭების გამოცხადების დროს (ჩვეულებრივ ოქტომბერში) ცოცხალი იყო, მაგრამ გარდაიცვალა იმავე წლის 10 დეკემბრამდე (დადგენილება 1974 წელს მიიღეს). პრემიებს ანიჭებს არა ნობელის ფონდი, არამედ ნობელის სპეციალური კომიტეტი თითოეული მიმართულების მიხედვით. კომიტეტები შედგება ხუთ-ხუთი წევრისგან; ფიზიკის, ქიმიის, ეკონომიკის დარგების კომიტეტების წევრებს არჩევს შვედეთის სამეფო აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – სტოკჰოლმის კაროლინის სამედიცინო-ქირურგიული ინსტიტუტი, მშვიდობის პრემიისას – ნორვეგიის პარლამენტი – სტორტინგი), ხოლო ლიტერატურაში - შვედეთის აკადემია სტოკჰოლმში. კანდიდატურების წამოყენება შეუძლიათ ცალკეულ პირებს და არა დაწესებულებებს (მშვიდობის პრემიის გარდა). ყველა პრემიის მინიჭება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, გარდა მშვიდობის პრემიისა (თუმცა, ნობელის პრემიის მინიჭების ისტორიაში ყოფილა გამონაკლისიც).

   პრემიის პრეტენდენტის წვლილს აფასებს მრავალი ექსპერტი. გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა დარგების მიხედვით სხვადასხვაა. ყოველი წლის 1 თებერვლამდე ხდება წინადადებების წარდგენა, ხოლო ოქტომბერში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება სპეციალურ პრესკონფერენციაზე სტოკჰოლმში. პრემიის გადაცემის ცერემონია ტარდება 10 დეკემბერს კოპენჰაგენსა და ოსლოში. პრემიებს ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ლიტერატურისა და ეკონომიკის დარგებში კოპენჰაგენის საკონცერტო დარბაზში გადასცემს შვედეთის მეფე, ხოლო მშვიდობის პრემიას ოსლოში გადასცემს ნობელის ნორვეგიის კომიტეტის თავმჯდომარე და ამ ცერემონიას ესწრება მეფე და მისი ოჯახი. პრემია გულისხმობს ოქროს მედალს, დიპლომსა და ფულად ანაზღაურებას. ნობელის ლაურეატების მიერ წარდგენილი ლექციები ქვეყნდება სპეციალურ გამოცემაში "ნობელის ლაურეატები”.
   შვედეთის პარლამენტის - რიკსდაგის გადაწყვეტილებით 1946 წელს ნობელის ფონდი განთავისუფლდა გადასახადებისაგან. ფონდის სახსრები ივსება საინვესტიციო საქმიანობის შემოსავლებიდან (აშშ-ში 1953 წელს ფონდის კომერციული საქმიანობა განთავისუფლდა გადასახადებისაგან) და საქველმოქმედო შემოწირულობებისაგან. 1901 წელს პირველი პრემიების თანხამ შეადგინა 150 ათასი შვედური კრონი, ხოლო 2001 წლიდან პრემიები     შეადგენენ 10-10 მილიონ კრონს (დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარს).

 

 

 

 

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია

მიიღეს ოპტიკური ბოჭკოსა და მუხტით კავშირიანი ხელსაწყოს შემქმნელებმა

 

