საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქპატენტი განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება განისაზღვრა, რაც აისახა ქვეყნის კონსტიტუციასა და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. ნიშანდობლივია ის, რომ საქართველომ 1992 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის პირველმა შექმნა და აამოქმედა ეროვნული საპატენტო სამსახური ,,საქპატენტი", რომელიც შემდგომ გარდაიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრად. დროთა განმავლობაში საქპატენტში მთლიანად იქნა კონსოლიდირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა ძირითადი სფერო: სამრეწველო საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები.
დაარსების დღიდან საქპატენტის უშუალო მონაწილეობით მომზადდა და ამოქმედდა 30-მდე კანონი, კანონქვემდებარე აქტი და მთელი რიგი სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს. მოქმედი კანონმდებლობა სრულ თანხმობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან – პასუხობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედი TRIPS-ის შეთანხმების მოთხოვნებს და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც ასევე იქცა საქპატენტის მთავარ პრიორიტეტად. დღეისათვის საქართველო მიერთებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა ძირითად კონვენციასა და შეთანხმებას და არის მრავალი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე. გარდა ამისა, საქართველო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ფორუმების მუშაობაში და არის რიგი მნიშვნელოვანი წინადადებების ინიციატორი.
საქპატენტის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო საქართველოსათვის სტრატეგიული პროდუქტების - ღვინისა და მინერალური წყლების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა უცხოეთის ქვეყნებში. ამ მიზნით საქართველო შეუერთდა ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის ლისაბონის შეთანხმებას, დაიწყო ორმხრივი მოლაპარაკებები გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ დსთ-ს ქვეყნებსა და ევროკავშირთან. ამ დროისათვის უკვე ძალაშია ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. გარდა ამისა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები უკვე დარეგისტრირებული და დაცულია დსთ-ს რიგ ქვეყნებში.
საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე საქპატენტი წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ტრეინინგებს თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ხშირად, ამგვარი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის საპატენტო უწყებისა და პარტნიორი ქვეყნების საპატენტო უწყებების ხელშეწყობით.
საქპატენტის სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა კონფერენციისა და სემინარის მუშაობაში, ტრეინინგებზე აემაღლებინათ კვალიფიკაცია. ბოლო წლებში ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისმო-ს მსოფლიო აკადემიის დისტანციური სწავლების სისტემას და სხვადასხვა საერთაშორისო უწყების მიერ ორგანიზებულ კურსებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
საქპატენტი პერიოდულად ატარებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სემინარებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობენ მეცნიერების, ბიზნესისა და სამართალდამცავი სფეროს წარმომადგენლები. საგულისხმოა ასევე საქპატენტის საგამომცემლო საქმიანობა. გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა – წიგნები, ბროშურები, სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა. უწყების თანამშრომლები აწვდიან მრავალმხრივ საკონსულტაციო მომსახურებას განმცხადებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. საქპატენტის თანამშრომლებს ხშირად იწვევენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ლექციების წასაკითხად.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქპატენტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან. განვლილი წლების განმავლობაში საქპატენტი ჩამოყალიბდა ქვეყნის საპატენტო-საინფორმაციო ცენტრად. მის ბიბლიოთეკაში თავმოყრილია როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტაციის მდიდარი კოლექცია. ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია საქპატენტის მჭიდრო თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან საპატენტო ინფორმაციის გაცვლის საქმეში.
დღეს საქპატენტში ფუნქციონირებს მძლავრი ლოკალური ავტომატიზებული ქსელი, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მონაცემთა ბაზები, რომლებსაც ადრე მხოლოდ საქპატენტის ექსპერტები იყენებდნენ საინფორმაციო-საძიებო სამუშაოების დროს, უკვე ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომია გარე მომხმარებლებისათვისაც. ამჟამად საქპატენტში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ამოქმედებულია ელექტრონული ფაილინგის ახალი სისტემა და ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტის მონაცემთა ბაზა, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ბიზნეს პროცესების მართვას ორგანიზაციის შიგნით, და ამასთან განმცხადებლებისთვის უზრუნველყოფს განაცხადების (მაგ. სასაქონლო ნიშნებზე, პატენტებსა თუ დიზაინზე) შემოტანის მოსახერხებელ ონლაინ საშუალებას.
საქპატენტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მომხმარებლებსა და განმცხადებლებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მიეწოდოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება. ცხადია, ეს ამოცანა მიიღწევა უწყების პერსონალის საქმისადმი თავდადებისა და დაუღალავი შრომის მეშვეობით, ამ პროცესში კი განსაკუთრებით ნიშანდობლივია საქპატენტის მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და იურისტების წვლილი.