საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტი" მცენარის ახალ ჯიშზე განაცხადის წარდგენის წესი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტი" მცენარის ახალ ჯიშზე განაცხადის წარდგენისა და განხილვის წესი (შემდგომში – "განაცხადის წარდგენის წესი") შემუშავებულია საქართველოს კანონის "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ" (შემდგომში – "ჯიშთა დაცვის კანონი") საფუძველზე.
მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის წარდგენა, სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის, ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტში" (შემდგომში "საქპატენტი").
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ., I შესახვევი, # 6, 0179, თბილისი, საქართველო.
თავი I
განაცხადი და მისი გაფორმება
მუხლი 1
განაცხადი
1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას;
გ) მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას.
2. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
3. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
4. თუ განაცხადში აღწერილი მცენარის ახალი ჯიში წარდგენილი იყო კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადს დაურთოს პირველი განაცხადის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი.
5. თუ განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონი" მუხლი 16, პუნქტი 3 და 5, მუხლი 19, მუხლი 31.
მუხლი 2
განცხადების გაფორმება
1. განცხადება უნდა იყოს გაფორმებული საქპატენტის მიერ დადგენილი ბლანკის სახით.
2. განცხადებაში აღინიშნება:
ა) სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
გ) სელექციონერის წერილობითი ვალდებულება, მიაწოდოს ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ პირს მცენარის ჯიშის გასამრავლებელი ნიმუში დადგენილ ვადაში და დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ; დ) თარიღი, როდესაც ჯიშის სათესლე მასალა ან მცენარეული მასალა ჯიშის
გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს, სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
3. უცხოური მცენარის ჯიშის დასახელება იწერება განმცხადებლის ენაზე ქართული ტრანსკრიპციით. ყველა ფორმა ივსება ბეჭდურად. ბოტანიკური ცნებები იწერება ლათინური შრიფტით, ბეჭდურად.
მუხლი 3
ფოტომასალა განაცხადს უნდა ჰქონდეს თანდართული მცენარის ახალი ჯიშის დამოწმებული შავ-თეთრი ან ფერადი ფოტო გამოსახულება ზომით 9X12 სმ ან 13X18 სმ. ორ ეგზემპლარად, თეთრ ფონზე მასშტაბიან სახაზავთან ერთად ან ყვავილების ფერადი დიაპოზიტივი 24X36მმ. კოკორი, ყვავილი – ზედხედში, გვერდხედში, ქვედა მხრიდან; ყვავილედი, მცენარის რეპროდუქტიული ნაწილების (თავთავები, ტარო, საგველა, თესლი, ნაყოფი, კენკრა, ბოლქვი, ძირხვენა და სხვა) და სამეურნეოდ განვითარების ფაზაში ნორმალურად განვითარებული მცენარე; მრავალწლიანი ხე- მცენარეებისათვის მთლიანი ხე ან ბუჩქი და მისი ცალკეული ნაწილი (ერთწლიანი ნერგი, მსხმოიარე ორგანოები, რტო, ფოთოლი, მტევანი და სხვა).
მუხლი 4
მცენარის ჯიშის აღწერილობა
მუხლი 5
მცენარის ახალი ჯიშის დასახელება
1.განაცხადში მცენარის ახალი ჯიშის დასახელება შეთავაზებულ უნდა იქნეს სელექციონერის მიერ.
2.მცენარის ჯიში აღნიშნული უნდა იყოს დასახელებით, რომელიც შემდგომ ამ ჯიშის გვარეობითი დასახელება იქნება და შესაძლებელს გახდის მის ადვილად ამოცნობას. იგი უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ბოტანიკური სახეობის სხვა მცენარის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და არ უნდა შეურაწყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა გამოიწვიოს მცენარის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევა.
3.თუ დასახელება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ან, თუ მესამე პირის უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ჯიში გამოყენებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს ახალი დასახელება.
4.ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოში დაცულ ჯიშს გასაყიდად სთავაზობს ან ყიდის საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია გამოიყენოს მცენარის ამ ჯიშის დასახელება ამ ჯიშზე სელექციონერის უფლების ამოწურვის შემდეგაც კი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც, მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად, უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ასეთ გამოყენებას.
