ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაცია

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონი (შემდგომში - კანონი) ძალაში შესულია 1999 წლის 1-ლი ნოემბრიდან,  მაგრამ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მისი რეალური ამოქმედება დაიწყო 2004 წლიდან, როდესაც  "საქპატენტმა" წარადგინა განაცხადები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო) ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების - "ხვანჭკარა", "ქინძმარაული", "მუკუზანი", "ახაშენი", "გურჯაანი", "წინანდალი", "ბორჯომი" და "ნაბეღლავი" - საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით "ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ" ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე.

ადგილწარმოშობის დასახელებათა დადგენა და მათი გამოყენების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც ღვინისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მწარმოებელი ქვეყნისათვის. იგი აუცილებელი წინაპირობაა ჩვენს ქვეყანაში ელიტარული, მაღალი ხარისხისა და ღირებულების პროდუქციის წარმოებისა და მისი არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვისათვის. გარდა ამისა, ეს კანონი ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა, მოსახლეობის დასაქმებასა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტას.

კანონის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი, გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის ფაქტორით, ამასთან, ამ პროდუქციის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

წარმოშობის ადგილის სახელწოდებით საქონლის მონიშვნის ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იღებს. ეს აიხსნება მეწარმის ბუნებრივი სურვილით მიანიშნოს საქონლის იმ განსაკუთრებულ თვისებებსა და ხარისხზე, რაც სწორედ ამ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის სპეციფიკურობით არის განპირობებული. თავის მხრივ, საქონლის მაღალი ხარისხისა და რეპუტაციის გამო ცნობილი სახელები ფალსიფიკატორების სამიზნედ იქცევა და დაცვის მექანიზმის არარსებობის პირობებში ქმნის მათი უკონტროლო გამოყენების შესაძლებლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

სწორედ ამგვარი ფალსიფიცირების მოზღვავებამ აიძულა საფრანგეთი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში მიეღო სპეციალური კანონები ადგილწარმოშობის დასახელების შესახებ ღვინისა და სპირტიანი სასმელებისათვის და შეექმნა მათი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რაც მოგვიანებით ევროგაერთიანებაში ანალოგიური სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქონლის  ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა "საქპატენტში” უნდა წარადგინოს სათანადო მასალები, რომლებიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საქონლის განსაკუთრებული ხარისხისა და თვისებების შესახებ, მისი ნიშან-თვისებების გეოგრაფიულ ადგილთან კავშირის შესახებ, შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის ზუსტ საზღვრებსა და აღწერას, აგრეთვე წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას (ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში). ამასთან, აღნიშნული მონაცემები შესწავლილი, შემოწმებული და დამოწმებული უნდა იყოს  შესაბამისი სამინისტროს მიერ.

დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოში და ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული ქართული ადგილწარმოშობის დასახელების  შესახებ იხილეთ შესაბამის ბმულებზე.

ბმული 1 საქპატენტის მიერ რეგისტრირებული დასახელებები

ბმული 2 – "ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ" ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე რეგისტრირებული ქართული დასახელებები და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის ნომრები