საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება №9
2024 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულების“ დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის (21/09/2023,3493-XIIIმს-Xმპ) 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული „ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულება“ (დანართი 1).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან.
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე
დანართი №1
ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი
ეროვნული კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულება (შემდგომ − დებულება) აწესრიგებს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის (შემდგომ − კომისია) საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კომისიის შექმნისა და შემადგენლობის, კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების, ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის განხილვის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესებსა და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის, დარგობრივი სპეციალისტის მოწვევისა და მისი ანაზღაურების საკითხს.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი), ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში გამოყენებულ ტერმინებს.
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის პრინციპები
კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, დამოუკიდებლობისა და კოლეგიურობის პრინციპებით.
მუხლი 3. კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია:
ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების, ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის საკითხების განხილვა და განხილვის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ბ) საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანის თაობაზე განაცხადის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 4. კომისიის შექმნა და შემადგენლობა
1. კომისია იქმნება სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვადებში. ამავე აქტით განისაზღვრება კომისიის მდივანი.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქპატენტის თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარე; ბ) დარგობრივი სამინისტროს ერთი წარმომადგენელი;
გ) საქპატენტის ერთი წარმომადგენელი;
დ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მუნიციპალიტეტის მერიის ერთი წარმომადგენელი;
ე) ერთი მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი.
3. საქპატენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომისიის წევრის კანდიდატის წარმოდგენის შესახებ წერილობით მოთხოვნას უგზავნის დარგობრივ სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს – მუნიციპალიტეტის მერიას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომისიის წევრის კანდიდატის წარმოდგენის თაობაზე დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა საქპატენტის მიერ იგზავნება შესაბამის ორგანიზაციაში ან დარგობრივ სამინისტროში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული წერილობითი მოთხოვნა იგზავნება:
ა) საქპატენტის მიერ განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიის ფორმირების შემთხვევაში;
ბ) საქპატენტის ინიციატივიდან ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიის ფორმირების შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დარგობრივი სამინისტროები / ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქპატენტს წარუდგინონ კომისიის წევრის/დარგობრივი სპეციალისტის კანდიდატურა შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 5. მოწვეული დარგობრივი სპეციალისტის ანაზღაურების საკითხი
მოწვეული დარგობრივი სპეციალისტის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება მასთან დადებული ხელშეკრულებით. მოწვეული დარგობრივი სპეციალისტის მომსახურების ხარჯები გაწეული იქნება საქპატენტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 6. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიის სხდომებს იწვევს და უძღვება კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა. კომისიის სხდომა შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრა ღიაა. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარ. დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნებათ კომისიის წევრებს.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა შესაძლებელია მატერიალურად ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, ყველა წევრის მიერ ერთიანი ფორმატის დაცვით. ოქმში შეიტანება ინფორმაცია კომისიის სხდომის დღის წესრიგის, დამსწრეთა ვინაობის, განხილული საკითხებისა და, ასევე, გამოთქმული მოსაზრებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
6. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, განსხვავებული აზრი კი დაერთვის კომისიის ოქმს. განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კომისიის ოქმს.
7. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საქპატენტის მიერ გაიცემა კომისიის სხდომის ოქმი მოთხოვნის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტი.
9. კომისიის სხდომის მდივნის კანდიდატურას საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს თანამშრომლებისაგან განსაზღვრავს და საქპატენტის თავმჯდომარეს წარუდგენს სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი.
10. კომისიის სხდომის მდივანი:
ა) კოორდინაციას უწევს კომისიის მუშაობას;
ბ) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მომზადებასა და ჩატარებას;
გ) ამზადებს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
დ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ე) ახორციელებს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის კომისიის წევრებთან გაგზავნას;
ვ) კომისიის სახელით გამოითხოვს კომისიის მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციას;
ზ) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. კომისიის წევრის აცილება
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას აღნიშნული გარემოების თაობაზე და განაცხადოს თვითაცილება. კომისიის აღნიშნული წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას საკითხის განხილვაში.
2. თუ კომისიის წევრმა არ განაცხადა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თვითაცილება და კომისიისთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის თაობაზე, კომისია ვალდებულია განიხილოს აცილების საკითხი.
3. დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კომისიის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის წევრს წერილობით განუცხადოს აცილება. განცხადება აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა მხარემ აცილების განცხადება უნდა წარუდგინოს კომისიას მისი შექმნიდან ან იმ მომენტიდან არაუმეტეს 2 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.
5. კომისიის წევრის აცილებისა და თვითაცილების საკითხს წყვეტს კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე გარემოების საფუძველზე კომისიის წევრის აცილების შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს/ორგანიზაციებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კომისიის წევრის ადგილმონაცვლის წარდგენა არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.
7. კომისიის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით აცილების/თვითაცილების საკითხის განხილვისას ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დენა ჩერდება, კომისიის მიერ კომისიის წევრის აცილებაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან კომისიის წევრის ადგილმონაცვლის წარმოდგენამდე.
მუხლი 8. კომისიის მიერ განაცხადების განხილვა
1. ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით კომისიის ფორმირებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, კომისიის მდივანი განსახილველ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ საქმისწარმოების მასალებს სრულად, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით უგზავნის კომისიის წევრებს. კომისიის პირველი სხდომის თარიღის შესახებ კომისიის წევრებს ეცნობებათ მის გამართვამდე 7 სამუშაო დღით ადრე.
2. კომისია 6 თვის განმავლობაში ამოწმებს საქონლის სპეციფიკაციის კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3. კომისია უფლებამოსილია განაცხადის განხილვის ფარგლებში განმცხადებელს მოსთხოვოს განაცხადის განხილვისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა ან/და წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისიის მიერ განმცხადებელს განესაზღვრება გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები. აღნიშნული ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის მიერ განაცხადი განიხილება თავდაპირველად წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კომისიისთვის წარდგენამდე ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტებამდე განაცხადის განხილვის ვადა შეჩერებულად ითვლება.
6. კომისია უფლებამოსილია განმცხადებელი მოიწვიოს კომისიის სხდომაზე. ელექტრონული განაცხადის შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე იგზავნება ელექტრონული შეტყობინება საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მატერიალური განაცხადის შემთხვევაში, შეტყობინება კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე იგზავნება მატერიალურად, განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
7. კომისია უფლებამოსილია კომისიის სხდომაზე მოიწვიოს დაინტერესებული მხარე საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მომართვის საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმცხადებლის ან/და დაინტერესებული მხარის სხდომაზე მოწვევის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და განმცხადებლის ან/და დაინტერესებული მხარის გამოცხადების/გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმში. განმცხადებლის ან/და დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელ გარემოებას.
9. კომისიამ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მასალებთან დაკავშირებით მოსაზრებისათვის შეიძლება მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას.
10. ამ დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით კომისია ამოწმებს საქონლის სპეციფიკაციის კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
11. ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით კომისია ამოწმებს წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისობას კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
12. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები/მოთხოვნები აისახება კომისიის სხდომის ოქმში და განმცხადებელთან/დაინტერესებულ მხარეებთან იგზავნება კომისიის მდივნის მიერ ელექტრონული ფორმით.
მუხლი 9. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის მიერ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების შედეგები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;
დ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ე) საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
ვ) საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიიღება, თუ დასტურდება საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შეუსაბამობა.
4. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თუ კომისიის წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი, ხელმოწერის დროს გადაწყვეტილებაზე კეთდება შესაბამისი მითითება.
მუხლი 10. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.