პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის ობიექტს წარმოადგენს:
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, ელექტრონული სქემები და ა.შ.);
- ნივთიერება (ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები და ა.შ.);
- ბიოლოგიური მასალა (მიკროორგანიზმების შტამი, მცენარეთა და ცხოველთა ასოციაციები, უჯრედების კულტურები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.).
- ტექნიკის არსებული დონიდან ცნობილი პროდუქტის ახალი დანიშნულებით გამოყენება
პატენტი იცავს ისეთ გამოგონებას/სასარგებლო მოდელს, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს (პატენტუნარიანობის კრიტერიუმები). ეს კრიტერიუმებია: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.
1. სიახლე
გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით გამოგონების პრიორიტეტის თარიღამდე
2. საგამომგონებლო დონე;
გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან;
3. სამრეწველო გამოყენებადობა. გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, და სხვა სფეროებში.
პატენტს აუქმებს საქპატენტი:
- პატენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
- პატენტის მფლობელის მიერ პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. პატენტის მფლობელს შეუძლია პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხადოს მომდევნო წლით პატნეტის ძალის შენარჩუნების საფასური, რაც გაუქმებული პატენტის აღდგენას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია გაუქმებული პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი გადაიხდის პატენტის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.
- გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე.
პატენტს ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ:
- პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;
- პატენტი არ აღწერს გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს, ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
- პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც ამ კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა;
- პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც გამოგონებად არ მიიჩნევა;
- პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომელსაც დაუდგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველადი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
- თუ პატენტის მფლობელს არ ჰქონდა უფლება პატენტზე