   2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა სამი ფიზიკოსი, რომელთა გამოგონებებმა განაპირობა ჩვენი პლატენტის თანამედროვე ტექნოლოგიური იერსახის ჩამოაყალიბება. 1966 წელს ჩინეთში დაბადებულმა ჩარლზ კაომ ბრიტანეთის ლაბორატორიაში მუშაობისას (ამჟამად უკვე კორპორაცია Nortel Networks) აღმოაჩინა სინათლის დიდ მანძილზე გადაცემის საშუალება, იყენებდა რა ზეწმინდა მინას ოპტიკურბოჭკოვან მასალად. ამგვარად შეძლეს მეცნიერებმა სიგნალის გაგზავნა 100 კმ. მეტ მანძილზე მაშინ,  როცა 1960-იან წლებში ბოჭკოს საშუალებით იგივე მხოლოდ 20 მ-ზე ხორციელდებოდა. კაოს ენთუაზიაზმი იქცა შთაგონების წყაროდ სხვა მკვლევრებისთვის, რათა პრაქტიკულად განეხორციელებიათ მისი ჩანაფიქრი. პირველი ზეწმინდა ბოჭკო წარმატებით აწარმოეს უკვე ოთხი წლის შემდეგ, 1970 წელს. დღეს ოპტიკურბოჭკოვანია: ინტერნეტი, ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია. ყველაფერი ეს ოცნება იქნებოდა გენიალური მეცნიერის ჩარლზ კაოს გარეშე.

   ოპტიკური ბოჭკოს საშუალებით გადაცემული მონაცემების მნიშვნელოვან ნაწილს დღეს წარმოადგენს ციფრული გამოსახულებები. ამიტომ პრემიის მეორე ნახევარი (რაც ამ წელს შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონს ანუ 975 ათას ევროს, მედლებისა და დიპლომის ჩაუთვლელად) სამართლიანად გაიყვეს ნახევარგამტარული ციფრული შუქმგრძნობიარე მატრიცების გამომგონებელმა ამერიკელებმა. 1969 წელს: უილარდ ბიოლმა (Willard S. Boyle) და ჯორჯ სმიტმა (George E. Smith), რომლებიც მუშაობდნენ Bell labs-ში, გამოიგონეს ანალოგური მიკროსქემა ზეშუქმგრძნობიარე ფოტოდიოდებიდან. მუხტით კავშირიანი ეს ხელსაწყო იყენებს ფოტოელექტრულ ეფექტს. ამ შესაძლებლობას ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინი ვარაუდობდა (ამ თეორიისთვის 1921 წელს მიიღო ნობელის პრემია). სინათლე გარდაიქმნება ელექტრულ სიგნალებად, ხოლო გამოსახულების სენსორის დამუშავებისას ამოცანა მდგომარეობს მინიმალურ დროში "სურათის” წერტილების მაქსიმალური რაოდენობის სიგნალების მოკრებასა და ამოცნობაში. მუხტით კავშირიანი ხელსაწყო იქცა რევოლუციად ფოტოგრაფიაში და გახდა შეუცვლელი კვლევათა ყველა სფეროში, დაწყებული მიკროქირურგიით და დამთავრებული ასტრონომიით.

 

 

ნობელის პრემია ქიმიის დარგში

დნმ-ის კვლევებისათვის

 

   2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი მეცნიერი ვენკატრამან რამაკრიშპანი, ამერიკელი თომას სტეიცი და ისრაელელი ადა იონატი. პრემია მინიჭებულ იქნა რიბოსომის სტრუქტურის შესწავლისათვის, რომელიც ინფორმაციას კითხულობს დნმ-დან და ახდენს ცილების სინთეზირებას.

   კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამივე მონაწილე თანაბრად გაიყოფს ფულადი ანაზღაურების ერთ მესამდეს.

რიბოსომა წარმოადგენს ცოცხალი უჯრედის უმნიშვნელოვანეს ელემენტს. რიბოსომა არის სფერული ან ოდნავ ელიპსური ფორმის მიკროსხეული, რომლის დიამეტრია 100-200 ანგსტრემი და რომელიც შედგება დიდი და პატარა სუბერთეულისგან. რიბოსომები აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოცემული მატრიცით ამინომჟავებიდან ცილის ბიოსინთეზისათვის, წარმოდგენილი მატრიცული რნმ ან რნმ სახით. ამ პროცესს ეწოდება ტრანსლაცია.