5.თუ მცენარის ჯიში გასაყიდად არის შეთავაზებული ან იყიდება, ნებადართულია ჯიშის რეგისტრირებული დასახელების დაკავშირება სასაქონლო ნიშანთან, საფირმო სახელწოდებასთან ან სხვა მსგავს აღნიშვნასთან, იმ პირობით, რომ ჯიშის დასახელება ადვილად ამოცნობადი იქნება.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" მე-19 მუხლი.
თავი II
განაცხადის წარდგენა
მუხლი 6
განაცხადის წარდგენა
1. სელექციონერი ან მისი უფლებამონაცვლე განაცხადს მცენარის ახალი ჯიშის
რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნით, წარადგენს "საქპატენტში" პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" მუხლი 15.
2.განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა ნებისმიერ სხვა ენაზე. საგანაცხადო მასალის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მისი ქართული თარგმანი.
მუხლი 7
სხვა ქვეყანაში ადრე შეტანილი განაცხადის "საქპატენტში" წარდგენა
1.თუ მცენარის ჯიშზე განაცხადი "საქპატენტში" შეტანამდე წარდგენილი იყო "კავშირის" წევრ რომელიმე ქვეყანაში და სელექციონერს სურს ისარგებლოს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი პრიორიტეტით, იგი ვალდებულია "საქპატენტში" განაცხადი წარადგინოს ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანაში ადრე შეტანილი განაცხადის შეტანიდან 12 თვის განმავლობაში.
2."საქპატენტში" შეტანილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღი. სელექციონერი ვალდებულია განაცხადის "საქპატენტში" შეტანის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო შეტანილი განაცხადი და მისი ქართული თარგმანი.
3.სელექციონერს უფლება აქვს, 2 წლის განმალვობაში, პრიორიტეტის ვადის ამოწურვის დღიდან, ან თუ პირველი განაცხადი უარყოფილია ან უკან გამოთხოვილია, ამგვარი უარყოფის ან გამოთხოვის დღიდან, განაცხადის ექსპერტიზის მიზნებისათვის "საქპატენტს" წარუდგინოს ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, საბუთი ან მასალა.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" მუხლი 21, პ. 2,3,4.
მუხლი 8
განაცხადის შეტანა
განცხადება, მცენარის ჯიშის აღწერილობა "საქპატენტში" შეტანილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად. განაცხადზე თანდართული საბუთები შეტანილი უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად.
1.განაცხადი "საქპატენტში" შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები:
ა) განცხადება; ბ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა
თავი III
მცენარის ახალი ჯიშის ექსპერტიზა და გამოქვეყნება
მუხლი 9
ზოგადი დებულებანი
1.მცენარის ახალ ჯიშზე განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის საფუძველზე "საქპატენტს" გამოაქვს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის თაობაზე.
2."საქპატენტი" ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რაც
მოიცავს საგანაცხადო მასალების სისრულის, გაფორმების შემოწმებას, განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების ჩათვლით.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" 22-ე მუხლი.
მუხლი 10
მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1."საქპატენტი" განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს შეტანის დღიდან 2 დღის ვადაში.
2.განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.
3.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-16 და 21-ე მუხლის მოთხოვნებს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მსვლელობისას "საქპატენტს" შეუძლია მოითხოვოს სელექციონერისაგან ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისი მასალების წარდგენა. სელექციონერი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი ან წარადგინოს შესაბამისი მასალა შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
4.თუ სელექციონერი შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ სელექციონერი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება, ხოლო მასალები დაუბრუნდება სელექციონერს.
5.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს მცენარის ახალი ჯიშის განაცხადზე საქმის წარმოება წყდება. საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" 23-ე მუხლი.
6.თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, განაცხადს ენიჭება ნომერი დადგენილი წესით, განმცხადებელს ეგზავნება განცხადების ერთი ეგზემპლარი, ექსპერტის მიერ შევსებული სარეგისტრაციო მონაცემებით
მუხლი 11
გამოქვეყნება
"საქპატენტი" მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში და იღებს გადაწყვეტილებას მცენარის ჯიშის გამოცდისათვის გადაცემის შესახებ.
ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ;
ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი;
გ) მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
დ) მცენარის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება, ხოლო აღწერილობა გამოიფინება საჯაროდ გასაცნობად.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" 24-ე მუხლი.
