საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება №10
2024 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის (21/09/2023,3493-XIIIმს-Xმპ) 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია დანართი 1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისა და საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შესახებ განაცხადის მატერიალური ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 01 ნოემბრიდან.
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე
დანართი 1
ინსტრუქცია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის
რეგისტრაციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია აწესრიგებს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის, მათ შორის, უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, მისი ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების წესს, გადაწყვეტილების გასაჩივრების, განხილვის ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის, განაცხადის მასალების გამოქვეყნების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილად ცნობის, აგრეთვე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი გაზეთი – პერიოდული ბეჭდური გამოცემა, რომელიც არანაკლებ თვეში ერთხელ მუდმივი სახელწოდებით გამოდის და მოიცავს იმ მიკროზონის ფარგლებს, რომელიც განსაზღვრულია განცხადებული ან/და რეგისტრირებული დასახელების სპეციფიკაციაში;
ბ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი;
გ) მთავრობის დადგენილება – „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილება;
დ) ელექტრონული სისტემა – საქპატენტის ელექტრონული სისტემა – https://online.sakpatenti.gov.ge/;
ე) ვებგვერდი – საქპატენტის ოფიციალური ვებგვერდი – www.sakpatenti.gov.ge;
ვ) კანონი – საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3493-XIIIმს-Xმპ, 21/09/2023);
ზ) კომისია – კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია;
თ) საქპატენტი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ − ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო.
2. ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში გამოყენებულ ტერმინებს.
თავი II
განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი
მუხლი 3. განაცხადის წარდგენა და გაფორმება
1. განაცხადის წარდგენა საქპატენტში შესაძლებელია მატერიალური ფორმით, საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმით, ასევე, ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით.
3. განაცხადის ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე.
4. განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილ საფასურებზე ვრცელდება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათი.
5. განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელება. ასეთ შემთხვევაში განაცხადზე აღარ გავრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შეღავათი.
6. განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შეღავათი.
7. დამატებითი ინფორმირების მიზნით განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.
8. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას.
9. მატერიალური განაცხადის გრაფების შევსების წესი:
ა) განაცხადის პირველ გრაფაში ივსება:
ა.ა) მოთხოვნა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის/საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შესახებ;
ა.ბ) განმცხადებლის სრული სახელი/სახელწოდება და მისამართი/იურიდიული მისამართი;
ა.გ) თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – მისი გვარი, სახელი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სრული საფოსტო მისამართი და ინდექსი, იმ ქვეყნის სახელი, რომლის მოქალაქეცაა ან სადაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მოქმედი საწარმო;
ა.დ) თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მისი სამართლებრივი ფორმა, სრული სახელწოდება, ქვეყანა (სადაც რეგისტრირებულია იურიდიული პირი), სრული საფოსტო მისამართი და ინდექსი, ასევე საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ე) თუ განმცხადებელი გაერთიანებაა – მისი სამართლებრივი ფორმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სრული სახელწოდება, ქვეყანა/რეგიონი/მიკროზონა, სადაც ახორციელებს საქმიანობას, სრული საფოსტო მისამართი და ინდექსი, ასევე საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განაცხადის მე-2 გრაფაში მიეთითება წარმომადგენლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი თუ წარმომადგენელი იურიდიული პირია – სრული სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სრული საფოსტო მისამართი და ინდექსი, ასევე, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) განაცხადის მე-3 გრაფაში ივსება კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და იურიდიული მისამართი;
დ) განაცხადის მე-4 გრაფაში იწერება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის რეგისტრაცია ან სპეციფიკაციის ცვლილებაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, მისი ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა;
ე) მატერიალური განაცხადის მე-5 გრაფაში ივსება იმ საქონლის კატეგორია, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია/სპეციფიკაციის ცვლილება;
ვ) მატერიალური განაცხადის მე-6 გრაფაში „X“ სიმბოლოთი მოინიშნება განაცხადის შეტანისას თანმხლები დოკუმენტის შესაბამისი უჯრა და მიეთითება თითოეული დოკუმენტის ეგზემპლარისა და თითოეულ ეგზემპლარში ფურცლების რაოდენობა.