   ერთი მხრივ, რიბოსომის ფუნქციონირების თავისებურებების გაგება მნიშვნელოვანია სიცოცხლის ფენომენის მეცნიერულ-ფილოსოფიური გააზრებისათვის; მეორე მხრივ კი, რიბოსომის აგებულების შესახებ ინფორმაცია ახლა უკვე უშუალოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული პრაქტიკაში – მრავალი ახალი თაობის ანტიბიოტიკი მოქმედებს ისე, რომ ბლოკავს ბაქტერიული რიბოსომების ფუნქციებს, რაც იწვევს დაავადების გამომწვევი ორგანიზმის სიკვდილს.

   გასულ წელს ქიმიის დარგში მწვანე ფლუორესცენციული პროტეინების აღმოჩენისა და შემდგომი დამუშავებისათვის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები: ოსამუ სინომურა (ვუდსხულის და მასაჩუსეტსის ზღვის ბიოლოგიის ლაბორატორია) და როჯერ ცინი (კალიფორნიის უნივერსიტეტი).

 

 

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

 

   ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2009 წელს მიენიჭათ ელიზაბეტ ბლეკბერნს, ქეროლ გრეიდერს და ჯეკ შოსტაკს "იმ აღმოჩენისთვის, თუ როგორ იცავს ქრომოსომებს ტელომერი და ტელომერაზის ფერმენტი” ("for the discovery of how chromosomes are protected by telomeres and the enzyme telomerase”). ქრომოსომების დამოკლებისგან დაცვის მექანიზმი მათი ყოველი გაყოფისას 1971 წელს პირველად იწანასწარმეტყველა ალექსეი ოლოვნიკოვმა. შემდგომში მისი თეორიული მიგნებები პრაქტიკულად დამტკიცდა ექსპეტიმენტატორების მიერ, რომელთაც ნობელის ეს პრემია მიენიჭათ. ტელომერები ასრულებენ განსაზღვრულ როლს უჯრედებისა და მთელი ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებში, ასევე ავთვისებიანი დაავადებების განვითარებაში. ტელომერის ტელომერაზის ფერმენტის დაგრძელების Mმუშაობის პრინციპისა და დინამიკის შესწავლა საშუალებას მისცემს მკვლევრებს მოძებნონ ახალი გზები დაბერების და კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

 

ნობელის პრემია ეკონომიკაში

პირველად მიიღო ქალმა

 

   2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში გახდნენ ამერიკელი მკვლევრები: ელინორ ოსტრომი და ოლივერ უილიამსი.

ელინორ ოსტრომი მოღვაწეობს ინდიანას შტატის ბლუმინგტონის უნივერსიტეტში, ხოლო ოლივერ უილიამსი – კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ეკონომიკური მართვის ანალიზში. კომიტეტის განცხადებაში მითითებულია, რომ მაღალი ჯილდო მათ დაიმსახურეს "არასაბაზრო ეკონომიკური ტრანსაქციების ანალიზისთვის”.

   საერთოდ "შვედეთის ბანკის ალფრედ ნობელის სახელობის” პრემია წმინდა იურიდიული გაგებით ნობელის პრემია არ არის. იგი, როგორც აღვნიშნეთ, 41 წლის წინ შემოიღეს შვედეთის ბანკის 300 წლისთავთან დაკავშირებით. პირველად ეს პრემია მიენიჭათ 1969 წ. ჰოლანდიელ იან ტინბერგენსა და ნორვეგიელ რაგნარ ფრიშს ეკონომიკური პროცესების ანალიზის მათემატიკური მეთოდების შემუშავებისათვის.

   ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის უდავო ლიდერობა ეკუთვნით აშშ-ის წარმომადგენლებს: 62 ლაურეატიდან 44 ამერიკელია, თანაც ყველა მამაკაცი, ასე რომ ელეონორ ოსტრომი პირველი ქალია ამ პრემიის ისტორიაში.