მუხლი 12
გასაჩივრების პროცედურა
1.მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს უფლება აქვს "საქპატენტს" წარუდგინოს წერილობითი შედავება:
ა) თუ მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) თუ მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ახალი ჯიშის შეფასებისთვის; გ) თუ აღწერილობაში მოტანილი მონაცემები გაყალბებულია;
დ) თუ განაცხადში აღწერილ მცენარის ახალ ჯიშზე მოთხოვნილი პრიორიტეტი სხვა ქვეყანაში ამ მცენარის ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველმოკლებულია.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" 25-ე მუხლი.
2.განმცხადებლის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
3.განმცხადებელს მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
4.სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანიდან 3 თვის ვადაში.
5.სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 13
მცენარის ახალი ჯიშის გამოცდა
1.მცენარის ახალი ჯიშის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და განაცხადის მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ, მცენარის ახალი ჯიშის ნიმუში ორი კვირის ვადაში გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ პირს გამოცდის ჩასატარებლად.
2.მცენარის ახალი ჯიშის გამოცდა ტარდება განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე შემოწმების გზით.
3.სელექციონერს უფლება აქვს მოითხოვოს მცენარის ახალი ჯიშის განაცხადის განხილვის პროცედურული ვადების გაგრძელება ან მის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში ამ ვადების აღდგენა დადგენილი წესით.
4.სელექციონერს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
5.საქართველოში ჩატარებული მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის შედეგები ფორმდება ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული პირის მიერ, რომელიც 1 თვის ვადაში გადაეცემა "საქპატენტს".
6.მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს მცენარის ჯიშის დახასიათებას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს "საქპატენტს". გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები წარმოადგენს განმცხადებლის კომერციულ საიდუმლოებას და მისი სხვა პირისათვის გადაცემა, “საქპატენტთან” და განმცხადებელთან შეუთანხმებლად, ითვლება დარღვევად და იწვევს საქართველში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" მუხლები 27, 28.
თავი IV
მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
მუხლი 14
მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია
1.მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში "საქპატენტს" გამოაქვს გადაწყვეტილება მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის თაობაზე. მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, დახასიათება და სხვა მონაცემები “საქპატენტს” შეაქვს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და გასცემს მოწმობას, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების მფლობელის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2.მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება:
ა) მცენარის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის დასახელება;
გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება;
დ) სელექციონერის სახელი და მისამართი;
ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
3.მცენარის ახალ ჯიშზე გაცემული მოწმობის ფორმას ადგენს "საქპატენტი".
4.“საქპატენტის” მიერ ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება: მცენარის ახალი ჯიშის გვარი და სახეობა, მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება, სელექციონერის სახელი და მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
5.ნებისმიერ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით გაეცნოს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრს.
საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" 29-ე მუხლი.
მუხლი 15
სხვა ქვეყანაში დაცული მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია
1.თუ “საქპატენტში” წარდგენილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც დაცულია კავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში, ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ გაცემული სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთების დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება "საქპატენტს" განაცხადთან ერთად, ან განაცხადის წარდგენის დღიდან 2თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
2.თუ “საქპატენტში” წარდგენილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელზეც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირის მიერ უკვე ჩატარებულია გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე და გაცემულია დადებითი დასკვნა, ამ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესთან, დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
3.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ყურადღება ექცევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელების ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის გარკვევას.
4. თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული განაცხადები აკმაყოფილებენ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, “საქპატენტი” იღებს დადებით გადაწყვეტილებას მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ, მონაცემები შეაქვს მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში, გასცემს მოწმობას და რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში. საფუძველი: "ჯიშთა დაცვის კანონის" მუხლი 30.
მუხლი 16
სალიცენზიო ხელშეკრულება
1.მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების სხვა პირზე გადაცემის სალიცენზიო ხელშეკრულების "საქპატენტში" რეგისტრირება დასაშვებია სელექციონერის (ლიცენზიარის) მოთხოვნით.
2.სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
3.ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება შემდეგი მონაცემები:
ა) მცენარის ახალი ჯიშის შესახებ;
ბ) ჯიშის გამოყენების სახეები;
გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
დ) ტერიტორიას, სადაც იქნება გამოყენებული მოცემული ჯიში;
ე) ანაზღაურების ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის წესს და ვადას და სხვა შეთანხმებულ მონაცემს.