10. მატერიალური განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის, ან წარმომადგენლის მიერ და დათარიღებული ხელმოწერის დღით. მატერიალური განაცხადის ბოლოს გარკვევით უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი საქპატენტში შეტანილად არ ჩაითვლება.
11. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესები ასევე ვრცელდება განაცხადის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენისას.
მუხლი 4. განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტები
1. განაცხადს უნდა ერთოდეს:
ა) კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქონლის სპეციფიკაცია;
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან თვისებები შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ფაქტორით ან/და ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული;
გ) კონტროლის გეგმა, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების პირობების კონტროლი;
დ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას, თუ განმცხადებელი უცხოელია;
ე) კანონის მე-5 მუხლის „მ“ პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი დოკუმენტი;
ვ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა, თუ საქპატენტში განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება, თუ განაცხადი ეხება უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომელიც საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცულია, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ასევე სხვა დამატებითი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთოდეს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
მუხლი 5. წარმომადგენლის დანიშვნა
1. განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადის წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდეგ დანიშნოს წარმომადგენელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლობა უნდა დასტურდებოდეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით – მინდობილობით, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს/სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ფიზიკური პირის შემთხვევაში – მარწმუნებლისა და რწმუნებულის პირად ნომერს, იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს;
გ) მინდობილობის შედგენის თარიღს და ადგილს;
დ) მარწმუნებლის ხელმოწერას.
3. იმ შემთხვევაში, თუ მინდობილობაში არ არის მითითებული მოქმედების ვადა, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
4. მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი. საქართველოს ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ორგანიზაციის სახელით მინდობილობის გაცემის შემთხვევაში, ის გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.
5. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია, საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა დოკუმენტი. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტს ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის და ეს არ შეიძლება გახდეს საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თავი III
განაცხადის ექსპერტიზა
მუხლი 6. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ექსპერტიზა
1. საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას კანონის მე-5 მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება ერთთვიანი ვადა. განმცხადებელს უფლება აქვს ამ ვადაში მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაგრძელება არაუმეტეს 15 დღით.
3. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საქპატენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
5. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას.
6. თუ საქპატენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის საფუძვლები, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ.
7. თუ საქპატენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიიჩნევს, რომ არსებობს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის საფუძვლები, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 7. უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის განაცხადის ექსპერტიზა
1. საქართველოში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი განაცხადით უნდა დასტურდებოდეს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობა.
2. უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დასახელების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 8. საქპატენტის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების განაცხადის ექსპერტიზა
1. განმცხადებლის ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს კანონის მე-5 მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად.
2. საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან.
3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება ერთთვიანი ვადა. განმცხადებელს უფლება აქვს ამ ვადაში მოითხოვოს ხარვეზის ვადის გაგრძელება არაუმეტეს 15 დღით.
4. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საქპატენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
6. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას.
7. თუ საქპატენტი ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის საფუძვლები, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ.
8. თუ საქპატენტი ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიიჩნევს, რომ არსებობს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9. დაინტერესებული პირის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, საქპატენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების დასრულებიდან 5 დღის ვადაში განმცხადებელს უგზავნის წარმოდგენილ განაცხადსა და თანდართულ მასალებს.
10. განმცხადებელი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრება საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი არსებითი ცვლილების შესახებ საქპატენტს წარუდგინოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
11. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ ვადაში მოსაზრების წარმოუდგენლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვას.
მუხლი 9. საქპატენტის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების განაცხადის განხილვა
1. განმცხადებელს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საქპატენტს წარუდგინოს საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი.
2. საქპატენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამოწმებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.
3. დაინტერესებული პირის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების დასრულებიდან 5 დღის ვადაში საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და თანდართულ მასალებს.
4. განმცხადებელი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრება საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი არაარსებითი ცვლილების შესახებ საქპატენტს წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში მოსაზრების წარმოუდგენლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვას.
6. საქპატენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 10. აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება
1. დაინტერესებული პირის მიერ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების მიზნით, განაცხადი წარედგინება საქპატენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისა და საქონლის კატეგორიის შესახებ და უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ:
ა) დადგენილია საქონლის ნედლეულის წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრები;
ბ) საქონლის ნედლეულის წარმოებისთვის დადგენილია სპეციალური პირობები;
გ) ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, ტრადიციულად, კონკრეტულ ადგილას გამოიყენებოდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საქონლის ნედლეული გულისხმობს ცოცხალ ცხოველს, რძესა და ხორცს.
4. საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება ერთთვიანი ვადა. განმცხადებელს უფლება აქვს ამ ვადაში მოითხოვოს ხარვეზის ვადის გაგრძელება არაუმეტეს 15 დღით.
6. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საქპატენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
8. აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დასახელება, საქონლის კატეგორია, საქონლის ნედლეულის წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრები და საქონლის ნედლეულის წარმოებისთვის დადგენილი სპეციალური პირობები.
9. ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმაცია ბიულეტენში ქვეყნდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 11. განაცხადის განხილვის ვადის შეჩერება
1. განმცხადებელს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს განაცხადის განხილვის ვადის შეჩერება ერთი თვით. განაცხადის განხილვის შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
2. განაცხადის განხილვის ვადის დინება გაგრძელდება განაცხადის განხილვის ვადის შეჩერების ამოწურვისთანავე ან განაცხადის განხილვის ვადის შეჩერების პერიოდში განმცხადებლის მიერ განხილვის ვადის დინების გაგრძელების შესახებ განცხადების წარმოდგენისთანავე.
3. განაცხადის განხილვის ვადის შეჩერების, გაგრძელებისა და განახლების შესახებ გამოიცემა ბრძანება.
მუხლი 12. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა
1. განაცხადზე განმცხადებლის მოთხოვნით ან ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში საქმისწარმოების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში საქპატენტს სხვა განმცხადებლის მიერ წარედგინება იდენტური განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ, ამ განაცხადზე საქმისწარმოება შეჩერდება ადრინდელი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის შემთხვევაში, საქპატენტი გამოსცემს ბრძანებას საქმისწარმოების აღდგენის შესახებ განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 13. საქპატენტის ექსპერტიზის შედეგები
საქპატენტის მიერ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განაცხადზე საქმისწარმოება გაგრძელდება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 14. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. განმცხადებელი უფლებამოსილია კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიღებული განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში ან 3 თვის ვადაში საქპატენტის სააპელაციო პალატაში.
2. კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში.
3. საქპატენტის მიერ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში.
4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად − სასამართლოს ან საქპატენტის სააპელაციო პალატას, თუ სახეზეა კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ –
„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
5. საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
თავი IV
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანა, ინფორმაციის გამოქვეყნება, რეესტრში მონაცემების ცვლილება, რეესტრიდან ამონაწერის გაცემა
მუხლი 15. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანა
1. კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება განაცხადის მასალების გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ.
2. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის მასალების გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური გადაიხადოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განაცხადის მასალების გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში საქპატენტი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემებს შეიტანს რეესტრში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განაცხადის მასალების გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე შეწყდება საქმისწარმოება, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქპატენტის მიერ რეესტრში შეიტანება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) საქმის ნომერი;
ბ) განაცხადის შეტანის თარიღი;
გ) განმცხადებლის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
დ) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;ე) უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა;
ვ) უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) საქონლის კატეგორია, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
თ) უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, საერთაშორისო საქონლის კატეგორია (არსებობის შემთხვევაში);
ი) კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს სრული სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და იურიდიული მისამართი (არსებობის შემთხვევაში);
კ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სპეციფიკაცია;
ლ) სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეცვლილი მონაცემები.
მუხლი 16. განაცხადის მასალების გამოქვეყნება
1. კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-11 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის ან სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტის მიერ ბიულეტენში, ვებგვერდზე და ერთ ადგილობრივ გაზეთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქვეყნდება:
ა) საქონლის სპეციფიკაცია;
ბ) საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში – საქონლის სპეციფიკაცია შეცვლილი სახით.
2. უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭების შესახებ საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა;
ბ) საქონლის კატეგორია;
გ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).
3. კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აღნიშვნის ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა;
ბ) საქონლის კატეგორია;
გ) აღნიშვნის აღიარების ნომერი.
მუხლი 17. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაციის რეესტრში შეტანა და გამოქვეყნება
რეესტრში შეიტანება და ბიულეტენში ქვეყნდება ინფორმაცია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 18. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული/დასაცავი ადგილწარმოშობის დასახელებებისა ან/და გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრში შეტანა და გამოქვეყნება
საქპატენტის მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული/დასაცავი ადგილწარმოშობის დასახელებები ან/და გეოგრაფიული აღნიშვნები რეესტრში შეიტანება, ბიულეტენში და ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 19. რეესტრში ცვლილების შეტანა
1. თუ რეესტრის მონაცემებში ცვლილება შეიტანება უფლებამოსილი პირის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, განცხადება საქპატენტს უნდა წარედგინოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
2. თუ განცხადებას არ ერთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 10- დღიანი ვადა.
3. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში საქპატენტი შეიტანს შესაბამის ცვლილებას რეესტრში.
მუხლი 20. რეესტრის საჯაროობა
რეესტრი საჯაროა. რეესტრის მონაცემები განთავსებულია საქპატენტის ვებგვერდზე.
მუხლი 21. ამონაწერი რეესტრიდან
1. საქპატენტი, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, გასცემს რეესტრიდან ამონაწერს. განცხადება საქპატენტს უნდა წარედგინოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
2. თუ განცხადებას არ ერთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 10- დღიანი ვადა.
3. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამონაწერი გაიცემა საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში ელექტრონული ფორმით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში – მატერიალური ფორმით.
5. რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) რეგისტრაციის ნომერს;
ბ) განაცხადის შეტანის თარიღს;
გ) რეგისტრაციის/აღიარების თარიღს;
დ) განმცხადებლის სახელს და გვარს/სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;
ე) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას. უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში – ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებულ ფორმას;
ვ) უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში – ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერს (არსებობის შემთხვევაში);
ზ) საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;
თ) უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში – საერთაშორისო საქონლის კატეგორიას (არსებობის შემთხვევაში);
ი) კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს სრულ სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო ნომერსა და იურიდიულ მისამართს (არსებობის შემთხვევაში);
კ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სპეციფიკაციას, ხოლო სპეციფიკაციის ცვლილების შემთხვევაში – სპეციფიკაციას შეცვლილი მონაცემებით.
თავი V
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება
და ბათილად ცნობა
მუხლი 22. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება
1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. საქპატენტის ინიციატივით ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა.
3. დაინტერესებული პირის მოთხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე უნდა ერთოდეს შესაბამისი დასაბუთება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში, კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იქმნება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია. კომისიის მიერ საკითხი განიხილება კანონითა და ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 23. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 24. გარდამავალი დებულებები
1. 2024 წლის 1 ნოემბრამდე ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადებზე საქმისწარმოება დასრულდეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3493-XIIIმს-Xმპ, 21/09/2023) სრულ ამოქმედებამდე არსებული წესით.
2. იმ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კანონთან შესაბამისობა, რომლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საქპატენტს და, შესაბამისად, რეგისტრაცია განხორციელდა კანონის ამოქმედების შემდეგ ან რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის მიერ კანონის ამოქმედებამდე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს 2031 წლის 1 იანვრამდე, რისთვისაც განაცხადი საქპატენტს უნდა წარედგინოს და განხილულ იქნეს კანონის მე-7 მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის კანონთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება 2031 წლის 1 იანვრამდე, ეს ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეტანილი იქნება რეესტრში, როგორც აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განაცხადი საქპატენტს უნდა წარედგინოს და განხილულ იქნეს ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით დადგენილი წესით. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენისას მხედველობაში არ მიიღება ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.