 

 

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში

 

    გერმანელი მწერალი ქალი ჰერტა მიულერი გახდა 2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში: "პოეზიის სილამაზისათვის და იმ პატიოსნებისთვის პროზაში, რომლითაც ის დაჩაგრულთა ცხოვრებას აღწერს", _ ნათქვამია ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებაში. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ისტორიაში ჰერტა მიულერი მე-12 ქალია; სხვადასხვა წლებში მას მიღებული აქვს ასევე ჰაინრიხ კლაისტის, ფრანც კაფკასა და იოსეფ ბროიტბახის პრემიები. გერმანელთა შორის მისი წინამორბედი (1999 წ.) ნობელის პრემიის ლაურეატი იყო გიუნთერ გრასი.

ჰერტა მიულერი დაიბადა რუმინეთში, დაამთავრა ტიმიშოარას უნივერსიტეტი. თავისი პირველი რომანი "Niederungen” ("დაბლობები”) გამოსცა 1982 წელს გერმანულ ენაზე. ხუთი წლის შემდეგ მეუღლესთან მწერალ რიხარდ ვაგნერთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა გფრ-ში. მისი, როგორც ახალი ლაურატის, სახელი ცნობილი გახდა 2009 წლის 8 ოქტომბერს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ნობელის კომიტეტის ახალმა მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა. პრემიის თანხამ შეადგინა 10 მილიონი შვედური კრონი (970 ათასი ევრო).

   ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გაიცემა 1901 წლიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ჯილდო არ გაიცა შვიდჯერ: 1914, 1918, 1935, 1940, 1941, 1942 და 1943 წელს. ოთხჯერ კი იყო შემთხვევა, როცა პრემია ერთდროულად მიენიჭა ორ ლაურეატს, და ეს ბოლოს 1974 წელს მოხდა.


ნობელის პრემია მყარი დისკის ტექნოლოგიისათვის

 

   ბევრი ელექტრონული მოწყობილობის, რომელთა შორისაა პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ფოტოაპარატები, თამაშის პულტები, ციფრული ჩამწერები, mp3 პლეერები და სხვ., ფუნქციონირება სუპერმაგნიტორეზისტულობის ეფექტის შედეგია. ამ აღმოჩენას, რომელიც დამოუკიდებლად გააკეთეს იულიჰის კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა პეტერ გრიუნებერგმა და პარიზი-სუიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ალბერტ ფერტის ხელმძღვანელობით, წილად ხვდა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.

   სუპერმაგნიტორეზისტულობის ეფექტი 1988 წელს აღმოაჩინეს. მის საფუძველზე შექმნილი ტექნოლოგია უმცირესი მაგნიტური ველების დეტექტირების საშუალებას იძლევა. ამიერიდან შესაძლებელი გახდა მყარი დისკის მეხსიერების ტევადობის გაუმჯობესება უფრო მცირე ზომის დამაგნიტებული არეების გამოყენების გზით. ამ აღმოჩენიდან ათი წლის მერე დაიწყო ამ ეფექტის კომერციული გამოყენება, რის შედეგადაც ჰარდ დრაივის თითოეულ კვადრატულ დიუიმში შენახული მონაცემების რაოდენობა გაიზარდა. ამ აღმოჩენის წყალობით ორმოცდაათჯერ მოიმატა ჩვეულებრივი კომპიუტერების მყარი დისკის ტევადობამ. 1997 წლის 10 გიგაბაიტიდან მყარი დისკის მოცულობა სადღეისოდ 100 და 500 გიგაბაიტამდეა შეცვლილი. ამ აღმოჩენით დაიწყო ისეთი პოპულარული მობილური მოწყობილობების ერა, როგორიცაა ნოუთპედები, mp3 პლეერები და iPod-ები, რომლებმაც შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას ამ აღმოჩენის კომერციულ ღირებულებაზე.

   ამ გამოგონებამ ორივე მეცნიერს მრავალი ჯილდო და პრიზი მოუტანა, თუმცა თავისი გამოგონების სრული კომერციული ექსპლუატაცია მხოლოდ ერთმა შეძლო. ეს იყო პეტერ გრიუნებერგი, რომელმაც 1989 წელს გამოგონებაზე საპატენტო დაცვა მიიღო.

 

 

 

 


tag: